18 ნოემბერს ევროპის 53 ქვეყანაში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე აღინიშნება. ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით წელს ეს დღე საქართველოში პირველად აღინიშნა.
ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე ჯანმრთელობის ევოპული ინიციატივაა. ღონისძიების მთავარი მიზანი ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების პროპაგანდაა. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან (გამძლე) ბრძოლა ანტიბიოტიკების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების მიზნით ყველას ეხება. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ და ვინც ამ პრეპარატს მოიხმარენ.
USAID-ის მიერ იმერეთის რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, 10-დან 9 შემთხვევაში ანტიბიოტიკები არასწორად ინიშნებოდა. 2011 წლის ეროვნული ანგარიშების მიხედვით 43% ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას მიმართავდა, მიზეზად კი ფინანსურ ხელმიუწვდომლობას ასახელებდნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ს დაავადებათა კონტროლის (CDC), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), წითელი ჯვრისა და სხვა საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ანტიბიოტიკების საკითხებში, დალინო ლო ფო ვონგმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა:
"იღბლიანი თაობა ვართ, რომ გვაქვს ანტიბიოტიკები, თუმცა საჭიროა, რომ ზოგ ქვეყანაში რეცეპტის კულტურა გაიზარდოს. ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობა ყველას საქმეა. უფრო მეტად უნდა ვენდოთ ექიმებს,რათა გავიგოთ, თუ რა არის უმჯობესი ჩვენი შვილებისათვის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ უნდა გამოიყენოთ ანტიბიოტიკები. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი მხოლოდ საჭიროებისამებრ უნდა მიიღოთ. საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაში კი მედიას ძალიან დიდი როლი უნდა ჰქონდეს."
ამ დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაიბეჭდა და ჯანდაცვის ობიექტების მეშვეობით გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის ზოგადი მოსახლეობის, სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1-ლი იანვრიდან საქართვეოში ამოქმედდება ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის მიხედვით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების (მათ შორის ანტიბიოტკები) ურეცეპტოდ გაცემისთვის აფთიაქები დაჯარიმდებიან.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge