პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო

პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურები გართულდა. ეს კი, პირველ რიგში, იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა აქამდეც ჰქონდა. ამის შემდეგ კი ის უფრო მეტად გაჭირდება. თუმცა, იმის გამო, რომ ინაუგურაციის მეორე დღესვე დაიწყო ფრაქციებს შორის გადაჯგუფება, შესაძლოა, მალე ეს პრობლემაც აღარ იყოს.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 2/3-ის ნაცვლად პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება.

კვორუმის გაზრდასთან ერთად რთულდება კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. თუ აქამდე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 2 კვირის განმავლობაში განხილვა და დამტკიცება, დღეიდან ეს ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, 3 თვის ინტერვალით უნდა მოხდეს.

მმართველმა კოალიციამ კონსტიტუციის გადასინჯვის მოქმედი პროცედურების ძალაში დატოვება სცადა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის"კატეგორიულად უარყოფითი პოზიციის გამო პროექტის გატანა ვერ მოხერხდა, რადგან მმართველ კოალიციას პარლამენტში არ ჰყავს 100 დეპუტატი, რაც აქამდე მოქმედი ნორმის თანახმად საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის იყო საჭირო.

გარდა ამისა, ძალაში შევიდა 2010 წელს სააკაშვილის ინიციატივით მიღებული ყველა ის ნორმა, რომლის თანახმად იზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებები და მცირდება პრეზიდენტის. პრეზიდენტის უფლებამოსილება, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა-განხორციელება ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. კონსტიტუციურად, პრეზიდენტი რჩება როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.

პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ის ასევე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ-მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.

პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება. პრეზიდენტს აღარ აქვს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმიც.

გარდა ამისა, მას აღარ აქვს პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეუძლია დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებს და ვერ შეძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.

ყველა ეს უფლება კი გადადის ან პრემიერ-მინისტრის ფუნქციებში, ან ხდება მთავრობის ფუნქცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და იმის გამო, რომ მინისტრების მოხსნა და დანიშვნა მთლიანად პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული, მათზე პრემიერ-მინისტრის გავლენა უფრო მეტად იზრდება.

მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია მნიშვნელოვანწილად შესაცვლელია და უკვე შექმნილია კომისია, რომელმაც ახალი პროექტი უნდა შეიმუშაოს, სადაც ხელისუფლების დანაწილება თანაბრად მოხდება და ამიტომ უნდოდათ, რომ ამ ეტაპზე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა აქამდე არსებული ნორმით მომხდარიყო, რათა არ გართულებულიყო ეს პროცესი. თუმცა, ეს აღარ მოხერხდება, პროექტის მიღება ახალი კვორუმით მოხდება.

საკონსტიტუციო კომისია დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. კომისია მუშაობას უკვე დაიწყებს, რადგან შექმნისას ითქვა, რომ მუშაობა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებოდა და პროექტი ზაფხულის ბოლომდე უნდა მოამზადოს, რის შემდეგაც დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვა.

თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ამ ნორმების ამოქმედების პარალელურად პარლამენტში ფრაქციებს შორის გადაჯგუფების პროცესიც აქტიურად დაიწყო.

ორშაბათს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა"დავით ბეჟუაშვილმა დატოვა. "პირველ რადიოს" ბეჟუაშვილმა განუცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერდა, თუმცა პარტიულ საქმიანობას არასოდეს ეწეოდა. დავით ბეჟუაშვილი პარლამენტში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

შესაბამისი განცხადებით დავით ბეჟუაშვილმა პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა. როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დამატებითი განცხადება რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ ბეჟუაშვილს არ წარმოუდგენია. "ე.ი. ის უერთდება უფრაქციო დეპუტატების რიგებს. ვიღებთ ცნობად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარია. იგი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

საინტერესო კი ის არის, რომ ბეჟუაშვილის "ნაციონალებიდან"წასვლის შესახებ მოლოდინი ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაბრუნების შემდეგ ის მარიკა ვერულაშვილთან ერთად ფრაქციას შექმნიდა. შეგახსენებთ, რომ მარიკა ვერულაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ახლო მეგობარი და მისი გუნდის წევრი იყო, "ნაციონალებს"რამდენიმე თვის წინ გაემიჯნა.

ვერულაშვილისგან განსხვავებით, დავით ბეჟუაშვილს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ის არასოდეს ყოფილა აქტიური დეპუტატი და პრინციპში პარლამენტის სხდომებსაც იშვიათად ესწრებოდა. თუმცა, პარლამენტში ყოველთვის ჩნდებოდა, როდესაც იქ პატრიარქი ან პრეზიდენტი მიდიოდა. ის ძირითადად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული.

ძნელი სათქმელია, ის და ვერულაშვილი ერთად შექმნიან თუ არა ფრაქციას, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთი მათგანი "ნაციონალებთან"აღარ მოიაზრება. ამიტომაც, დიდი ალბათობით, ისინი გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით მმართველი ძალის პოზიციას გაიზიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ გუნდში დარჩებოდნენ.

უახლოეს პერიოდში კი, შესაძლოა, იგივე გააკეთოს კიდევ ერთმა დეპუტატმა უმცირესობიდან - კობა ნაყოფიამ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი"ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალები"ყველაზე შეკრულად სწორედ პარლამენტში გამოიყურებიან. გუნდი ყოველთვის ერთიან განცხადებას ავრცელებს, მათი პოზიციები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს, ბოიკოტის შემთხვევაში ისინი ერთდროულად ტოვებენ ხოლმე დარბაზს და შეფასებებიც არასოდეს ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

ამის პარალელურად კი საუბარი მიდის იმაზე, რომ საკუთარი რიგების გაცხრილვას "ქართული ოცნებაც"იწყებს. ყოველ შემთხვევაში, უკვე დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ პირველ რიგში დავით ლორთქიფანიძის ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს, რომ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის საკითხი პარტია "ქართული ოცნების"პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვის საგანი იქნება. საგანელიძის თქმით, დატოვებს თუ არა ლორთქიფანიძე პარტიას, ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

"ფრაქციის სხდომაზე ნამდვილად ვიმსჯელეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება დავით ლორთქიფანიძის გარკვეულ ჩარევას ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში. მან ამაზე გარკვეული შენიშვნები მიიღო. გარდა ამისა, განვიხილეთ თემა, რომელიც საარჩევნო შტაბის საქმინაობას ეხებოდა - დავალებები, თხოვნა, რაც ლორთქიფანიძეს შტაბიდან მიეცა, მან თავისებურად შეასრულა, შტაბის გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილა.

"თემა ფრაქციის სხდომაზე განვიხილეთ და, მე როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ამაზე პრეტენზიები გამოვთქვი. ასევე გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები, რომ ის აქტიურად ერევა ვანის რაიონის თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც დეპუტატის მხრიდან სწორი და მართებული საქციელი არ არის. ეს შენიშვნები მან მიიღო.

"გადაწყვეტილებას მისი პარტიაში ყოფნა-არყოფნის შესახებ ფრაქცია ვერ მიიღებს, ამაზე პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. მოგეხსენებათ, პარტია 24 ნოემბერს ყრილობას მართავს, სადაც ახალი პოლიტსაბჭო შეიქმნება და აღნიშნულ თემას სწორედ პოლიტსაბჭო განიხილავს. მოგვიანებით ამაზე შეიძლება ფრაქციამაც იმსჯელოს", - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

საბოლოოდ როგორ გადაჯგუფდება პარლამენტში ძალები, ძნელი სათქმელია და ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს, რადგან მათი თქმით, "პროცესი ახალი დაწყებულია და სურათის გამოკვეთისთვის დროა საჭირო". თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შარშანდელი არჩევნების შემდეგ ექსპერტთა დიდი ნაწილი სწორედ იმაზე საბურობდა, რომ ძალთა რეალური გადანაწილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდებოდა.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა