რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?

რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია მასებისთვის მისაღები?

ათეიზმი ღვთის არსებობის უარყოფაა. სიტყვა "ათეიზმი", სიტყვასიტყვით, უღმერთობას ნიშნავს. ათეისტური ხანა - ადამიანთა მასებში ღვთის არსებობის რწმენის დაქვეითება XVII საუკუნეში დაიწყო ევროპაში.

როგორც მამა ლევან მათეშვილმა ერთ-ერთი ქადაგების დროს აღნიშნა: "სიტყვა "ათეიზმი" დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ათეისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბებასა და ამ ტერმინის ქვეშ ადამიანთა დაჯგუფებების გაჩენას XVII საუკუნიდან, ევროპაში დაედო საფუძველი, როდესაც ე.წ. განმანათლებლობა შემოვიდა. მიზეზი ამისა გახლდათ დასავლეთის ეკლესიის განდგომილება. ვიცით, რომ XI საუკუნეში, დასავლეთის ეკლესიის დოგმატური ცდომილებებისა და პოლიტიკური მიზეზების გამო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო. შედეგად მივიღეთ აღმოსავლეთის ეკლესია, რომელიც იწოდა მართლმადიდებელ ეკლესიად, და - დასავლეთის ეკლესია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეწოდა. თითქოს უმნიშვნელო დოგმატურმა ცვლილებებმაც კი, რომელიც დასავლეთის ეკლესიამ მიიღო, ევროპა ინკვიზიციამდე მიიყვანა. დაიწყო მოედნებზე ცეცხლის გიზგიზი, ადამიანთა დაწვა, შეუწყნარებლობა, ქრისტეს სახელით მოკვდინება... თავის მხრივ, ამგვარმა დამოკიდებულებამ, ქრისტესთან ამგვარმა გაუცხოებამ, შეუწყო ხელი ათეიზმის წარმოშობას. მართლაც, ქრისტესგან გაუცხოება, - რადგან არ შეიძლება ადამიანი მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვაგვარად უყურებს დოგმატურ საკითხს, ან ეჭვი მიიტანო, რომ კუდიანია და ამის გამო დაწვა: გინდა თუ არა, უნდა გადაგარჩინო, ამისთვის კი უნდა დაგწვაო, - ამგვარი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით დასავლეთის ეკლესიაზე. მთავარი მიზეზი ათეისტური იდეოლოგიის წარმოშობისა და გაფურჩქნისა სწორედ ეს გახლდათ.

უკვე გვიან შუა საუკუნეებში, XVII-XVIII საუკუნეებში გამოჩნდენენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, - თუ ღმერთი არსებობს, ამგვარ დამოკიდებულებას არ დაუშვებდა, შეუძლებელია, მორწმუნე ორგანიზაციამ ღმერთის სახელით ამხელა სისასტიკე ჩაიდინოს, ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროსო. ცხადია, ეს მოსაზრება არ იყო მართებული, მაგრამ ათეიზმის ტალღა გახლდათ ერთგვარი პროტესტი იმ რეალობის მიმართ, რომელიც მაშინდელ ევროპაში არსებობდა. წარმოიშვა ე.წ. განმანათლებლობა, რაც გულისხმობს, რომ ღმერთი არ არსებობს და ყველა ამქვეყნიური პროცესი ბუნებრივი ძალებით მიმდინარეობს. ამდენად, სიტყვა "ათეიზმის" უკან უკვე რეალური ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ მდგომარეობამდე იმდროინდელი ევროპის სასტიკმა და არაადეკვატურმა რეალობამ მიიყვანა..."

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- შეიძლება, ადამიანებს არ ჰქონდათ კულტურა, სახელმწიფოებრივი წყობა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდათ ღვთის რწმენა. სხვა საკითხია, ვის როგორ და რამდენად მართებულად სწამდა. ღმერთის არსებობის, ზებუნებრივი ძალების სწამდა ადამიანს და ყოველთვის შესთხოვდა მას თავისი მატერიალური ყოფისთვის თუ სხვა საჭიროებისთვის. ათეიზმს კი წინ წამოწეული ჰყავს ადამიანი: ყველაფრის შემოქმედი, მატერიალური სამყაროს ძირი და საფუძველი - ადამიანი, რომელიც თითქოს თვით ბუნებამ შექმნა; იგია მბრძანებელი ბუნებაზე და უნდა გამოიყენოს, როგორც სურს; არავითარ სულიერ ძალასთან ვალდებულება არ აკისრია, თითქოს ყველაფერი ღვთის გარეშე არსებობს. ათეისტურ მიდგომას ქაოსი შემოაქვს ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანი ისევ საკუთარ თავში იკეტება. წმინდა მამები ამბობენ: "შესაძლოა, აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ათეიზმიც რელიგიაა ანუ ურწმუნოებაც რწმენაა. ჩვენ ვიცით, რომ რწმენა ის არის, რაც მეცნიერულად არ საბუთდება. სწორედ ამ ნიშნითაა ათეიზმი რწმენა"... ათეისტური მიდგომით, ღმერთის არარსებობის ერთ-ერთი დამამტკიცებელი არგუმენტი ღმერთის უხილავობაა: - რახან ვერ ვხედავთ, ესე იგი, არ არსებობს. ცნობილი ფაქტი მახსენდება: ერთ-ერთ სულიერ მამას კოსმონავტი ედავება, - კოსმოსში ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ იქ ღმერთი ვერსად დავინახეო. მოძღვარი პასუხობს: ადრე ექიმი ვიყავი და ხშირად მომიხდია თავი ადამიანისთვის, მაგრამ იქ ჭკუა არ დამინახავს, გამიხსნია ადამიანი ოპერაციის დროს, მაგრამ სული არ დამინახავსო. თუ ადამიანმა არ ირწმუნა, ძნელია დააჯერო, არც შეიძლება ვედავოთ. როცა ადამიანს არ უნდა დაინახოს ჭეშმარიტება, მასთან საუბარი უნდა შევწყვიტოთ.

- რატომ გახდა ათეისტური იდეოლოგია ადამიანთა მასებისთვის მისაღები?

- ცხოვრება მატერიალურია, ადამიანი მიწისგანაა შექმნილი და წუთისოფელში ყოფნის ჟამს მატერიალური უფრო იზიდავს. ცოდვით დაცემის შედეგად, ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანის ბუნება ტკბობისკენ მიისწრაფვის, ურჩევნია და უფრო მეტადაც უადვილდება, ვინმეს წინაშე სინდისითა და პასუხისმგებლობით იცხოვროს. ბოროტის უმთავრესი მიზანი და საქმეც ის არის, რომ ადამიანს ღვთის არსებობა დაავიწყოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ჯოჯოხეთიც მოგონილი ყოფილა. გათავისუფლდა თითქოს ამგვარი მსჯელობებით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ათეისტად ყოფნა, ათეისტური აზროვნება, ათეისტური თავისუფლების ცნების მიღება ურჩევნია. მორწმუნე ქრისტიანიცა და ათეისტიც თვლის, რომ თავისუფალია; ორივე აღიარებს, რომ თავისუფლების იდეალები აღმატებულია, თუმცა თავისუფლების სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. ათეისტური მიდგომით თავისუფლება გულისხმობს, აკეთოს ის, რაც სურს, რაც სიამოვნებას ანიჭებს; ქრისტიანი კი ამბობს, - შესაძლოა, მინდოდეს ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება, მიზიდავდეს ცხოვრებისეული სიამეები, მაგრამ ვებრძვი ამ ვნებას, რადგან საწინააღმდეგოა ღვთის მცნებებისაო. ათეიზმი უფრო მორგებულია მიწიერისკენ მიდრეკილი ადამიანის ბუნებაზე, უფრო კომფორტულია ადამიანისთვის იმ გაგებით, რომ ადამიანი შეზღუდული არ არის თავის ქმედებაში. ქრისტიანული თავისუფლება კი სხვას ითხოვს ადამიანისგან. ქრისტიანიც ამბობს, თავისუფალი ვარო, მაგრამ ქრისტიანული თავისუფლება ნიშნავს - ფლობდე საკუთარ თავს, მანკიერ თვისებებს, იოკებდე აგრესიას. განა არ აქვს, მაგრამ გმობს, აკონტროლებს, ებრძვის მათ. ქრისტიანობა გვასწავლის და გვიქადაგებს, როგორ ვერიდოთ ცოდვას, ცოდვის მორიდების ყველაზე ქმედითი საშუალებაა მუდმივი ფიქრი ჯოჯოხეთის შესახებ: როცა ადამიანი ჯოჯოხეთზე იწყებს ფიქრს, ცოდვებთან და მანკიერ თვისებებთან ბრძოლა უადვილდება. ათეიზმმა ადამიანს ღმერთის არსებობა, ჯოჯოხეთის არსებობა დაუმალა; ეუბნება, - ამ სამყაროს მიღმა არაფერი არსებობსო... ადამიანიც ცდილობს, მაქსიმალურად დატკბეს მატერიალური სამყაროთი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფალმა ადამიანისთვის შექმნა, რომ ამ წუთისოფელში სწორად ცხოვრება, მატერიალური სამყაროს სწორად გამოყენება შეძლოს და სანაცვლოდ - ღვთისგან უმაღლესი ჯილდო - სასუფეველი მოიპოვოს.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია