რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

29-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის, ლალი ნოზაძის ვაჟი, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამაზ ნოზაძემ განუცხადა, უგულავა და ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მას მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გახდა. თუმცა, პირადად გიგი უგულავასგან ანგარიშსწორება დაიწყო საქართველოში Deep Purple-ის კონცერტის შემდეგ. კერძოდ, რამაზ ნოზაძის თქმით, Deep Purple-ის კონცერტზე მან გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ნახა, რომელიც კონცერტს ესწრებოდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"გიგი უგულავა იყო მოსული მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მე ჩემი ქართული პროტესტი გამოვთქვი და მივმართე - საქართველო თავზე გენგრევათ და რა გეკონცერტებათ თქო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე პირადი ანგარიშსწორება და სამიზნედ აირჩიეს ჩემთვის ყველაზე წმინდა, დედაჩემი", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

მისი თქმით, ლალი ნოზაძეს აბრალებენ 8 კილო ხახვისა და 8 კილო ვაშლის ზედმეტობას, რის საფუძველზეც მაქსიმუმ უნდა დაეწერათ შენიშვნა, თუმცა იგი, ნოზაძის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველზე გაათავისუფლეს.

რამაზ ნოზაძე აცხადებს, რომ ამას ასე არ დატოვებს და სანამ ლალი ნოზაძეს აღნიშნულ ბრალდებას არ გაუბათილებენ, მანამდე იბრძოლებს. ამასთან, სპორტსმენი აცხადებს, რომ იგი ესაუბრა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მმართველ რამაზ სულამანიძეს, რომელმაც უთხრა, რომ გიგი უგულავას პირადი დავალება იყო ლალი ნოზაძის 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორობიდან განთავისუფლება.

"რამაზ სულამანიძემ ჩემთან პირად საუბარში თქვა, რომ მას შეეძლო შენიშვნის დაწერა ამ ზედმეტი პროდუქციის აღმოჩენის პირობებში, თუმცა თქვა, რომ გიგი უგულავა დღეში რამდენჯერმე ურეკავს ლალი ნოზაძის გათავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

29-ე ბაგა-ბაღთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები გაფიცულები არიან და ლალი ნოზაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა