"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს კონცერტით აღნიშნავენ

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს კონცერტით აღნიშნავენ

შარშანდლისგან განსხვავებით, წელს "ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავს პომპეზურად აღნიშნავენ, თუმცა ამ ღონისძიებას ორგანიზატორობას არასამთავრობო ორგანიზაციები გაუწევენ. თავად "ნაციონალურ მოძრაობაში"კი ამ დღის აღნიშვნას ნაკლებად გეგმავენ. ამბობენ, ქვეყანაში საზეიმო ვითარება არ არის და იქნება ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა გააანალიზებენ ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, "ვარდების რევოლუციის"10 წლისთავის აღნიშვნა რიყის პარკში იგეგმება.

მალხაზ ფიროსმანიშვილის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფში შედიან როგორც მუსიკოსები, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "პროპარტია", "პროფესიონალთა კლუბი", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის".

23 ნოემბრის აღსანიშნავად საინიციატივო ჯგუფი ყვავილების, ნახატებისა და ფოტოგამოფენის ორგანიზებას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია სხვა სამოქალაქო აქტივობაც.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

"ვთვლით, რომ "ვარდების რევოლუცია", როგორც ისტორიული მოვლენა, იმსახურებს, რომ ეს თარიღი ყოველთვის აღინიშნებოდეს, რადგან ეს არის საერთო სახალხო მოვლენა. ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, ის ხალხს ეკუთვნის.

"ჩვენ მივმართეთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 2003 წელს "ვარდების რევოლუციის"მომზადებასა და განვითარებაში. ის მუსიკოსები, ვინც თვლიან, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საჭიროა და აუცილებელი, როგორც სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, კონცერტს გამართავენ", - განაცხადა ფიროსმანიშვილმა.

მუსიკოს ვახო ბაბუნაშვილის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში.

"სია ჯერ არ არის ცნობილი. მათ, ვინც თვლის, რომ ეს მართლა დადებითი მოვლენა იყო უახლოეს ისტორიაში, სიამოვნებით მივიღებთ, სცენაზე ვეპატიჟებთ. ყველას, რა თქმა უნდა, არა. ეს არ იქნება დიდი და გრანდიოზული კონცერტი, ეს იქნება ჩვენი გამოხატულება ამ თარიღისადმი", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

რაც შეეხება ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფას, საინიციატივო ჯგუფის წევრები ჯერჯერობით პირადი სახსრების გამოყენებას გეგმავენ. ასევე აპირებენ ბანკში ანგარიშის გახსნას, სადაც ღონისძიებისთვის შემოწირულობების მიღება შეეძლებათ.

ღონისძიებაში აქტიურად ჩართვას გეგმავს კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის". ორგანიზაციის ლიდერის ქეთა გაბიანის თქმით, ქვეყნის ისტორიაში იმ დროს მოხდა ყველაზე კარგი რამ, რაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ გაბიანი ამ დღის აღნიშვნას აუცილებლად მიიჩნევს.

"ვარდების რევოლუციის"10 წლისთავს, ცხადია, აღვნიშნავთ. ამ საღამოს ორგანიზატორობას არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ. ახლა იმაზე ვფიქრობთ, რა აჯობებს და როგორ აჯობებს. უბრალოდ ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ახლა ამ თანხების მოძიებაზე ვფიქრობთ. თბილისის მერია ვერაფერში დაგვეხმარება, ჩვენ ყველაფერს დამოუკიდებლად გავაკეთებთ", - გვითხრა გაბიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის თქმით კი, პარტია რაღაც განსაკუთრებული ღონისძიების გამართვას არ გეგმავს. მისი თქმით, ქვეყანას მძიმე დრო უდგას და საზეიმოდ არ სცალია.

"რამე განსაკუთრებულს არ ვგეგმავთ. პარტიული ღონისძიება არ იგეგმება, ეს იქნება ჩვეულებრივი დღე. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება ვერ შევძელით.

"პარტიის მიერ რაღაც ღონისძიების ჩატარება არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. საკმაოდ რთული ვითარებაა. პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის გენერალური მდივანი დაპატიმრებულია და არის პოლიტიკური პატიმარი. უამრავი ჩვენი წევრი კი დატერორებულია სამართალდამცავების მიერ, ამიტომ ჩვენ ზეიმზე და რაღაც ღონისძიებაზე არ ვფიქრობთ. თანაც ქვეყანაშიც საკმაოდ მძიმე ვითარებაა, დაწყებული ეკონომიკური მდგომარეობით, დამთავრებული კრიმინალური ვითარებით.

"რაც შეეხება "ვარდების რევოლუციას", ეს ალბათ ლოგიკური იყო, რადგან საზოგადოება ვერ ხედავდა ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში იყო. ამიტომ "ვარდების რევოლუცია"სპონტანურად მოხდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაში თვითონ პარტია "ნაციონალური მოძრაობაც"იყო ჩართული და ერთგვარად პოლიტიკოსების მოწოდებამ გამოიყვანა ხალხის უდიდესი რაოდენობა ქუჩაში", - უთხრა "მთელ კვირას"ბარამიძემ.

იგი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ"საქართველო ქვეყნიდან სახელმწიფოდ აქცია", ამიტომ ყოფილი მმართველი ძალის წარმატებებზე თამამად საუბრობს, თუმცა მათ მიერ დაშვებულ გარკვეულ შეცდომებსაც აღიარებს.

"ჩვენი პირველი წარმატება იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიიდან, ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ბაზები გავიყვანეთ, აჭარა მშვიდობიანად და ეფექტურად დავაბრუნეთ კონსტიტუციის სივრცეში, მოვაგვარეთ ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.

"ჩვენი მმართველობის დროს მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რადგან "ვარდების რევოლუციამდე"არ იყო ჯარი, პოლიცია, საბაჟო ანუ შესაბამისი სახელმწიფო სერვისები ფაქტობრივად არ არსებობდა. ასევე საქართველომ მიიღო პირობა, რომ იგი აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი და ბოლოს სააკაშვილის ეპოქა მთავრდება იმით, რომ საქართველო პარაფირებას მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა, რომელიც გულისხმობს ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო სივრცეს და ვიზების ლიბერალიზაციას.

"რაც შეეხება შეცდომებს, ალბათ ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ვერ შევძელით, ადეკვატურად შეგვეფასებინა ის საგანგაშო სიგნალები, რომელიც საზოგადოების მხრიდან მოდიოდა ამა თუ იმ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით", - ამბობს ბარამიძე.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა