ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მაღალჩინოსნები უახლესი საქართველოს ისტორიაში

ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა მაღალჩინოსნები უახლესი საქართველოს ისტორიაში

საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში შეცვლის, 31 წლის არის. ალექსანდრე ჭიკაიძე კი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაიბარებს, სულ - 28 წლის.

აქამდე, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ნიკა გილაური იყო. იგი ამ თანამდებობაზე, 2009 წელს, 34 წლის ასაკში დაინიშნა. ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრი კი ირაკლი ოქრუაშვილი. 2004 წლის ივნისში, ოქრუაშვილი 30 წლის იყო, როცა მინისტრი გახდა.

მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე, გამოუცდელი ახალგაზრდების დაწინაურების ცალკეული შემთხვევები, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროსაც იყო, თუმცა მასიურად ასეთ ფაქტებს, უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჰქონდა ადგილი.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნისას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სამიზნე "ნაციონალური მოძრაობის" ზედმეტად ახალგაზრდული "საკადრო პოლიტიკაც" იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დანიშვნები - "ნათესაური" ან "ერთგულების" ნიშნით მაინც გრძელდება.

"მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ყოველთვის ეყრდნობა ერთგულ ადამიანებს. ეს არის ძალაუფლების ბუნებრივი ინსტიქტი და ეს არ არის ახალი. "ჩვენი მარჯვენა ხელი მოქმედებს ისე როგორც მარცხენა", ეს "მარჯვენა" და "მარცხენა" არის ადამიანების ერთობლიობა, რომელიც ერთ გუნდს ქმნიან.

პოლიტიკური იდენტობა და თანაგანცდა, რომ "ეს შენიანია", ეს ავადმყოფობა ძალიან ბევრ შემთხვევაში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებასაც სჭირს.

ამიტომ არის, რომ "ერთგული ადამიანების" ძებნა, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ძალაუფლების გამყარების ინსტიქტთან - რაც შეიძლება ვაკონტროლოთ "ჩვენ" და ვინმე "უცხო" არ იყოს. ეს ხდება აქაც, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" "ნაციონალების" საკადრო პოლიტიკის კრიტიკის ტალღაზე მოსული ხელისუფლებაა. მათ მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდათ, რომ ეპოვათ ადამიანები, ვინც პროფესიონალური ნიშნით წარმართავდნენ თავიანთ საქმიანობას."

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად დღემდე მიხეილ ჭკუასელი რჩება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ 26 წლის ჭკუასელი ფინანსთა მინისტრად 1997 წელს დანიშნა, სადაც მან მხოლოდ წელიწადნახევარი "გაძლო".

შედარებით წარმატებული გამოდგა, შევარდნაძის მიერ, 1998 წელს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 29 წლის ირაკლი მანაგაძის დანიშვნა. იგი ამ თანამდებობაზე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2005 წლის მარტამდე დარჩა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში ასაკით ყველაზე პატარა - ბაკურ კვეზერელი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი კვეზერელი 27 წლის ასაკში გახდა.

28 წლის ასაკში ჩაიბარეს: დავით კეზერაშვილმა - თავდაცვის, ვერა ქობალიამ - ეკონომიკის და ბაჩო ახალაიამ - ასევე თავდაცვის სამინისტროები;

29 წლის ასაკში, დაინიშნა თბილისის მერად გიგი უგულავა, რომელმაც მანამდე უშიშროების მინისტრის მოადგილეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობაც მოასწრო.

30 წლის ასაკში მინისტრები გახდნენ: ირაკლი ოქრუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროსი (მანამდე გუბერნატორი და გენერალური პროკურორი იყო - ზ.წ), ეკა ტყეშლაშვილი - იუსტიციის სამინისტროსი, ალექსი ალექსიშვილი - ფინანსთა სამინისტროსი, ხათუნა კალმახელიძე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი და ლადო ვარძელაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი.

2008 წელს, 31 წლის ასაკში გახდა, იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია (მანამდე დეპუტატი და გენპროკურორის მოადგილე იყო - ზ.წ), შემდეგ მან განათლების მინისტრად გადაინაცვალა, თუმცა 2009 წელს გადადგა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. დღეს იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორია.

კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე ამბობს:

"საბოლოოდ მაინც ეს არის ინსტიტუცია, რომელშიც გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალური მზაობის, ცოდნის დაგროვების გარეშე, შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მიმაჩნია, რომ ასეთ მაღალ თანანმდებობზე საჯარო სამსახურში, ადამიანი 35-40 წლამდე არ უნდა ინიშნებოდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის."

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი - 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ნოემბრის ბოლოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრად მოგვევლინება.

კარიბის ზღვის აუზში მდებარე დომინიკის პრემიერი, 31 წლის ასაკში გახდა რუზველტ სკერიტი. ასევე 31 წლისამ დაიკავა მონტენეგროს პრემიერის პოსტი იგო ლუკშიჩმა, თუმცა 2012 წლის ბოლოს მან თანამდებობა დატოვა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკები:

მიხეილ ჭკუასელი (ფინანსთა მინისტრი 1997-98) დაინიშა 26 წლის და 7 თვის

ბაკურ კვეზერელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი 2008-11) 27 წლის, 4 თვის

დავით კეზერაშვილი (თავდაცვის მინისტრი 2006-08) 28 წლის და 2 თვის

ალექსანდრე ჭიკაიძე (შსს მინისტრი 2013-) 28 წლის და 6 თვის

ბაჩო ახალაია (შსს მინისტრი 2009-11) 28 წლის და 9 თვის

ვერა ქობალია (ეკონომიკის მინისტრი 2010-12) 28 წლის და 10 თვის

ირაკლი მანაგაძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998-2005) 29 წლის 8 თვის

გიორგი ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2009-დღემდე) 29 წლის 2 თვის

გიგი უგულავა (თბილისის მერი 2005-დღემდე) 29 წლის და 11 თვის

ვლადიმერ ვარძელაშვილი (სპორტის მინისტრი 2010-12) 30 წლის და 2 თვის

ირაკლი ღარიბაშვილი (შსს მინისტრი 2012-13) 30 წლის და 4 თვის

ეკა ტყეშელაშვილი (იუსტიციის მინისტრი 2007-08) 30 წლის და 4 თვის

ალექსი ალექსიშვილი - (ეკონომიკის მინისტრი 2004-05) 30 წლის და 5 თვის

ირაკლი ოქრუაშვილი (შსს მინისტრი 2004) 30 წლის და 11 თვის

ხათუნა კალმახელიძე (სასჯელაღსრულების სამინისტრო 2009-12) 30 წლის 11 თვის

ნიკა გვარამია (იუსტიციის მინისტრი 2008) 31 წლის და 6 თვის

წყარო: ამერიკის ხმა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა