ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. რასაკვირველია, ამ მნიშვნელოვან დღეს ყველა დეტალი საზოგადოებისა და ჟურნალისტების განსჯის საგანი ხდება; ყველას აინტერესებს, როგორი სტილის სამოსი, მაკიაჟი და ვარცხნილობა შეარჩიეს ქვეყნის ლიდერებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მათმა მეორე ნახევრებმა.

ინაუგურაციაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიზნესმენმა არჩევანი შავ შარვალ-კოსტუმზე შეაჩერა. მას მკერდს ის ჯვარი უმშვენებდა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახმა მიანიჭა. ვასაძის მეუღლეს, მკერდზე თეთრი ფერის გვირილის ფორმის გულსაბნევით დამშვენებული გრძელი შავი კაბა ეცვა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ღონისძიებაზე თეთრი ფერის ღილებით გაფორმებულ ლურჯ სამოსში გამოწყობილი მივიდა - ბესელიამ სამოსის შესაფერისად, უპირატესობა ლურჯი ფერის საყურეს მიანიჭა. ინაუგურაციაზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად მივიდა. კალაძეს შავი შარვალ-კოსტუმი, თეთრი პერანგი და ლურჯი ფერის ჰალსტუხი ეკეთა. ფეხმძიმე ანუკი საზოგადოების წინაშე მუხლსქვემოთ სიგრძის ნაცრისფერი კაბით წარსდგა, რომელსაც შავი გრძელი კოსტუმი ეხამებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღონისძიებაზე შავი მანტოთი მივიდა. მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, "დიორის" პალტო ეცვა. წელსა და მხრებზე გამოყვანილი და თეძოებზე გაშლილი პალტო ორივე მხარეს დიდი ზომის ჯიბეებით არის გაწყობილი; შავი ფერის პალტო მკერდზე ჰარმონიულად შეხამებული თეთრი ფერის სარტყელით იყო გაფორმებული - მოსასხამის შესაბამისად, ეკატერინემ თეთრი ფერის საყურე შეარჩია.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა ინაუგურაციაზე კრემისფერი კოსტუმითა და შავი გვირილებით გაწყობილი მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო სამოსით მივიდა - ანსამბლს ოქროსფერ რგოლსა და ნაცრისფერ შიგთავსში გადაწყვეტილი დახვეწილი ყელსაბამი აგვირგვინებდა. ღონისძიების მთავარი პერსონა - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების წინაშე შავ შარვალ-კოსტუმში, მანტოსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მივიდა; ქვეყნის პრეზიდენტმაც არჩევანი ლურჯი ფერის ჰალსტუხზე შეაჩერა.

ინაუგურაციაზე მეუღლესთან ერთად მივიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც. ალასანიამ არჩევანი ლურჯ შარვალ-კოსტუმზე, თეთრ პერანგსა და წითელ ჰალსტუხზე შეაჩერა. მისი მეუღლის ნათია ფანჯიკიძის არჩევანი შავი ფერის კაბა და კოსტუმი იყო. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თეთრი მაქმანებით გაფორმებულ შავი ფერის მანტოთი მივიდა, რომელსაც მოყვითალო-მომწვანო ფერის შარფი შეუხამა. ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე უპირატესობა მუქი ლურჯი ფერის შარვალ-კოსტუმსა და ჰალსტუხს მიანიჭა.

ქალბატონებმა საღამოს წვეულებისთვის არანაკლებ ლამაზი კოსტუმები შეარჩიეს. მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უპირატესობა წითელ სამოსზე შეარჩია. სადა ქვედაბოლოსთან შედარებით თვალშისაცემი იყო მაქმანებით გაწყობილი კოსტუმი, რომელიც წელის არეში ერთგვარი "დაპრესილი" გაშლილი ნაჭრით სრულდებოდა. მინისტრმა სამოსისთვის ოქროსფერი ყელსაბამი და სამაჯური შეარჩია.

ეკატერინე ხვედელიძე ღონისძიებაზე კლასიკური შავი კაბით მივიდა. კაბა მკლავებსა და ყელზე შავი ფერის ყვავილის ფორმის ნაქარგიანი ე.წ. თხელი ბადეთი იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმედაა, ანუკი არეშიძეს წონაში საგრძნობლად არ მოუმატია, შესაბამისად, თამამი ვარდისფერი კაბის ჩაცმის არ შეეშინდა. კაბა გულ-მკერდზე დახურული იყო და გრძელი მკლავები ჰქონდა. კაბის "ძირითად ნაჭერს" მაქმანებიანი ბადე ფარავდა. არეშიძემ სამკაულებიდან მხოლოდ საყურე და ბეჭდები შეარჩია.

წვეულებაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ჭრელი კაბით წარსდგა. კაბის შავ ფონზე მთელ სიგრძეზე სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო წარმოდგენილი. ნუნუკას თმა გაშლილი ჰქონდა და მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლა.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

კადრები ინაუგურაციის დახურული ღონისძიებიდან -

ქვეყნის პირველი პირები პირველ ნახევრებთან ერთად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია