ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი, მრავალი დაუვიწყარი სიმღერის ავტორი, საკუთარ და სხვების ტექსტებზე წერდა მუსიკას. იმ სიმღერებს მასავით ვერავინ მღეროდა. გაბზარული ხმა, ყველასაგან განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა ჰქონდა და ყოველთვის უამრავი მოსწავლე ჰყავდა. ფილარმონიაში პირველი სოლოკონცერტის დროს თავადაც იმღერა, მისმა ვაჟიშვილებმაც და მოსწავლეებმაც. შენობასთან მილიციის კორდონი იდგა. იმ კონცერტზე მოხვედრა თავად ოთარსაც გაუჭირდა. არ უშვებდნენ, ბილეთი არ გაქვსო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ ოთარ რამიშვილი იყო და თავად უნდა ემღერა. არ უჯერებდნენ, შენ რა უნდა იმღერო, ძლივს ხლიჩინებო. ძლივს დაარწმუნა, რომ სწორედ მის გამო იყო ფილარმონიის წინ უამრავი ხალხი შეკრებილი...

მაყურებელთა ინტერესი დიდი იყო, ამიტომ კონცერტი რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო. მაშინ ოთარს უთქვამს, ერთი კვირა ნამდვილად გავუძლებ, მერე დავიღლები და გულით ვეღარ ვიმღერებ, უგულოდ სიმღერა კი მე არ შემიძლიაო.... ალბათ, იმიტომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, რომ ოთარ რამიშვილი ყოველთვის გულით მღეროდა...

ბავშვობა და გატაცება

მამა, მიხეილი, პროფესიით ეკონომისტი იყო. დედა - მარიამი, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. და, ნელი, გერმანული ენის სპეციალისტი გახდა. ოჯახში ყველა მღეროდა. სიმღერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა, მას ტენორი ჰქონია და განსაკუთრებით კარგად რომანსებს ასრულებდა.

''ანკარა ხმა მქონდა, მაგრამ... პატარა რომ ვიყავი, ჩვენს სოფელში, ზემო ფარცხმაში ვიყავი ბებია-ბაბუასთან. ძმაკაცის ბაბუა ჭაჭის არაყს ხდიდა, პატარა ბიჭებმა ცხელი არაყი ვსვით. მარტო ის მახსოვს, სველ ზეწრებში რომ გაგვახვიეს, მერე გონება დავკარგე და ჩემი ხმაც იმ დღემ შეიწირა'', - ნახევრად ხუმრობით იგონებდა ოთარ რამიშვილი ბავშვობის ერთ ეპიზოდს...

მუსიკის შექმნა პირველად საკმაოდ მცირე ასაკში სცადა. ''ბულბულის სტვენა'' , ''მითხარ, რად ხარ მოწყენილი'' და სხვა შემდეგში ცნობილი სიმღერებიც 10 წლიდან მოყოლებული იქმნებოდა. თვითნასწავლი მუსიკოსი იყო და გიტარაზე დაკვრაც თავად ისწავლა.

მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და ზოოპარკში დადიოდა. მისი დიდი გატაცება თევზაობა გახლდათ. საკუთარი ხელით ქსოვდა ბადეებს. ბადით თუ ანკესით თევზაობდა ვერეზე, ხრამზე, არაგვზე, კუს ტბაზე... ხშირად ამბობდა, თევზაობაზე დიდი აზარტი არ არსებობსო. ერთხელ ალაზანზე ითევზავა და ბევრი ლოქო დაიჭირა.

''ნადავლი'' მანქანის საბარგულში ჩააწყო. საჭეს რომ მიუჯდა, თავზე მილიციელი წამოადგა და საბარგულის გახსნა მოსთხოვა. თევზი რომ დახვდა, დააკავეს და სიღნაღში კამერაში გამოკეტეს. ცოტა ხანში კამერის კარი მილიციის უფროსმა შეაღო. მან ოთარი იცნო, მეტიც, მეგობრები ყოფილან. გაბრაზებულა და ვინც დააკავა, იმას გასძახა, ამაზე მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეო? მალე მილიციის უფროსმა იქვე, ეზოში სუფრა გააშლევინა და ''დასჯილი'' მილიციონერი რამდენიმე საათი ფეხზე დამდგარი უვსებდა ჭიქას თევზის დაჭერისთვის დაკავებულ კანონდამრღვევს...

ვაკე და საბურთალო

თბილისში, ვაკეში ცხოვრობდნენ, კავსაძის ქუჩაზე. ოთარ რამიშვილს ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. იკრიბებოდნენ მასთანაც და თავიანთ ოჯახებშიც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველაზე კარგად, ალბათ, მას მეგობრები, ოჯახის წევრები და მეუღლე, გულნაზ კაცაძე იცნობდა. მათ 44 წელი იცხოვრეს ერთად, აქედან 40 წელი - კავსაძეზე. როცა შეუღლდნენ, მაშინ ოთარს პირველი ქორწინებიდან რვა წლის ზურიკო ჰყავდა. მას და გულნაზს კიდევ ორი ბიჭი შეეძინათ - მიშიკო და ლევანი.

საბურთალოზე რომ დასახლდნენ, ოთარი უკვე ავადმყოფობდა. იმ დროს მომღერლის გვერდით მეუღლე იდგა, ახლა კი ქალი მესამე წელია მარტოა. შინ რომ ვეწვიეთ, ერთი ოთახის კედლები ოთარ რამიშვილის ფოტოებით, აფიშებითა და სიგელებით დაგვხვდა სავსე. დიასახლისი იქვე ინახავს ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს, რომლებიც მისი მეუღლის ლექსებით არის სავსე.

ოთარ რამიშვილს ლექსების ხუთი კრებული ჰქონდა გამოცემული. გადავფურცლე და ყდის შიგნითა მხარეს, გაკრული ხელით ნაწერ წარწერებს წავაწყდი: ''ოთარ რამიშვილს, ოთარ რამიშვილისგან'' . მიზეზი მარტივია, ყველა წიგნს მეგობრებსა და ახლობლებს ჩუქნიდა, თავისთვის კი აღარ რჩებოდა. ბოლოს, სადღაც იშოვიდა ხოლმე ერთ ეგზემპლარს და ამგვარ წარწერას უკეთებდა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია