ძალიან დიდი პატივია, ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს რათა ის დიდ ნდობა გაამართლოს, რომელიც მას გამოუცხადა კოალიციამ და ბიძინა ივანიშვილმა.
"ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გამომიცხადეს ნდობა. ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და თავდაუზოგავად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი ცივილიზებული ქვეყნების გვერდითაა.
"პრეზიდენტად ავირჩიეთ გიორგი მარგველაშვილი, რითაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" და ძირეული რეფორმების განხორციელებას. გასული ერთი წლის განმავლობაში, რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, კოჰაბიტაციის პირობებში, რომლის პრეცედენტიც ჩვენ ქვეყანას არ ჰქონია, ჩვენმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირების და ანგარიშსწორების თავიდან აცილება. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება. ამ ერთი წლის განმავლობაში, "ქართულმა ოცნებამ" ყველას დაანახა, რომ საქართველოს ადგილი ცივილიზებული ქვეყნების გვერდითაა. ჩვენ ჩავატარეთ ცივილიზებული არჩევნები და ძალიან მიხარია, რომ ამ არჩევნებს ძალიან კარგი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ქვეყანა მმართველობის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ახალი მმართველობის პირობებში ჩვენს გუნდს აქვს დაკისრებული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.