ტანჯვისთვის განწირული შვილები - "მამამ ჩვენი ფულით საყვარლის შვილს საჩუქარი უყიდა"

ტანჯვისთვის განწირული შვილები - "მამამ ჩვენი ფულით საყვარლის შვილს საჩუქარი უყიდა"

წერილი, რომლის დაბეჭდვაც ემიგრანტმა ქალბატონმა გვთხოვა, ნამდვილად, ტრაგიკული და გულის ამაჩუყებელია. როგორც ავტორმა აღნიშნა, მან ეს წერილი გამოგვიგზავნა იმიტომ, რომ იცის, მამამისი "გზას" აუცილებლად წაიკითხავს და იმედია, მიხვდება, თუ რა ავნო მან საკუთარ შვილებს (სტილი დაცულია):

მარი, 26 წლის, ათენიდან:

"1986 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში დავიბადე, ჩემი ძმა კი ერთი წლით ადრე, მაგრამ ისიც 30 ნოემბერს მოევლინა ქვეყნიერებას. ალბათ ამ დღეს რომ გავჩნდით, სწორედ ამიტომ გვერგო წილად ერთნაირად მძიმე ცხოვრება.

მე და გიოს მართლაც, მძიმე ბავშვობა გვქონდა. მამამ მაშინ მიგვატოვა, როცა პატარები ვიყავით და დედასთან ერთად, მთელი ბავშვობა ტირილში გავატარეთ. გიო პატარაობიდანვე ავადმყოფობდა და დედას ახლაც კლავს მისი დარდი. ნათესავები მოწყალებასავით თუ გაიღებდნენ საჭმელსა და ტანსაცმელს ჩვენთვის, თორემ ახალ სამოსს ვინ გვაღირსებდა? დედა წვალობდა, შრომობდა, ბაზრობაზე იდგა და რაღაცებს ყიდდა. სახლიდან დილის 6 საათზე მიდიოდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ჰოდა, მე და გიო ვიყავით ერთმანეთის პატრონი. ყველასგან გარიყულები, ხალხისგან ყოველთვის "იგნორსა" და სიცივეს ვგრძნობდით. მამაჩემი ზოგჯერ მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ავეწიოკებინეთ. ამის შედეგია, რომ დეპრესიული და კომპლექსიანი გავხდი. ვინმე თუ მიყურებს, ასე მგონია, დამცინის და ყოველივე ეს ჩემზე საშინლად მოქმედებს...

გავიდა წლები მათხოვრობაში. გიო გაიზარდა და დედას მხარში ამოუდგა, მისთვის შრომის შემსუბუქებას ცდილობდა...

ერთხელაც, დედამ მამას ყველაფერი აპატია და მას მერე, გარკვეული ხანი ვიცხოვრეთ მშვიდად. ამასობაში, გიო სამუშაოდ კარგ ადგილას მოეწყო და მისი სამსახურის წყალობით, წელი გავიმაგრეთ. თუმცა, ჩვენი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: მამამ აიტეხა, საფრანგეთში გამიშვით და რაც დაგაკელით, ახლა აგინაზღაურებთ, ერთი შანსი მომეცითო. მე არ მწამდა მისი სიტყვების, მაგრამ გიო და დედა როგორღაც, დაიყოლია. მან შვილი აიძულა, პროცენტიანი სესხი აეღო და საფრანგეთში გაემგზავრა. 5 თვეში გამოაგდეს იქიდან, თან - ცარიელ-ტარიელი. ამბობდა, დეპორტით გამომიშვესო, მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ საქმე სხვა რამეში იყო. დავიწყე ამ ამბის გამოძიება და ბოლოს, აღმოვაჩინე ის, რასაც მისგან ველოდი - თურმე, იქიდანაც ქალის გამო გამოაგდეს...

მიუხედავად ყველაფრისა, გიოს მაინც შეეცოდა და დაამშვიდა: ნუ დარდობ, ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას და ერთად გავისტუმრებთ ვალსო. ის მართლაც, კაცურად დაუდგა მამას გვერდით. მაშინ დაახლოებით, 25 წლის იყო... თითქოს, ყველაფერი კარგად იყო: გიო და მამა მუშაობდნენ, ვალს ნელ-ნელა ისტუმრებდნენ, მაგრამ მალე ჩვენს ოჯახს ახალი ვალები გაუჩნდა. ჩვენი ყურადღება სახლიდან ნივთების დაკარგვამაც მიიქცია. თურმე, მამა დროს უქმად არ კარგავდა: გამოჰქონდა ბანკიდან სესხი, ახლობლებისგან ვალს იღებდა, მათ ოქროს ნივთებს სთხოვდა დასალომბარდებლად და ვითომ, ოჯახის დაღუპვისგან გადასარჩენად. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგეთ. ბოლოს, მან ისიც იკადრა, რომ გიოს სამსახურში რაღაც მოიპარა და შვილს საქვეყნოდ მოსჭრა თავი. ცხადია, იქიდან ორივე გამოაგდეს. რა გასაკვირია, სხვას რომ ჰპარავდა, როცა საკუთარ შვილებსაც არ გვინდობდა და ჩვენს საფულესაც აცარიელებდა? ის კი არა, ერთხელ, დაბადების დღეზე, საჩუქრად გამოგზავნილი ღვინო მოგვყიდა და იმ თანხით საყვარლის შვილს საჩუქარი უყიდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, კიდევ 16.000 დოლარი "აგვკიდა" და გაიპარა. აი, მაშინ დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება, თუ დაიწყო. კარზე მომდგარი სტუმრისა და ტელეფონის ზარისაც გვეშინოდა. მევალეებმა ყველა მხრიდან შემოგვიტიეს. დავკარგეთ ყველაფერი. თუ რაიმე ღირებული ნივთი გვქონდა, სახლიდან გასაყიდად გაიტანეს. ჩემს ძმას ნერვიულობის ნიადაგზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ისტერიკაში ვარდებოდა და ამ დროს, კედელს მუშტებს ურტყამდა, ტიროდა: ეს რა მიქნა, ყველგან თავი მომჭრა და შემარცხვინაო. დედას ნერვიულობის გამო დიაბეტი დაემართა. არასდროს დამავიწყდება 2013 წლის 16 თებერვალი, როცა შინ მშივრები ვისხედით (დედაც ვეღარ მუშაობდა მევალეების გამო) და ველოდებოდით, როდის მოუწევდა ბიძაჩემს მორიგეობა, რათა მარკეტიდან საჭმელი ნისიად წამოგვეღო... ერთ დღეს ბიძაჩემის სახლში მივედი. ოჯახის წევრები სუფრასთან ისხდნენ. ბებომ მითხრა: მოდი, ჭამეო. - არ მინდა, ნაჭამი ვარ-მეთქი, - მოვატყუე. არადა, რამდენიმე დღის განმავლობაში ლუკმაც არ მქონდა გადაყლაპული. როგორ შევჭამდი რამეს, როცა შინ მშიერი დედა და ძმა მელოდებოდნენ? ჩვენი გასაჭირი არავის გაუგია, მხოლოდ ჩემი დაქალის - თინიკო ცინაძის ოჯახი იყო ჩვენი გულშემატკივარი. ისინი შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, საჭმელს გვიგზავნიდნენ. მათ ამ სიკეთეს არასდროს დავუვიწყებ...

ჩემი ძმა ძალიან დაიჩაგრა. ამიტომაც გადავწყვიტე, ბაზარში მემუშავა და მწვანილისა და ხილის გაყიდვა განვიზრახე. თუმცა, იქ ნაშოვნი თანხა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახი უკიდურესი გაჭირვებისგან მეხსნა. ჰოდა, ბევრი ფიქრისა და თეთრად გათენებული ღამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, სამუშაოდ საზღვარგარეთ წამოვსულიყავი. ვალს ვალი მივუმატე და გავრისკე: 26 წლის გოგო საბერძნეთში სამსახურის საძებნელად ჩამოვედი. საზღვარზე გადმოვიპარე. გზაზე ბევრი რამის გადატანა მომიხდა და გაჭირვების ჟამს ღმერთს ვთხოვდი: ნუ მიმატოვებ, ნუ მომკლავ ამ შუა გზაში, ჩემი სიცოცხლე ჩემს ძმას სჭირდება. არ გთხოვ დახმარებას და შეწევნას ჩემთვის, ამას ჩემი ოჯახისთვის გთხოვ-მეთქი. უფალმა თითქოს, შეისმინა ჩემი თხოვნა და მას მერე მის წყალობას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. მე აქ ჩემი ძმისა და დედის სიცოცხლის გადასარჩენად ჩამოვედი. ისინი ხომ საქართველოში, მგლების ხროვაში დავტოვე; იქ ხომ ყველა მევალე მათ შეჭმას ცდილობს. კეთილი ადამიანების წყალობით, აქ სამუშაო ვიშოვე და 2 თვეა, ხელფასი მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ღამეს ტირილში ვათევ. ვტირი ჩემს ცხოვრებას, ჩემს ოჯახს... ჯოჯოხეთია ჩემი სიცოცხლე, მაგრამ ეს არაფერი: თუ არ მეყოლება ოჯახი და ადამიანები არ შემიყვარებენ ისეთს, როგორიც ვარ, თუ არ მეყოლება საოცნებო შვილი, ის მაინც მეცოდინება, რომ მამაჩემისგან განსხვავებით, ჩემს ძმას მე მაინც დავუდექი გვერდით. მამა საჩუქრებით სხვის შვილებს ანებივრებს, ჩვენ კი საბოლოოდ გაგვწირა სიღატაკისთვის, ტანჯვისთვის. მეუბნებიან, მამასაც აპატიე ყველაფერიო, მაგრამ არ მესმის, ეს როგორ უნდა შევძლო? ნუთუ, შეიძლება, ის ტკივილი დავივიწყო, რომელიც მან მოგვაყენა? მაინტერესებს, თუნდაც ღვთის შიშით, ჩემს ადგილას, თქვენ ამას შეძლებდით? იქნებ რომელიმე თქვენგანს აქვს კითხვაზე პასუხი: მამაჩემისნაირ ვაი-კაცებს შარვალი რატომ აცვიათ?.."

P.S. თუ მარის წერილის წაკითხვის შემდეგ მისთვის რჩევის მიცემის სურვილი გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია