საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს

საძოვრებისა და სათიბების გასხვისების პირველი შედეგი უკვე გამოჩნდა. ქვეყანაში პირუტყვის საკვების დეფიციტია. ერთი შეკვრა თივის ფასმა ზოგიერთ რაიონში ერთბაშად 3 ლარითაც კი მოიმატა. საკვების გაძვირება დაეტყო რძის პროდუქტებსაც - ყველის ფასმა წინა წლების რეკორდი მოხსნა.

"საძოვრებისთვის მიწები არ უნდა მოცდეს", - განაცხადა რამდენიმე წლის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ამ განცხადებით მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივას წერტილი დაუსვა. წლების განმავლობაში, საძოვრებისთვის ხდებოდა სტატუსის შეცვლა და ისინი, როგორც სახნავ-სათესი მიწები ისე იყიდებოდა. შესაბამისად, ათეულობით ათასი ჰექტარი საძოვარი, რომელიც, ძირითადად, უცხოელებმა შეიძინეს, მოიხნა. ახლა კი, გლეხები, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთსა და ქართლში საკვების დეფიციტზე საუბრობენ.

ხაშურის რაიონში მცხოვრებმა ციცო გელაშვილმა, საკვების სიძვირის გამო, საქონლის რაოდენობა შეამცირა. იგი ამბობს, რომ ხაშურის რაიონში მკაცრი ზამთრის გამოისობით საქონელს ნოემბრიდან აპრილამდე შინ ამყოფებენ, ამიტომ 1 სული პირუტყვის გამოკვებისთვის, საშუალოდ, 80 ცალი "პრესია" (თივის შეკვრა) საჭირო. შარშან ერთი "პრესის" ღირებულება 4-5 ლარი იყო, წელს კი უკვე 6-7 ლარია. შესაბამისად, ერთი სული ძროხის გამოზამთრება მინიმუმ 480 ლარი ჯდება.

"5 ძროხა მყავდა. ამ ბოლო დროს, პირუტყვის წველადობაც შემცირდა, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საძოვრები აღარ არის და პირუტყვი სახლში ნახევრად მშიერი ბრუნდება. მართალია, რძე და ყველი გაძვირდა, მაგრამ პირუტყვის საკვები უფრო ძვირია და იძულებული გავხდი 4 ძროხა გამეყიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, 1 პრესში 6 ლარი გადავიხადე. ერთ ძროხას, მარტო თივა რომ აჭამო, 500 ლარამდე უნდა, 5 ძროხის შენახვა 2 ათას ლარამდე ჯდება.

ზამთარში ძროხები შრება და განა რამდენი მაწონი უნდა გამეყიდა (ძირითადად მაწონს ვყიდი), რომ ამხელა ფული ამომეღო. ასე თუ გაგრძელდა, ხალხი ერთ სულსაც ვეღარ შეინახავს, არადა რამდენიმე წლის წინათ ძროხა ოჯახის მარჩენალი იყო", - ამბობს ციცო გელაშვილი.

ახალქალაქის რაიონში მცხოვრები სანდრო ბერიძე ამბობს, რომ თავად რაიონში 1 ცალი "პრესი" 6 ლარი ღირს, სოფლებში კი 7-8 ლარი. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მესაქონლეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა საკვების სიძვირის გამო, იგი უკან მიექანება.

"ჩვენ მხარეში საძოვრები ისედაც ჭირდა და ზამთრის საკვები, ძირითადად, სხვა რეგიონებიდან შემოგვქონდა. საძოვრები და სათიბები იქაც აღარ დარჩა, ამიტომ საკვები ყოველ წელს ძვირდება, თუმცა წელს განსაკუთრებით გაძვირდა. ხალხმა პირუტყვის მასობრივი გაყიდვა დაიწყო. ხელისუფლებამ ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაჭრას, თორემ მალე, ისედაც ამ ღარიბ მხარეში, შიმშილობა დაიწყება", - ამბობს ბერიძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მთლიანად ქვეყნის პრიორიტეტია, მათ შორის, მეცხოველეობაც. ამ ეტაპზე დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იგეგმება საჯიშე მეურნეობების გაძლიერება, ხელოვნური განაყოფიერების სადგურების ქსელის გაფართოება, საკვები კულტურების წარმოება და ხარისხის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტის მკაცრი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა საძოვრების დეფიციტია.

"საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და საძოვრების დეფიციტი ისედაც არსებობდა. ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს. არ შეიძლება გადახნა ისეთი საძოვარი, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ასეულობით სახეობის ბალახი ამოდის", - განაცხადეს სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია 1,7 მილიონი რქოსანი პირუტყვის ყოლა. ასევე აქვს შესაძლებლობა, იყოლიოს 35-40 მილიონი ფრთა ქათამი, რაც მოხსნის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.

"მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - ასკვნის ექსპერტი, რომლის განმარტებითაც საქართველოში არის შესაძლებლობა, ზამთარში შევინახოთ 1,5 მილიონი სული ცხვარი, ხოლო ზაფხულში შეგვიძლია გვყავდეს 2,5 მილიონი.

"თუ მივაღწევთ და საქართველოში მეცხოველეობის დარგს ამ ციფრებამდე ავიყვანთ, არ იქნება საფრთხე. ექსპორტი უმნიშვნელოა. მის საწარმოებლად, ვთქვათ, მეცხვარეობის დარგში, აუცილებელია სელექციური საჯიშე მეცხვარეობის განვითარება. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაწყდეს. ამასთან, უნდა დაიხვეწოს და მივიღოთ რაციონალური ვეტერინარული სამსახური, რის გარეშეც არაფერი გამოვა. აქტიური მუშაობაა გასაწევი ფერმერებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი ამ დარგის მიღწევებით", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

ექსპერტები ასკვნიან, რომ დღეს უკვე მეცხოველოების სულადობის არათუ გაზრდა, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ხელისუფლებას ამ პრობლემების მიმართ სერიოზული დაფიქრება მართებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია