ახალი პრეზიდენტის პირველი დაპირებები

ახალი პრეზიდენტის პირველი დაპირებები

ქვეყნის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, პრიორიტეტულია ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში.

"ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის კონსტიტუციურ უფლებებს.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გარანტი. ამავდროულად, განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მუდამ მზად იქნება გარეშე საფრთხეების მოსაგვარებლად. "როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია", - აღნიშმა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლის დამკვიდრებას.

"ასევე, ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დევნილების დაბრუნებას ასახელებს.

"ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა