უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში 40 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, 09.00 საათის მონაცემებით, გათიშული იყო 50 000 აბონენტი, თუმცა ამ დროისთვის 10 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ და ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, ელექტრომომარაგების აღდგენა გათიშული აბონენტებისთვის მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდება.
ამ ეტაპზე ძირითადად გათიშულია იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის აბონენტების ნაწილი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.