ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?

ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?

ხშირად, ქუჩაში მიმავალ ადამიანს წინ ურნამომარჯვებული ახალგაზრდა შეხვდება და ლეიკემიით ან სხვა სენით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარებას სთხოვს. ზოგს სჯერა მათი, ზოგი - უხმოდ ერიდება, ზოგიერთი კი ემოციებს ვერ მალავს და ასეთ ადამიანებს აფერისტებს ეძახის. თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ. სოციალური ქსელის მეშვეობით, ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელიც დაუჯერებელ ამბავს მომიყვა.

მარინა გაბრიჩიძე:

- ინვალიდი შვილი მყავს. ცერებრალური დამბლა აქვს. ერთი წლის წინ ოპერაციაც გავუკეთეთ. მატერიალურად არ გვიჭირს, მაგრამ ასეთი ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვეხმარა. მას შემდეგ დახმარება არავისთვის მითხოვია. რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე მივდიოდი. ბაზარში გახლდით, შვილისთვის ხილი ვიყიდე. წინ ორი პატარა გოგონა გადამიდგა, რომლებსაც ხელში ურნა ეჭირათ და მთხოვეს, დაავადებულ პატარა ბიჭს დაეხმარეთო. წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც ურნაზე მიკრული ბიჭის ფოტოს შევხედე და მასში ჩემი შვილი შევიცანი. ლამის გავგიჟდი. მაშინვე მოვთხოვე, ეთქვათ, საიდან ჰქონდათ ეს ფოტო. გაქცევა დააპირეს. უკან გამოვეკიდე და ვუყვიროდი, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავეწიე. იმ არასამთავრობო ორგანიზაციას დავუკავშირდი, რომელიც ოპერაციისას დამეხმარა და ვკითხე, - ჩემი შვილისთვის თქვენ ხომ არ ითხოვთ დახმარებას, ფოტო ხომ არავისთვის მიგიცათ-მეთქი? - თქვენი ნებართვის გარეშე ამას როგორ გავაკეთებდითო?! - მიპასუხეს. როგორც ჩანს, ის ფოტო სოციალური ქსელიდან გადაიწერეს და დაბეჭდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი თაღლითობაა, რომელიც კანონით ისჯება! ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი ამბობდა, ქუჩაში ქველმოქმედების არ გვჯერაო, მაგრამ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, რადგან თვითონ დამეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ასეთი ხერხით ითხოვდა ფულს ჩემი შვილისთვის. რას წარმოვიდგენდი, რომ სხვა ამ ხერხს საკუთარი ჯიბის შესავსებად გამოიყენებდა?! ამიტომ, ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქველმოქმედების ეს ფორმა უნდა შეცვალონ, რომ გაურკვევლობა არ მოჰყვეს...

გადავწყვიტე, ქუჩაში გამევლო და თაღლითი თუ ნამდვილი ქველმოქმედები მომეძებნა. მათ ნახვამდე კი რიგით გამვლელს გავესაუბრე. დავინტერესდი, რას ფიქრობს ამ ფორმის ქველმოქმედებაზე და თუ არის ქველმოქმედი...

მარინა ნადირაშვილი:

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქველმოქმედი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ყოველდღიურად არ მაქვს. ქუჩის ქველმოქმედების კი ნამდვილად არ მჯერა. ჯერ ერთი, ვერ ვიგებ, ვის ვეხმარები, რადგან ურნებზე ჯვრები აქვთ მიკრული და მეუბნებიან, ავადმყოფ ბავშვებს ვეხმარებითო. როგორ უნდა გავიგო, კონკრეტულად რომელ ბავშვს ეხმარებიან ან საერთოდ, ეს დახმარება ვინმეს ხმარდება თუ - პირადად იმ ადამიანს, რომელიც ურნით დადის? ქართველები ყველაფერში ნიჭიერები ვართ, მათ შორის - თაღლითობაშიც. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს ვერ ვეხმარები. მირჩევნია, მათ ნაცვლად ფული ქუჩაში მდგარ მობუზულ მოხუცს მივცე. თუმცა კონკრეტული მაგალითით ვიცი, რომ არც ისინი არიან სანდონი. ერთ-ერთი ეკლესიის წინ ასეთი მოხუცი ზის, საკმაოდ საცოდავი გამომეტყველებით. რეალურად კი, თურმე მისი შვილი და რძალი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის მფლობელები არიან. რატომ უნდა დავეხმარო ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს?!

გამსახურდიას გამზირზე წვერმოშვებული, წითელ მაისურსა და კეპში გამოწყობილი ბიჭი შევნიშნე. ის პარფიუმერიის მაღაზიის წინ იდგა, ყველა გამვლელ-გამომვლელს ურნაზე მიუთითებდა და ეუბნებოდა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარეთო. თან თითქმის ყველა მათგანს ხელში რაღაც ბუკლეტს აჩეჩებდა. მივუახლოვდი და ვიდრე რამეს ვეტყოდი, ბუკლეტი მეც მომაწოდა. წითელ ფურცელს ერთ მხარეს კალენდარი აქვს, მეორე მხარეს არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს მადლი" - საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის, შემდეგ კი იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელწოდებებია ჩამოთვლილი, რომლებსაც ხალხის თანადგომით, ეს არასამთავრობო დაეხმარა; ფურცლის ბოლოს კი ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები აქვს მითითებული. აქტიურ ბიჭს შევეკითხე, - რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ნამდვილად ეხმარებით გაჭირვებულებს და ამ ფულს პირადი ინტერესებისთვის არ იყენებთ-მეთქი? - წამობრძანდით, ქალბატონო, და ახლავე ყველაფერს დაგიმტკიცებთო, მითხრა. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ურნა იქვე, მიწაზე დადგა და თვითონ სწრაფი ნაბიჯებით ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიას მიაშურა. მეც უკან გავყევი. მაღაზიაში ერთ-ერთ ჩართულ კომპიუტერს დაუკითხავად მიუახლოვდა და Facenook-ის გვერდზე შევიდა, რომელიც იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე იყო რეგისტრირებული, რომელსაც ეს ბიჭი წარმოადგენდა. იმ გვერდზე უამრავი ვიდეო და ფოტო მიჩვენა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში, ბავშვების დახმარებისას იყო გადაღებული. - ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ნამდვილად გაჭირვებულებს ვეხმარები და ეს ფული ჩემთვის არ მინდა? - ნიშნის მოგებით შემეკითხა. - იცი, მე ჟურნალისტი ვარ და უფრო კარგად რომ დავრწმუნდე, ამისთვის ინტერვიუ უნდა ჩამოგართვა-მეთქი, - ვუთხარი. უარი არ უთქვამს. გულზე დაკიდებული ბაჯი (გულსაკიდი სავიზიტო ბარათი) მაჩვენა, რომელზეც მისი სახელი და გვარი ამოვიკითხე: სერგი მამულაშვილი.

- სერგი, ხალხი გეხმარება, თუ არ სჯერათ შენი?

- ამჟამად, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან. ზოგს სჯერა ჩვენი და ფულს იმეტებს, ზოგიც გვლანძღავს, გვეჩხუბება...

- ასეთ ხალხს რას პასუხობ ხოლმე?

- თუ წყნარად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თქვენსავით, ტექნიკის მაღაზიაში შემყავს და სოციალური ქსელის მეშვეობით ვუმტკიცებ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ნამდვილად გაჭირვებულებს ეხმარება და ფულს ჯიბეში არ იდებს. თუ აგრესიულები არიან, პასუხს არ ვცემ. თავიანთი ნებაა, დამიჯერებენ თუ - არა. თვითონ გადაწყვიტონ.

- მეეჭვება, რომელიმე თქვენგანი აქ უსასყიდლოდ მუშაობდეს. მთელი დღე ქუჩაში ტყუილად ხომ არ დგახარ, ალბათ, ხელფასს გიხდიან.

- რასაკვირველია. დღის განმავლობაში შეგროვებული თანხის 10%-ს მიხდიან.

- ეს საშუალოდ, რამდენი გამოდის?

- გააჩნია იმ დღის შემოსავალს: ხან 10 ლარი გამომდის, ხანაც, 15-20 ლარიც ამიღია. ჩვენი არასამთავრობო თან ქველმოქმედებას ეწევა, თან ხალხს ასაქმებს. ქუჩაში უაზროდ სიარულს, ბირჟაზე უსაქმურად დგომას, ხომ ჯობია, აქ ვიდგე და კეთილი საქმე ვაკეთო? თან, ჯიბის ფულსაც გამოვიმუშავებ, რომლის მეშვეობითაც, მშიერი არ ვარ.

- როგორ ფიქრობ, თაღლითებს რატომ გეძახიან? ხალხს რატომ არ სჯერა ასეთი ტიპის ქველმოქმედების?

- იმიტომ, რომ ბევრია თაღლითი. ამავე ქუჩაზე ერთი "ციგნის ქალი" მათხოვრობდა. რომ დაინახა, ხალხი ჩვენ უფრო გვეხმარებოდა ვიდრე - მას, იყიდა ასეთი ურნა, ზედ ვიღაცის ფოტოები მიაკრა და ახლა ვითომ იმ ვიღაცისთვის ითხოვს დახმარებას. თან ისეთი გულმოდგინებით ითხოვს ფულს, საკმაო თანხასაც აგროვებს.

ვეცადე, ის "ციგნის ქალი" მომეძებნა. რამდენიმე დღე იმ ქუჩაზე დავდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვნახე. ან "სამუშაო ადგილი" შეიცვალა, ან "გამოსასვლელი" დღეები ჰქონდა. სამაგიეროდ, ორ პატარა ბიჭუნას წავაწყდი, რომლებიც ურნას მორიგეობით დაატარებდნენ და სიმსივნით დაავადებული ბავშვისთვის დახმარებას ითხოვდნენ ხალხისგან. მათთან მივედი, ყუთში 50 თეთრი ჩავუგდე და შევეკითხე, - ეს დაავადებული ბავშვი თქვენი ახლობელია-მეთქი? ჩემი შეკითხვა არ მოეწონათ. ერთმანეთს გადახედეს, - რა თქმა უნდაო, რომელიღაცამ ჩაიბურტყუნა. - ამ ბავშვს ალბათ ოპერაცია სჭირდება. იქნებ ანგარიშის ნომერი მითხრათ, რომ ჩემს მეგობრებსაც შევატყობინო და ერთობლივად რაღაც თანხას გადავურიცხავთ-მეთქი. - არანაირი ანგარიშის ნომერი არ გვაქვს, თუ დახმარება გინდა, აქ ჩააგდე ბევრი ფული, მხოლოდ 50 თეთრით რომ დაგვეხმარეო, - დამანამუსა ერთ-ერთმა და გამომცდელი მზერა შემავლო. სხვა გზა არ მქონდა, გამოვუტყდი, - ჟურნალისტი ვარ, ამ ბავშვზე ჩვენს ჟურნალში სტატიას დავწერ და უფრო მეტი ხალხი დაეხმარება, თანაც, ხალხს თქვენი არ სჯერა, რადგან ბევრი იტყუება-მეთქი, - დავძინე. ერთ-ერთი ბიჭუნა მომიბრუნდა და მითხრა: - რა გგონია, ის დიდი ბიჭები, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, თაღლითები არ არიან? რამდენჯერ დამინახავს, რომ ყუთიდან ფული ამოუღიათ და ჯიბეში ჩაუდვიათო. ბავშვებმა ჩემს დანარჩენ შეკითხვებს აღარც მოუსმინეს, ორივემ უკანმოუხედავად მოკურცხლა. აღარ გავკიდებივარ. ისედაც გასაგები იყო, რომ ეს ბავშვები არავის ეხმარებოდნენ, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო იდგნენ ქუჩაში. არ შეგიმჩნევიათ? ამ ბოლო დროს საგრძნობლად იკლო მათხოვარი ბავშვების რიცხვმა. როგორც ჩანს, ხალხს დაავადებული ბავშვების დახმარება უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, ვიდრე - მათხოვრების. ამიტომ, "ყოფილმა მათხოვრებმა" ახალი "სამსახური" მოძებნეს და ახლა "სხვისთვის" მათხოვრობენ...

გიორგი ჯიშკარიანი:

- ასეთი ქველმოქმედების არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა თაღლითია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი არიან, მაგრამ ისეთი ტონით და ისე თავხედურად გვთხოვენ დახმარებას, ფულის მიცემა კი არა, ცემა მოგინდება ადამიანს. თანაც გავიგე, რომ თურმე ხალხის მიცემული ფულის 10%-ს ისინი ხელფასად იღებენ. ვინ მისცა უფლება, რომ ჩემი ფულიდან ჩემგან დაუკითხავად, საკუთარ თავს ხელფასს უხდის?!

- ამას იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავალებს, რომელიც ქუჩაში სამუშაოდ უშვებს.

- თუ სამუშაოდ თვითონ უშვებს, კეთილი ინებოს და ხელფასიც თვითონ გადაუხადოს. რომელი ადამიანია ვალდებული, რომ ვინმეს ხელფასზე იზრუნოს?! ქველმოქმედებას იმისთვის ვეწევით, რომ გაჭირვებულებს დავეხმაროთ. ამ ყველაფრის გამო, მხოლოდ "იავნანას", "დიმიტრი ცინცაძის სახელობის" და სხვა ცნობილ ფონდებში ვრიცხავ თანხას, მინიმალურს, მაგრამ - მაინც. ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ ფული რეალურად, ავადმყოფ და გაჭირვებულ ადამიანებს ხმარდება...

რამდენიმე წელია, გამსახურდიას გამზირზე ერთი ბიჭი მაღაზიების წინ ზის, გვერდით ურნა უდგას, რომელზეც პატარა ბიჭის ფოტოა მიკრული და მსხვილი წარწერაც ამშვენებს: "ბესიკ ჯანყარაშვილის დახმარების ფონდი. გთხოვთ, დაეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ პირველი ჯგუფის ინვალიდს". აქამდე ამ ბიჭთან გასაუბრება არასოდეს მიცდია. ახლა მივედი და ვკითხე, - ვის ვეხმარებით-მეთქი? - საკუთარ თავს ვეხმარები, პირველი ჯგუფის ინვალიდი სწორედ მე ვარო, - მიპასუხა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია