"ალიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, როგორ აშანტაჟებს ციხეში ვანო მერაბიშვილი ბაჩანა ახალაიას. ახალაია იძულებული გახდა, დაჰყვეს ვანო მერაბიშვილის ნებას და მის ხელში მარიონეტად იქცეს. ვიდრე მათი დაპირისპირებების მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რა კომპრომატი აქვს მერაბიშვილს ახალაიას წინააღმდეგ.
წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს აქვს ჩანაწერი, როგორ გეგმავდა ახალაია სახელმწიფო გადატრიალებას 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე... ახლა კი გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ: 2012 წლის 4 ივლისს, ბაჩანა ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თუმცა 2012 წლის 19 სექტემბერს, ცნობილი ციხის სკანდალური კადრების შემდეგ, მას პოსტი დაატოვებინეს. ბაჩანა ახალაიას კლანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ციხის სკანდალური კადრები სწორედ ვანო მერაბიშვილის დახმარებით აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ხელში, კერძოდ, დასახელდა მისი მოადგილე მესხელი.
მერაბიშვილისა და ახალაიების კლანური დაპირისპირება გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, თუმცა ეს არ იყო ღია ომი. დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მეუღლის - თაკო სალაყაიას მეგობრობაც სწორედ ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ გახდა ცნობილი. მათ ხშირად აფიქსირებდნენ ერთად, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე არავინ საუბრობდა, ვიდრე პარიზიდან ირაკლი ოქრუაშვილმა მერაბიშვილს არ შემოუთვალა, - ხალხის თვალთვალს თუ მიყურადებას გირჩევნია, შენი ცოლი გააკონტროლო, პარიზის სასტუმროში დათა ახალაიასთან ერთად რას აკეთებსო. ვანო მერაბიშვილი ემოციას არ აჰყვა, თუმცა შურისძიება სხვა სიბრტყეში გადაიტანა.
ფაქტი ერთია, სააკაშვილის სისხლიანი იმპერია სწორედაც რომ ციხის სკანდალური კადრებით დასრულდა. სწორედ ეს კადრები აღმოჩნდა მათი ღია დაპირისპირების საფუძველი, ბაჩო ახალაიასა და მის გარემოცვას იმავე საღამოს მოუწყვია ხმაურიანი გარჩევა. სააკაშვილს ბოლო ხმაზე უყვიროდნენ, ვანო მერაბიშვილმა დაგვღუპა და არ გავახარებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლება "ოცნების" ხელში არ ჩავარდესო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბაჩანა ახალაიას მართლაც დაუგეგმავს სახელმწიფო გადატრიალების სპეცოპერაცია. წყაროს თქმით, ის აპირებდა შავნაბადას "სპეცნაზზე" თავდასხმას და მის განეიტრალებას. ეს გეგმა შეთანხმებული ყოფილა სააკაშვილთან, მერაბიშვილის გვერდის ავლით. თავდაცვის სამინისტროში მობილიზაცია ყოფილა გამოცხადებული. ახალაიების კლანი სახელმწიფო გადატრიალების გეგმას აუცილებლად მიიყვანდა ფინალამდე, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, - თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გეგმის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს მიაწოდა. ახალაიას გეგმის მიხედვით, პარალელურად უნდა მომხდარიყო ირაკლი ალასანიაზე თავდასხმა. როგორც ჩანს, ქვეყანაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით. სწორედ ამ მოტივით რიჩარდ ნორლანდი ინფორმაციის მიღებიდან მეორე დღესვე ზუგდიდში ჩავიდა და ალასანიას გვერდით დადგა. ეს ინფორმაცია ირაკლი ალასანიამ "ალიასთან" ინტერვიუშიც დაადასტურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მას უთხრა, - ვიცი შენთვის მოულოდნელია ჩემი აქ ჩამოსვლა, მაგრამ მე მაქვს ამის სერიოზული მიზეზი, იგეგმება ლიკვიდაცია და თუკი შენ გვერდით დავდგები, ვერ მოახერხებენ ზუგდიდში ვითარების არევას და პრობლემების შექმნასო.
ახალაიას გეგმის ნაწილი ყოფილა ხაშურის საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმელების შევარდნაც. როგორც კი ვანო მერაბიშვილისთვის გახდა ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, მას ბრძანება გაუცია ახალაიების დაკავების შესახებ და მათ გასანეიტრალებლად სპეცრაზმელებიც გაუშვია. რეალურად მოხდებოდა ახალაიების დაკავება, მაგრამ ბრძანება სააკაშვილის მითითებით გააუქმეს. სამაგიეროდ, მერაბიშვილს დარჩა კომპრომატი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ის ჩანაწერები, როგორ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს რაციით დათა ახალაია, მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია, როგორ გასცემდნენ ბრძანებებს, როგორ ემზადებოდნენ ხელისუფლების დასამხობად და როგორ უკეთებდნენ მობილიზებას თავდაცვის სამინისტროს.
ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებამ კი პიკს მაშინ მიაღწია, როცა ახალმა ხელისუფლებამ ბაჩო ახალაია დააკავა. სანდო წყაროზე დაყრდნობით "ალია" წერდა, როგორ მიუვარდა როლანდ ახალაია ვანო მერაბიშვილს, როგორ აშანტაჟებდა, ლანძღავდა და აგინებდა, - ჩემი შვილი, შენ გამო მოხვდა ციხეშიო. ახალაიების მამა პრეზიდენტ სააკაშვილთანაც მივიდა და ულტიმატუმი წაუყენა, - ან გამოიხსნით ჩემს შვილს, ან დავტოვებ "ნაცმოძრაობას" და პრობლემებს შეგიქმნითო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მართლაც დაეტოვებინა პროტესტის ნიშნად "ნაცმოძრაობა" და მაჟორიტართა ფრაქციას შეერთებოდა. ეს ინფორმაცია მაშინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც არ უარყო. მაშინ სააკაშვილი როლანდ ახალაიას შეჰპირდა, არ დაეტოვებინა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობა", თავი შეეკავებინათ კომპრომატების გამომზეურებისგან და მის შვილს აუცილებლად შეიწყალებდა.
ხელისუფლებამ 2013 წლის მაისში ახალაიას მერაბიშვილიც მიუსვა, თუმცა მათ შორის ომი არ განელებულა. ბაჩანა საკნიდან მერაბიშვილს უთვლიდა, - მაინც არ გაგახარებ და გაგანადგურებ, შენი ბრალია ჩვენი ხელისუფლების მარცხი და ის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდითო. ვანომაც კომპრომატით "მოუჯოკრა" და ბაჩანა გააჩუმა, - თუ არ გინდა სამუდამოდ ციხე ხეხო, როგორც სახელმწიფო გადამტრიალებელი, გონს მოდი, თორემ სიცოცხლეს ციხეში დაასრულებო.
და მაინც, რას საუბრობდა ბაჩანა ახალაია ვანო მერაბიშვილზე მის გარემოცვაში? ახალაია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთის დავალებით მოქმედებდა, მიხეილ სააკაშვილისა და ახალაიების წინააღმდეგ. მერაბიშვილი არჩევნებამდე სთავაზობდა სააკაშვილს აფეთქების ინსცენირებას, თუმცა ახალაიებმა სააკაშვილი გადაარჩინეს, მათ აუხსნეს, რომ მერაბიშვილი რეალურად გაანადგურებდა სააკაშვილს, თვითონ დარჩებოდა ლიდერი, ყველას გასწირავდა და ამით, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდა. ახალაიები ეჭვობენ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია და ციხის კადრები გააკეთა ვანო მერაბიშვილმა იმიტომ, რომ ახალაიები, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე გაეწირა და ისინი თვლიან, რომ "ნაციონალებს" სურთ განტევების ვაცად გამოიყენონ ბაჩანა და გაწირონ. ეს გეგმა კი ვანო მერაბიშვილისგან მოდის. წყაროს თქმით, ბაჩო ახალაია აგრეთვე თვლის, რომ ვანო მერაბიშვილს ახალ უმრავლესობასთან კუდები აქვს გაბმული. ახალაიები მიიჩნევენ, თუ ახლა ვერ დაამარცხებენ ვანო მერაბიშვილს, მაშინ მათ საქართველოს დატოვება მოუწევთ. თავის მხრივ კი, ვანო მერაბიშვილს აქვს ეჭვი, რომ ახალაიები ხელისუფლებასთან არიან გასული კონტაქტზე და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებენ. რით დასრულდება "ნაციონალების" ომი ციხეში, ამას დრო გვიჩვენებს.
ნინო სამხარაძე