მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება. სანამ მოქმედი პრეზიდენტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სოციალური ქსელის აუდიტორიას მიღწეული წარმატებებით კიდევ ერთხელ ახსენებს თავს, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, რომელიც არასდროს ერიდებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ღია კრიტიკას, ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, წლების წინ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ დადებულ პირობას ახსენებს.
"როდესაც მან განაცხადა, რომ მე, ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირობებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენ, ეს იყო ომის გამოცხადება, თუ საზოგადოების საშინლად მოტყუება?" - სვამს კითხვას მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა საქართველოს გაერთიანების პირობა დავით აღმაშენებლის საფლავზე ჯერ კიდევ წლების წინ, პირველ საპრეზიდენტო ვადაში დადო. რაც შეეხება ზაზა ხუციშვილს, ის მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არა მხოლოდ საჯარო გამოსვლებისას, არამედ მუსიკაშიც გამოხატავდა; მუსიკოსმა 2012 წელს გამოსცა საპროტესტო ალბომი სახელწოდებით "მიშა, მშია!"