ბოლო დღეებში გავრცელებულმა ინფორმაციამ ელიტური სასაფლაოს არსებობის შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. ქუჩებში გამოკრულ სარეკლამო ტიპის განცხადებაში წერია, რომ ვაკეში, რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ელიტური სასაფლაო გაიხსნა.
როგორც ირკვევა, სასაფლაოზე ერთი ადგილი 1.500 დოლარი ღირს. მიცვალებულისთვის წესის აგების მსურველებს კი შეუძლიათ იქვე მდებარე ეკლესიას მიმართონ. ფასის გარდა, საზოგადოება სიტყვა "ელიტურმა" გააღიზიანა. თუ რას გულისხმობენ ამ ტექსტის შემდგენელნი ელიტურობაში, ამის გარკვევას შევეცადე. "ელიტური სასაფლაოს" საკონტაქტო პირები განმარტავენ, რომ ეს სახელი მხოლოდ და მხოლოდ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაარქვეს და მიცვალებულთა დასაკრძალად განსაკუთრებული კრიტერიუმები არ არის საჭირო.
იმის გასარკვევად, თუ რითი გამოირჩევა ეს სასაფლაო, მისი მონახულება გადავწყვიტე. რუსეთის ყოფილი საელჩოდან გზას ფეხით გავუყევი და შემხვედრ ქალბატონს ზემოხსენებული სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მისწავლება ვთხოვე. მიმასწავლა, მაგრამ გაბრაზდა და ეს გაბრაზებაც გამოხატა:
"ქართველებს ყოველთვის ჩვევად გვქონდა საზოგადოების დაყოფა. ხან უბნებად ვიყავით დაყოფილები, ხანაც კი სოფლელებად და ქალაქელებად. მიცვალებულების ელიტურად და არაელიტურად დაყოფა კი მართლაც მეტისმეტია. ჩვენი მეტიჩრობის ამბავი რომ ვიცი, ამ სასაფლაოზე ბევრი თავის მიცვალებულს მხოლოდ ამ სახელის ხათრით დაკრძალავს. ალბათ, ეს განცხადებაც ასეთი ხალხისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამან მე და სხვა ბევრიც ძალიან გააღიზიანა" - ამბობს ნანა გელაშვილი
გზას ვაგრძელებ და ვაკის სასაფლაოს ეზოში შევდივარ, სწორედ ამ ეზოდანაა შესაძლებელი "ელიტურ სასაფლაომდე" მისვლა, სამანქანო გზაც გაუჭრიათ და მის ტერიტორიაზე მანქანით შესვლაც შესაძლებელია. შესასვლელთან ბანერზე სასაფლაოს მოდელირებული ვერსიაა გაკრული, სადაც წერია, რომ თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურში კორექტირებული პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს.
სასაფლაოს ეზოში ადმინისტრაციული შენობაც დგას, რომელიც ამ ეტაპზე არც ისე კეთილმოწყობილია და ბოქლომი ადევს.
ნელი ნაბიჯებით მივუყვები და ვათვალიერებ ამ დუმარე ადგილს, სადაც მხოლოდ 2012-2013 წლებში გარდაცვლილები არიან დასაფლავებული, მათი რიცხვი არც ისე ცოტაა.
იქვე, ახალგარდაცვლილი მეგობრების საფლავებთან ახალგაზრდები მოვიდნენ. სანთლები დაუნთეს და ჩემი ვინაობითაც დაინტერესდნენ, შემდეგ კი აღშფოთება მათაც ვერ დამალეს.
- რა ელიტური? საიდან მოიტანეს, არც ვიცოდი, თუ ამ სასაფლაოს ასე ერქვა.
- ამბობენ, რომ აქ ერთი ადგილი საკმაოდ ძვირი ღირს.
- ადგილი 1.500 დოლარი ღირს, მაგრამ არც სხვაგანაა იაფი, მაგალითად, ვაკის სასაფლაოც საკმაოდ ძვირია. თან იქ საფლავს შეიძლება ვერც მიაგნო, აქ კი ნორმალური ადგილია, ადვილად მიხვალ შენს მიცვალებულთან. ვიცი, რომ ეს კერძო სასაფლაოა, მაგრამ ვურჩევთ, სახელი შეუცვალონ.
მაფიოზების სასაფლაო
გასული საუკუნის 90-იან წლებში ეკატერინბურგი რუსეთის კრიმინალური დედაქალაქი იყო. ამ ქალაქში ბევრი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ცხოვრობდა და შესაბამისად, შიროკორეჩენსკის სასაფლაო მათ უკანასკნელ განსასვენებლად იქცა. ადგილობრივებმა ამ სასაფლაოს მაფიოზების სასაფლაო შეარქვეს. საფლავის ქვებზე მითითებულია არა მხოლოდ მიცვალებულების გვარ-სახელები, არამედ მათი მეტსახელები და "ნიჭი" - "ის მაგარი იყო დანის ხმარებაში" ან "ტოლიკა საქმეებს მაგრად არჩევდა". ერთი ადგილის ფასი რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)