ინაუგურაციაზე დასასწრებად პარლამენტში უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები და ელჩები მიდიან

ინაუგურაციაზე დასასწრებად პარლამენტში უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები და ელჩები მიდიან

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, პარლამენტის ეზოში, უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები მიდიან. რუსთაველზე უკვე იკრიბებიან მთავრობის წევრები და დეპუტატებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმყოფება რამდენიმე ასეული მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად შეიკრიბნენ.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში მივიდა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მისთვის სასიხარულოა. "ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ამით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ და გადავდგით ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისია. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, პირველივე საჯარო განცხადებაში, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურა დასწამა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშ არის, ინაგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დაწრება შეუძლებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. საპატრიარქოს ინფორმაციით, ინაუგურაციაზე დასწრების გამო კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას არც სვეტიცხოველში და არც სამებაში არ გამართავს. პატრიარქის მიერ ახალი მღვდელმთავრის ხელდასხმა სვეტიცხოველში შემდეგ კვირას მოხდება.

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას აშშ-დან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება. ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის წევრები იქნებიან USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე ფეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის ოფიცერი ასელ რობერტსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი მრჩეველი ენდრიუ სვითი.

ამასთან, აშშ-ის დელეგაციის წევრთა შორის არის საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

საქართველოში დღეს, ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ეზოში, 13:00 საათზე დაიწყება. 45-წუთიანი ცერემონიის ბოლოს, ახლად არჩეული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიცს დადებს, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას და ინაუგურაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.

მარგველაშვილი 13:45 საათზე გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ყვავილებით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის სახელით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართება ლანჩი.

ახლად არჩეული პრეზიდენტი ლანჩის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციის წევრებთან "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრებს გამართავს.

მსგავსი შეხვედრები პარალელურ რეჟიმში დღესვე ექნებათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვადასხვა მინისტრებს.

შეხვედრების შემდეგ, 18:00-19:00 საათზე, ასევე დაგეგმილია რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტი, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი, როგორც საქართველოს ფიცდადებული პრეზიდენტი უმასპინძლებს და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიიღებს ფართო საზოგადოებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა