პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა

პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა

სამომხმარებლო ბაზარზე ყოველდღიური მოთხოვნილების პროდუქცია ძვირდება. ფასების ზრდა როგორც იმპორტულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტსაც შეეხო. სექტემბრიდან მოყოლებული, დაახლოებით 20-30 თეთრით გაძვირდა კარტოფილი, 3-4 თეთრით მოიმატა ქარხნული კვერცხის ფასმა, ხოლო სოფლის კვერცხის ფასი 50 თეთრამდე ავარდა. 30-40 თეთრით გაიზარდა შაქრის ფასი, 20 თეთრით გაძვირდა ზეთი. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძენი 2 ლარზე ნაკლები არ ღირს, ლობიოს ფასი თითქმის 5 ლარამდეა, ხოლო 1 კგ ყველს 8-9 ლარს აფასებენ.

2013 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 1,5% იყო, რაც 2011 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,2%-ის დონეზეა. წელს სულ 2-ჯერ, ივნისსა და ოქტომბერში აღინიშნა ინფლაცია, სხვა თვეები კი დეფლაციური იყო. საშუალო წლიური ინფლაციის დონე 0,9%ია.

"საქსტატის" მონაცემებით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე, საცხოვრებელი - წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფებზე.

გაძვირებული პროდუქციის ჩამონათვალში შედის ყველა დასახელების თამბაქოს ნაწარმი. სექტემბრიდან მოყოლებული ყველა დასახელების სიგარეტი 20-30 თეთრით გაძვირდა.

კვერცხის გაძვირება კი, ძირითადად, იმპორტის შეჩერებამ გამოიწვია, რის შედეგადაც პროდუქტი 3-4 თეთრით უფრო ძვირი ღირს. სავაჭრო ქსელში ადგილობრივი, მარკირებული კვერცხის ფასი 32 თეთრს აჭარბებს.

ზაფხულში კვერცხის ფასი საცალო ქსელში 25-26 თეთრი იყო. სავაჭრო სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარზე მცირე დეფიციტიც შეიმჩნევა, რაც "პატარძეულის" მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელ ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, ფაბრიკებში სულადობის განახევრებითაა გამოწვეული. მისივე თქმით, კვერცხის იმპორტის შეჩერების შემდეგ, კომპანიის გაყიდვები 100 პროცენტით გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტ ზვიად კანდელაკის განმარტებით, ფასებზე გარკვეული გავლენა მზარდმა ექსპორტმა და ლარის კურსის დაცემამ მოახდინა. იმპორტული ნაწარმის შემთხვევაში, საერთაშორისო ფასების გავლენაც შეიმჩნევა. ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გაძვირება სეზონმაც განაპირობა.

"მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ფასი გაიზარდა და ანალოგიური ტენდენციაა აქაც. იმპორტულ ნაწარმზე ფასების ცვლილება გლობალური ფაქტორითაა განპირობებული. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი დაბლა წამოვიდა. ამანაც, თავის მხრივ, ფასებზე გარკვეული გავლენა იქონია იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ერთ-ერთი ფაქტორია სეზონიც, როდესაც რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარაგი იკლებს, ეს ფასზეც ადეკვატურად აისახება. ადგილობრივი ნაწარმის გაძვირების მთავარი ფაქტორია, გაზრდილი ექსპორტი. მაგალითად, ყურძენზე, მწვანილზე, კარტოფილზე და პომიდორზე ფასი იმიტომაა მაღალი, რომ შეუჩერებლად გადის", - განმარტავს კანდელაკი.

ბაზრის მოვაჭრეების თქმით, სურსათზე ფასმა სექტემბრის ბოლოდან იწყო ზრდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მათი ვარაუდით, საკვები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაიაფდება, პირიქით, შესაძლოა, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს. ამ მხრივ კი ცვლილებები განსაკუთრებით წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.

"სამომხმარებლო ბაზარზე მარცვლეულით ვვაჭრობ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავეთ ისე, რომ საფასო ცვლილება არ მოგვიხდენია, ამ მხრივ სტაბილური ვითარება იყო. მარცვლეული იაფი არ ღირდა, მაგრამ მომხმარებელი არ ყოფილა უკმაყოფილო. გაძვირება სექტემბრიდან დაიწყო, მცირედით გავაძვირეთ სიმინდი - 1 ლარი ღირდა და ახლა 1,80 ლარად ვყიდით. ლობიო თითქმის 5 ლარამდე გაძვირდა, სექტემბრამდე 3,50-4 ლარი ღირდა.

ცხადია, ხალხი უკმაყოფილოა, რაც გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახა. საზამთროდ პროდუქტის მომარაგებას აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს, რადგან მომხმარებელი პროდუქტს მიზერული ოდენობით ყიდულობს, ხალხს ფული არა აქვს და უმნიშვნელო საფასო ცვლილების მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა", - ამბობს მზია ყაველაშვილი, გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე.

ამავე ბაზრის კვერცხის სექციის მოვაჭრის, ლარისა შაქარაშვილის თქმით, პროდუქტი 26-დან 33 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო სოფლის ნაწარმი 50 თეთრი გახდა.

"ზაფხულში კვერცხი 24-30 თეთრის ფარგლებში იყიდებოდა, ხოლო სოფლის კვერცხი 35 თეთრად და უფრო იაფადაც იყო. სექტემბრიდან დაიწყო გაძვირება, ერთხანს დეფიციტიც გვქონდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა, ქართული კვერცხი დახლებზე უხვადაა, მთავარია, მყიდველი არ მოგვაკლდეს", - ამბობს მოვაჭრე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია