როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...

როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...

ინტერნეტში ბორიალისას, ფსიქოლოგის ოფიციალურ საიტზე საინტერესო სტატიას გადავაწყდი - "სამსახური და პოზიტიური განწყობა". იქვე მითითებულია, რომ ქალბატონ ტატიანას მომსახურება ფასიანია და საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. ამიტომ დავეხარბე პოტენციური პაციენტებისთვის იქვე განთავსებულ უფასო ინფორმაციას. მით უმეტეს, ისეთ თემას გვთავაზობდა, ზაფხულში უშვებულებოდ დარჩენილს გული დასასვენებლად რომ მიგიწევს და სამსახურისკენ მოგაბრუნებს. თანაც, ავტორის მიერ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რჩევები მხოლოდ ქალებისთვისაა. ჰოდა, დავეწაფე ძვირად ღირებული ფსიქოლოგის უფასო რჩევებს და გადავწყვიტე, მკითხველსაც შევთავაზო, ჩემი მოკრძალებული კომენტარებით.

"მინდა, სტატიაში რამდენიმე უბრალო(!) და საჭირო რჩევა მივცე ქალბატონებს: მიუხედავად დატვირთული დღის გრაფიკისა, როგორ მოასწრონ ყველაფერი, მოახდინონ განტვირთვა, საქმე და დასვენება როგორ შეუნაცვლონ ერთმანეთს, ეს ყველაფერი ხალისით გააკეთონ და სამსახურის მიმართ პოზიტიური განწყობილება შეინარჩუნონ".

ეს შესავალი გახლავთ და დამეთანხმებით, ნამდვილად საჭიროა მსგავსი რჩევები... ვერაფერს იტყვი, კარგი სატყუარაა...

ბუნებრივია, ახალი დღე იწყება დილით და ჩვენი ფსიქოლოგიც რჩევების მოცემას აქედან იწყებს:

დილა

1. ვიდრე აბაზანაში შეხვალთ, 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი 1 კოვზი თაფლის ნაყენი დალიეთ.

სასარგებლო რჩევაა და ამას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს დილაობით. მათ შორის - თქვენი მონა-მორჩილიც. მშვენივრად იწყება დილა ქალბატონ ტატიანას რჩევასთან ერთად. გავაგრძელოთ...

2. პირის დაბანის დროს გაიხსენეთ, როგორი ხალისით დგებოდით ლოგინიდან ბავშვობაში, როდესაც მშობლებს სასეირნოდ მიჰყავდით. გირჩევთ, ეს განწყობილება "ჩაიცვათ" და მოირგოთ...

განწყობილებას "ჩავიცვამთ", მაგრამ ვინაიდან ბავშვობის დროინდელია, ეჭვი მაქვს, არ მოგვერგება და ისევ "გავიხდით". თანაც, მაშინ ხომ სასეირნოდ მივდიოდით, ახლა - სამსახურში... ბავშვობაში გვაქებდნენ კიდეც - კარგად რომ გვეძინა და "ფიაც" ბოლომდე რომ შევჭამეთ, მაგრამ ახლა თაფლიან წყალსაც მივირთმევთ და არავინაა მადლობელი...

3. აბაზანიდან გამოსვლამდე სარკეს რამდენიმე კომპლიმენტი უთხარით. თავი დედოფლად წარმოიდგინეთ და შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება.

- სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინაა ყველაზე ლამაზი?

თუ სარკე "მოსყიდული" არ გყავთ, იმდენ ლამაზ ქალს ჩამოთვლის, რომ სამსახურში დაგაგვიანდებათ. ამიტომ ჯობია, არაფერი ჰკითხოთ. უბრალოდ, გვირგვინი (წარმოსახვითი, რა თქმა უნდა) შეისწორეთ და შემდეგ ეტაპზე გადადით.

4. ისე ისაუზმეთ, თითქოს საკუთარ თავს უმასპინძლდებით. არ იჩქაროთ. ორგანიზმისთვის საკვების მიღება სიამოვნებაა და აცადეთ მას სიამტკბილობა.

ქალბატონი ფსიქოლოგი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თავზე გვირგვინით (შენ ხომ დედოფალი ხარ და ეს უნდა გახსოვდეს) საუზმეს როგორ მოიმზადებ. მითი დედოფლობის შესახებ მაშინვე დაიმსხვრევა, როგორც კი სამზარეულოში შეხვალ და ტაფას ცეცხლზე დადგამ (კვერცხის შესაწვავად) ან ბუტერბროდის მზადებას დაიწყებ.

5. ჩაიცვით ის, რაც წინა საღამოს შეარჩიეთ.

ქალბატონებს გაეცინებათ, ამას რომ წაიკითხავენ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ საღამოს შერჩეული ტანისამოსით დილით არავინ გავა სახლიდან. მინიმუმ, სამჯერ მაინც გამოიცვლის, სანამ სასურველს არ შეარჩევს.

6. შინიდან გამოსვლისას სახეზე ღიმილი შეირჩინეთ, თუნდაც არ გეღიმებოდეთ. სახის კუნთები, რომელიც ღიმილადაა "დალაგებული", მალე შედეგს გამოიღებს და განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.

მოკლედ, ასე: მზადების პირველი ეტაპი დასრულდა. თაფლიანი წყალი მირთმეულია, გვირგვინი გასწორებული, საუზმეც "დაპლუსებული"... ახლა ისღა დაგრჩენიათ, სახის კუნთები ღიმილად "დაალაგოთ" და სახლის კარი გაიხუროთ იმ იმედით, რომ განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.

ტრანსპორტი

1. ტრანსპორტში შექმნილ ჭყლეტასა და ხალხმრავლობას ისე შეხედეთ, როგორც პინგვინებს - ზოოპარკში. ეს გაგამხიარულებთ და აღარ გაღიზიანდებით.

ისე, ჩვენში დარჩეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით რატომ უნდა მგზავრობდეს დედოფალი? ხვდებით ალბათ, რომ როგორც კი ხალხით გაძეძგილ ყვითელ ავტობუსში ახვალთ, დედოფლობაზე მითი მეორედ დაიმსხვრევა, მაგრამ მაინც ისე მოიქეცით, რომ ამ ჭყლეტაში გვირგვინი არ დაგივარდეთ. ხომ გახსოვთ, რომ დედოფალი ხართ? ღიმილიც ხომ ისევ გაქვთ შერჩენილი? ჰოდა, წინ მდგომ პინგვინებს ფული გადააწოდეთ, რომ დედოფალს მოგემსახურონ და ბილეთი მოგაწოდონ, თორემ კონტროლიორი თუ ამოვიდა, დამიჯერეთ, ტრენინგის დროს მას კარგად აუხსნეს, რომ ბატონყმობა დიდი ხნის წინ გადავარდა, არც მონარქიული წყობილება გვაქვს, არაფრის დიდებით არ დაიჯერებს თქვენს დედოფლობას და დაგაჯარიმებთ. ამიტომ, გამხიარულდით და ბილეთი აიღეთ.

2. თვალით მოძებნეთ ის სახეები, რომელზეც მზერის შეჩერება შეიძლება.

ქალბატონმა ფსიქოლოგმა ჯერ უნდა აგვიხსნას, რომელ სახეზე არ შეიძლება მზერის შეჩერება. იქნებ იმაზე, "პახმელიას" რომ შეუშუპებია? ან იქნებ კონტროლიორს არ უნდა გაუსწორო მზერა... ან ასაკობრივი ზღვარია რამე... მოკლედ, თუ გასათხოვარი ხართ, კარგად მოავლეთ თვალი მგზავრებს და თუ ვინმე მოგეწონებათ, მზერა მასზე შეაჩერეთ და მანამდე უყურეთ, სანამ არ მონუსხავთ.

3. გზად მიმოიხედეთ. უამრავ ლამაზ პეიზაჟს შენიშნავთ, რომელიც წინათ შეუმჩნეველი გრჩებოდათ.

ახლა მოსწყვიტეთ მზერა იმ ადამიანს! უზრდელობაა, ასე რომ მისჩერებიხართ და გარეთ გაიხედეთ. გარშემო თუ ამდენი პინგვინია, წესით გარეთ ყინულოვანი ოკეანე უნდა იყოს და დატკბით.

სამუშაო დღის დასაწყისი

1. სამსახურში 5 წუთით ადრე მიდით. უმჯობესია, თუ 15-20 წუთით ადრე მიხვალთ. ოფისი სიჩუმით შეგხვდებათ და მასთან განმარტოების განწყობილება მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ.

ოფისთან ინტიმური ურთიერთობა წაგადგებათ. სურნელოვანი სანთლები აანთეთ, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

2. შეათვალიერეთ საკუთარი სამუშაო ადგილი: საკმარისი სიმყუდროვეა? თუ - არა, მაშინ შეცვალეთ სიტუაცია.

მიიხედ-მოიხედეთ, ოთახში სხვა ადგილი შეარჩიეთ და მაგიდა იქ მიათრიეთ (გვირგვინს ყურადღება მიაქციეთ, არ დაგივარდეთ). შორიდან გახედეთ... მგონი, ძველი ადგილი ჯობდა... ისევ გადმოათრიეთ...

3. გააანალიზეთ, ეს სამუშაო დღე რომელი გლობალური ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. უთხარით მას მადლობა, რომ ამის საშუალებას გაძლევთ.

აქ ცოტა გაურკვეველია, სამსახურს უნდა გადაუხადოთ მადლობა თუ მაგიდას... შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, თავად გადაწყვიტეთ. თუმცა, ორივეს თუ გადაუხდით, ზედმეტი არ იქნება.

4. სასწრაფოდ დაიდგით ჭიქით წყალი, რადგან პერიოდულად აუცილებელია მისი დალევა, თანაც, არანაკლებ 2 ლიტრისა დღეში. ეს ჩვევად გაიხადეთ.

ჭიქით წყალი არ დგას მაგიდაზე? აუჰ! ეს რა მოგსვლიათ?! სირბილით უნდა წახვიდეთ და სასწრაფოდ მოიტანოთ (თუ აუზზე მუშაობთ, აუცილებელი არ არის). უმჯობესია, პირდაპირ 2-ლიტრიანი ქილით თუ დადგამთ. აბა, სანამ მაგდენ წყალს ჭიქით მოზიდავთ, სამუშაო დღე გავა.

5. როდესაც სამუშაო ადგილს დაიკავებთ, ერთი წუთი გონების მოსაკრებად დახარჯეთ.

აბა, თვალები დახუჭეთ... წყალი მოტანილია, სიმყუდროვე და სახეზე ღიმილი - უზრუნველყოფილი... თაფლიანი წყალიც გეხმარებათ გონების მოკრებაში. "მაშ, ოჯახი სავსე ყოფილა, დედაკაცო"... არა, ლუარსაბი და სამსახური რატომ დავაკავშირე, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითკმაყოფილების განცდამ გამოიწვია ეგ ასოციაცია.

სამუშაო დღე

1. მაგიდაზე არ დატოვოთ ის ნივთები, რომელიც კონკრეტული საქმის შესრულებისას არ გჭირდებათ. ეს კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.

მაგიდიდან აიღეთ სარკე, "კოსმეტიჩკა" და საერთოდ, - ყველაფერი. დატოვეთ მხოლოდ ის, რაც იმ წუთში უნდა აკეთოთ. დანარჩენი ნივთები სად წაიღოთ? ქალბატონ ტატიანას ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ამიტომ ვერაფერს გირჩევთ.

2. საათში ერთხელ 5 წუთით შეისვენეთ. თუ ძალიან გადაიღალეთ - 10-15 წუთით. ადექით, გაიარ-გამოიარეთ და შემდეგ დაუბრუნდით საქმეს.

"ჩამოდექი განი, განი, ტაში, ბიჭო, ტაშიო, გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"... (მამაკაცებისთვისაც თუ არსებობს ასეთი წესები, ნეტავ, იქ რა წერია?)

3. თუ სასწრაფო საქმეს აკეთებთ, მაგიდაზე წითელი საქაღალდე დადეთ. დაე, ყველამ იცოდეს, რომ ამ დროს თქვენი შეწუხება არ შეიძლება.

წითელი საქაღალდე სად იყიდება, არ ვიცი და შესაძლოა, არც იშოვებოდეს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ნივთია. მაგრამ მაგიდიდან ყველაფერი ალაგებული რომ უნდა გვქონდეს, რაც არ გვჭირდება, ეგ "კანონი" სად მთავრდება? როგორც ჩანს, წითელ საქაღალდეზე არ ვრცელდება. თანაც, ქალბატონი ტატიანას რჩევები ყველას ხომ არა აქვს წაკითხული და ვინ რა იცის, რა დანიშნულება აქვს წითელ საქაღალდეს? იმ კომპანიის ხელმძღვანელობამ, სადაც მუშაობთ, ყველა თანამშრომელს უნდა განუმარტოს ამის შესახებ და თითოეული თანამშრომელი აღჭურვოს საქაღალდით. ჩამოივლი (გავლა-გამოვლის დროს) და სადაც წითელი საქაღალდე არ იქნება, იქ ჩამოჯდები საჭორაოდ.

4. თუ რაიმე არ გამოგდით, წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში თქვენი საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის გმირი. აიღეთ მისგან მაგალითი.

მაგალითად, ტომი ჯერის სოროში დინამიტს ააფეთქებდა, რომ კვამლი დამდგარიყო და წრუწუნა გარეთ გამოსულიყო... ჰოდა, თუ რამე არ გამოგდით, დინამიტი იქონიეთ თან... თუ ჩემი იდეა არ მოგწონთ, საკუთარ ფანტაზიას მოუხმეთ. იქნებ თქვენ სხვა "მულტფილმი" გიყვართ.

5. თუ რამე გაღიზიანებთ, გაიაზრეთ, რა დისკომფორტის შექმნა შეუძლია მას. მოახდინეთ მისი აბსტრაქცია... შეეცადეთ, ფილმად გარდაქმნათ, საკუთარი თავი კი მაყურებლად წარმოიდგინეთ.

როგორც ვატყობ, ქალბატონ ტატიანას თუ დავუჯერებთ, მთელი დღის განმავლობაში ილუზიებით უნდა ვიცხოვროთ. დედოფალი... პინგვინები... მულტფილმის გმირები... ახლა კიდევ - სიტუაციის ფილმად გარდაქმნა და საკუთარი თავის მაყურებლად წარმოდგენა... ანუ - პროცესის შორიდან ყურება. ღიმილიც კი "მიხატული" უნდა გვქონდეს...

6. დღის განმავლობაში 2 საქმეზე მეტი არ დაგეგმოთ.

ეს რჩევა მომწონს! მხოლოდ 2 საქმე! ერთი გააკეთე, გაიარ-გამოიარე, მეორე გააკეთე და შინ წადი! მორჩა! მისია შესრულებულია! დედოფალს გადაღლა არ შეშვენის...

7. შეეცადეთ, ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, ვისაც ესიმპათიურებით. ასეთი ურთიერთობა ძალას შეგმატებთ და განწყობილებას გაგიუმჯობესებთ.

მე კი ასე ვიტყოდი: ვისაც ესიმპათიურებით და ვისაც მაგიდაზე წითელი საქაღალდე არ უდევს!

სამუშაო დღის დასასრული

1. დროს ნუ ააჩქარებთ. ლოდინი ძალას გამოგაცლით და შესაძლოა, საღამოს გეგმები ვერ განახორციელოთ.

რაღა გეგმები? 2 საქმე ხომ უკვე გააკეთეთ! ჰოდა, მშვიდად დაელოდეთ დღის ბოლოს...

2. შესრულებული სამუშაო გეგმაში პლუსით აღნიშნეთ და შეაქეთ საკუთარი თავი ამის გამო.

ყოჩაღ, მარი! კარგი გოგო ხარ! არა, კარგი კი არა, საუკეთესო! ამ სტატიას უკვე ამთავრებ! ცოოოტა დაგრჩა, სულ ცოტა... მაპატიეთ... გავივლ-გამოვივლი და მოვალ...

3. მომდევნო დღის გეგმა შეადგინეთ და დილით შემოქმედებითი ენერგიის დახარჯვა აღარ მოგიწევთ. საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ მცირე კორექტივებს შეიტანთ.

ხვალ გიორგი გუგავას ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი და დასაწერი... ჟურნალისტების მასალები წასაკითხი, ჟურნალი დასაგეგმი... არა, ჟურნალის დაგეგმვა აღარ გამოვა! მხოლოდ 2 საქმე, დღის განმავლობაში! ე.ი. მთელი დღის განმავლობაში წითელი საქაღალდე მექნება მაგიდაზე.

4. მადლობა გადაუხადეთ სამსახურს. მან თავის გამოჩენისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალება მოგცათ. დაე, "დაიძინოს", ხვალ კი დაბრუნდებით და ისევ "იმეგობრებთ".

მადლობა, სამსახურო, რომ თავის გამოჩენისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალება მომეცი. იძინე მშვიდად... ხვალ ისევ მოვალ ჩემი გვირგვინით, წითელი საქაღალდითა და სახეზე "მიხატული" ღიმილით.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია