ქართულ-ირანული სიყვარულის ამბავი

ქართულ-ირანული სიყვარულის ამბავი

გოგონა სხივიანი მწვანე თვალებითა და ქერა კულულებით, მუდამ ბუზღუნა ტონით, ჩემი სტუდენტობის დროინდელი მოგონებების განუყოფელი და ცოცხალი ნაწილი - ბედნიერი, თბილი და ტკბილი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა, ბედნიერება მეტად პირობითი ცნებაა, ზოგჯერ ბუნდოვანიც კი, რადგან ყველას თავისებურად ესმის და განიცდის, მაგრამ ერთ რამეში მგონი, ყველა თანხმდება: ბედნიერება ფაქიზი განცდაა - სულ გაფრთხილება და პატარა ბავშვივით მოვლა სჭირდება, აი, ისე, როგორც სიყვარულს...

ჩემმა სტუდენტობის მეგობარმა იგი ქუჩაში იპოვა. ვინ ან რა? - ბედნიერებაც და სიყვარულიც!

90-იანი წლების თბილისის ქუჩა, რომელიც ბევრი ჩვენგანის წარმოსახვაში არცთუ სასიამოვნო ასოციაციას იწვევს, იმ დილასაც ისეთივე ჩვეული რიტმით ცხოვრობდა, როგორც ყოველთვის. განსაკუთრებული ამ ყოფითობაში გახლდათ მხოლოდ "მისი უდიდებულესობა დეტალი" - როგორც ბალზაკი იტყოდა, და ამ დეტალის წყალობით დაიწყო ყველაფერი...

ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, საქმიანი ვიზიტით თბილისში ჩამოსულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს შორის, მაინცდამაინც ჩემი მეგობარი გამოარჩია და დახმარება სთხოვა.

- უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება, აქვე, ახლომახლო ვისაუზმო? სტუმარი ვარ და თქვენს ქალაქს არ ვიცნობ, - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო ტექსტი.

მოგვიანებით, ამ სცენას თავად ასე აღწერდა: "ქუჩაში გამოსული ვეძებდი ადამიანს, რომელიც თავაზიანად მიპასუხებდა. არჩევანი რატომღაც, ზურგით მდგომ გოგონაზე შევაჩერე. როცა კეტრინი ჩემკენ შემობრუნდა, ერთადერთი, რაც დავინახე, იყო მისი მზეზე გაბრწყინებული ქერა თმა და უჩვეულო მწვანე სხივი, რომელიც მისი ლამაზი თვალებიდან გამოსჭვიოდა. ისეთი მძაფრი განცდა დამეუფლა, რომ დღემდე ამ შთაბეჭდილებით ვცხოვრობ".

მეორე დღეს, ზუსტად იმავე დროს, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერადაც - "შემთხვევით" და ერთად ისაუზმეს. აი, აქედან დაიწყო...

კეტრინისთვის რომ გეკითხათ, ის ინგლისურ ენაში ვარჯიშობდა, მაგრამ ქვეცნობიერად სულ ვგრძნობდი, რომ მათი ურთიერთობა უფრო მეტ საჭიროებაზე იყო დაფუძნებული, ვიდრე უცხო ენაში მეცადინეობაა. აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და თუ გნებავთ, ინტიმური იმალებოდა, რომელიც, ვინ იცის, ჩემს მეგობარს იქნებ კარგად ვერც კი გაეცნობიერებინა!

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სპარსი სტუმარი მშვენივრად ფლობდა ადამიანების და მით უმეტეს - ქალების მოხიბვლის ხელოვნებას. ამიტომაც, მალე კეტრინის საუბრის თემები ნელ-ნელა ისე "დავიწროვდა", ბოლოს ყველამ თვალნათლივ დაინახა - ჩვენი ძვირფასი კეტრინი შეხვედრიდან დამშვიდობებამდე მეგობრებს მხოლოდ მისი ახალი ნაცნობის მომხიბვლელობასა და კეთილშობილებაზე გვესაუბრებოდა...

აქამდე ჩვენ მხოლოდ ე.წ. "დამკვირვებლების" პოზიციაში ვრჩებოდით, მაგრამ ახლა, როცა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო, ერთგვარმა შიშმა აგვიტანა. მოდი და ნუ შეგეშინდება! ჩვენი კეტრინი, ორიგინალური აზროვნების სტილით ცნობილი და გამორჩეულად რომანტიკული ნატურა, ხშირად განწყობის მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებას და მერე ასევე განწყობის მიხედვით ცვლიდა. სამეგობროში კარგად იყო ცნობილი მისი "საფირმო" გამოთქმა: "ნებისმიერ უსაზიზღრეს სიტუაციაშიც კი სილამაზე უნდა დაინახო!"

ცხადია, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, თუნდაც უახლოესი მეგობარი იყოს, მეტისმეტად სარისკო საქმეა, მით უმეტეს, როცა საქმე გრძნობას ეხება და თანაც, ისეთი ფაქიზი ბუნების ადამიანის გრძნობას, რომელიც ცხოვრებისეულ ერთფეროვნებაშიც კი სინატიფესა და სიცოცხლით ტრფობას ეძებს. ეძებს და თქვენ წარმოიდგინეთ, პოულობს კიდეც! კეტრინისთვის, მაგალითად, უსაზღვრო ნეტარება მოჰქონდა ომარ ხაიამის პოეზიის კეთილხმოვანებას. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ სპარსული პოეზიით პირადად მეც არანაკლებ მოხიბლული დავრჩი, მით უფრო მაშინ, როცა ის დედანში ანუ სპარსულ ენაზე მოვისმინე. შედარებისთვის: სპარსული პოეზია იქაურ ნუგბარს ჰგავს - ტკბილია და სასიამოვნოდ მათრობელა, კეთილსურნელოვანი და ნატიფი. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების მნიშვნელობა არ გვესმოდა, ჩვენი სასიძოს მიერ მთელი გრძნობით წარმოთქმულ რობაიებს კეტრინის მეგობრებიც პირდაღებული ვუსმენდით.

აღტაცებისათვის კი კეტრინს სხვა ბევრი მიზეზიც ჰქონდა. მაგალითად, ყვავილების თაიგულების ცვენა, რომლის წინაშეც, მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქალი ფარ-ხმალს ყრის; რომანტიკული საღამოები "ფეშენებელურ" რესტორნებში, რომლებიც მაშინდელი გადამწვარი და ჩაბნელებული თბილისის სინამდვილეში უიშვიათეს მარგალიტებს წარმოადგენდა და რა ვიცი, კიდევ რა - განა ყველაფერი კეტრინივით დეტალურად მემახსოვრება?!. და როცა ამ საყოველთაო ყურადღებით განებივრებულმა და უჩვეულო სიყვარულით გარემოცულმა, საჩუქრად სუნამო "კეტრინი" მიიღო, აღტაცებისაგან სურდა, მთელი ქვეყნის გასაგონად ეყვირა: "მე მას ვუყვარვარ!"

კეტრინი აღარ ხუმრობდა. მისი სახლში დაჭერა საღამოს საათებშიც კი ძნელი გახდა. სამაგიეროდ, თავისი სპარსი კომპანიონის ხშირი სტუმარი იყო. ბოლოს, მისი ტელეფონის ნომერიც მოგვცა და მასთან დაგვპატიჟა.

ბინა, რომელშიც სტუმრობის უფლება, როგორც იქნა, მოვიპოვეთ, სწორედ სიყვარულის "ნავსაყუდელს" წარმოადგენდა: აღმოსავლური კოლორიტით გაჯერებული მყუდრო და თბილი სამყოფელი - სასტუმრო ოთახში ძველებური როიალით, იატაკზე განთქმული სპარსული ორნამენტებიანი ნოხით, დივანზე მიმოფანტული ფერადი ბალიშებით, მაგიდაზე ეგზოტიკური ნუგბარითა და რაღაც უჩვეულო, უცნაური ტკბილი სურნელით, რომელიც ჩაის არომატისა და რომელიღაც აღმოსავლური ნელსაცხებლის სურნელის ნარევს წააგავს.

კეტრინის რომანტიკული ფანტაზიებისთვის, ეტყობა, ეს სურათი მდიდარ საკვებს წარმოადგენდა. აქ მას მხოლოდ სითბო, სიმშვიდე, მზრუნველობა და მძაფრი გრძნობების ფეიერვერკი ელოდა, თანაც - "ინგლისურ-სპარსულ" ენაზე. "მისი აღმატებულება ეს დეტალი" კი სულაც არ გახლავთ უმნიშვნელო. ის, რომ სასიყვარულო დიალოგი უცხო ენაზე, განსხვავებული ინტონაციითა და მანერით წარმოებდა, მათ ურთიერთობას ეტყობა, განსაკუთრებულობისა და უჩვეულოს იერს აძლევდა. ყველაფერი ეს კი ალბათ, ცოცხალ კინოს ჰგავდა - რეალური სიტუაციებითა და რეალური გმირებით და როგორც დადებით კინოგმირს შეჰფერის, ჩვენი სასიძოც გულის სწორის სამეგობროსთან დაახლოებას შეეცადა.

შეეცადა და ჩვენდა გასაკვირად, სულ მოკლე ხანში მის ბანაკში აღმოვჩნდით. მანამდე კი ნახანძრალი თბილისის ახალგამოჩეკილ კაფეებში, სიგარეტის სქელ კვამლსა და ყავის მატონიზებელ ოხშივარში გახვეულები, ალბათ ბავშვური მიამიტობით ვცდილობდით მის "გამოჭერას". მას კი ჩვენს "ჯვარედინ" შეკითხვებზე გულითადად ეღიმებოდა. საუბარი თითქმის ყველა თემას ეხებოდა - დაწყებული თანამედროვე პოლიტიკით, დამთავრებული ჩვენი ქვეყნების ისტორიით. ჩვენ, როგორც ღირსეულ "პატრიოტებს" შეეფერება, შანსი არ გაგვიშვია ხელიდან და პირველივე ვახშამზე შევახსენეთ, თუ რაოდენი ბოროტება მოუტანა საქართველოს სპარსეთის ბატონობამ. მან კი მშვიდად გვიპასუხა: ნუთუ, ჩემი ისტორიული წინაპრების ასწლეულების წინ ჩადენილ ცოდვებს მე მომკითხავთო?! - ჩვენ, მგონი, შეგვრცხვა ჩვენი "პატრიოტიზმის".

სულ მალე აღმოვაჩინეთ, რომ ბებეს (ეს მისი შინაურული სახელია) მიმართ სიმპათიით ვიყავით განწყობილი. იგი ისეთი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პირველი ნახვისთანავე ნდობითა და პატივისცემით განგაწყობენ - საუბრის სასიამოვნო მანერა, მშვიდი ტონი, თავაზიანი კილო, მუდამ თბილი, მოღიმარი გამომეტყველება (ოღონდ, ეს არ არის ყალბი ღიმილი!) და ოდნავ სევდიანი, მაგრამ ამავე დროს, მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი სხივიანი თვალები.

ჩვენი მეგობრის მშობლებმა და ნათესავ-ახლობლებმა მისი არჩევანის შესახებ რომ შეიტყვეს, მგონი, ყველა საერთო ფსიქოემოციურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ეს იყო სრული შოკი!..

მოულოდნელობებით განთქმული და მუდამ ბოლომდე შეუცნობელი (თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგიით, არაპროგნოზირებადი) კეტრინის მოთვინიერება ოჯახს ალბათ, არც არასოდეს უცდია, მით უფრო ახლა, როცა წყრომის ან სხვა რაიმე სახის წინააღმდეგობის გამოხატვა ძალიან გვიანი და უადგილოც იყო, - მათი ეკატერინე ხომ ერთიანად სიყვარულსა და იმედს ასხივებდა...

წარმოიდგინეთ ქართული პროვინციული ქალაქის ჩაბნელებული შუკა და ამ შუკაში ნავთის ლამპებით გამოფენილი ოჯახის წევრების უსაზღვრო გაოცება, როცა კარს მომდგარ სტუმარში აგრერიგად საინტერესო სასიძოს აღმოაჩენ - ჩამოსულს სასიდედროს დაბადების დღეზე, ვარდების უზარმაზარი თაიგულით ხელში. როგორც ჩანს, თავად ეს ფაქტი ისეთი ყოვლისმთქმელი და დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ბებეს სუფრასთან საკუთარი გრძნობის დამტკიცება (ისიც, კეტრინის თარჯიმნობის საშუალებით) აღარ დასჭირვებია. ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი ცვდებაო, მაგრამ კეტრინისა და ბებეს გრძნობებს არათუ მოაკლდა ის სიმძაფრე და ცეცხლი რაც შეყვარებულობის პერიოდში ჰქონდათ, არამედ - ძველებურად უყვარდათ და უნდოდათ ერთმანეთი. ქალის სახეზე ხომ ყველაზე ნათლად შეიძლება იმის დანახვა, ბედნიერია თუ არა ის კაცთან, რომელთანაც ცხოვრობს.

როგორ გგონიათ, ნუთუ შეიძლება, ადამიანში მხოლოდ დადებითი დაინახო?! გულუბრყვილობა იქნებოდა (თუ სისულელე არა!) ამის მტკიცება, მაგრამ საინტერესო და მისაბაძი მათ ურთიერთობაში ის იყო, რომ ხასიათის ნაკლოვანებებსა და ყოფით წვრილმანებს მათი ურთიერთობიდან ისე არ გამოუჟონავს, რომ გარშემო მყოფებისთვის შემაწუხებელი გამხდარიყო.

...კეტრინი ახლა ორი ვაჟის დედაა და დაკავებულია ქმარ-შვილზე ზრუნვით. როგორც აღმოსავლური ტრადიცია გვასწავლის, სახლში სითბოსა და სიმყუდროვეს დარაჯობს. მას, როგორც ოჯახში ერთადერთ ქალსა და სიცოცხლის საწყისს, ოჯახის წევრები ასე მიმართავენ: "დედა". მისი ცხოვრების მამაკაცი კვლავ მყარად არის დარწმუნებული, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ქალის სიყვარულის "მფლობელია" და კვლავ სათუთად უფრთხილდება იმ ძვირფას წუთებს, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობაში მარადიულად ითვლება. ჩვენ კი, "მისი ცოლის დაქალები", ისევ დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვაკვირდებით ჩვენი მეგობრის მწვანე, სხივიან თვალებში როგორ ირეკლება სიცოცხლის სიყვარული.

შორენა ბიწაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია