ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული

ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული

2 წელი, 1 თვე, 2 კვირა და 3 დღე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის კალენდარული ათვლა 778-ე დღეს სრულდება. პოლიტიკოსობის გზის ბოლო დღეს 24 ნოემბერს გაივლის, იქამდე კი პრემიერ-მინისტრობის ბოლო დღე აქვს...

ისე, როგორც მოსვლა, წასვლაც სხვებისგან განსხვავებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი მეთოდით მიდის - საკუთარი ნებით, ვადის ამოწურვამდე... ამ განსხვავებულობით მან მსოფლიო პოლიტიკაში უკვე შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში ორ ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციას აძლევენ: როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრს სურდეს "უბრალო მოქალაქეობა", ან როგორ უნდა მოიხსნას პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მის მიერ შექმნილი პრეცენდენტის გამო ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პირველი პრემიერია, რომლის დარჩენას მთავარი ოპოზიციური პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი ითხოვენ. ის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც იმიტომ არ მიდის, რომ "მაინც გადაყენებას უპირებდნენ".

პოლიტიკაში მოსვლა 2 წლის, 1 თვის და 2 კვირის წინ - 2011 წლის 5 ოქტომბერს ერთ წინადადებიანი განცხადებით დაანონსა: "მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - გაპოლიტიკოსების შესახებ ანონსმა, ვისთვის როგორ, პოლიტიკური ცხოვრება თავდაყირა დააყენა – მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობით ყელში ამოსულ ხალხში იმედი გაჩნდა... "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პირველად, 9 წლის განმავლობაში, მოსვენება დაკარგა...

პრემიერ-მინისტრობას წინ ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსით განვლილი ერთი წელი უძღოდა – თავადაც ამბობს, რომ ეს გზა იოლი არ იყო – მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ივანიშვილგან მოსალოდნელი საფრთხე და ხელისუფლების დაკარგვის რეალური შესაძლებლობა გაანალიზა, "მოსვენებადაკარგული მდგომარეობიდან" "მოქმედებაზე" გადავიდა – სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის შეფასებები რომ გამოვიყენოთ, "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით", "უკანონოდ", "დაუსაბუთებლად", "დისკრედიტაციის მიზნით" დაიწყო კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთა და მხარდამჭერთა (ისევ არასამთავრობოების შეფასებებით) დაჭერები, შანტაჟი, ქონების ჩამორთმევა, დაყადაღება და მრავალწერტილი, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონია... საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტად ებრძოდა სააკაშვილი ივანიშვილს, მით მეტად იზრდებოდა გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენის რეიტინგი – 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აქვს. იმ პერიოდიდან ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი მართავს. 

პრემიერ-მინისტრობის ერთწლიანი პერიოდით და ოქტომბრიდან ოქტომბრამდე მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობით კმაყოფილია. ამბობს, რომ მის მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ წელიწადში იყო შესაძლებელი. მთავრობის გარდა, აკვირდებოდა მედიის და არასამთავრობო სექტორის საქმიანობას – ჟურნალისტებსა და ექსპერტებს მათ მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე არგუმენტებს თხოვდა. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტოლოგთა სექტორისადმი ამ პოლიტიკის გამო მას "ცენზურაში" ადანაშაულებდნენ, ამბობდნენ, რომ ივანიშვილს კრიტიკული აზრის მოსმენა არ უყვარდა, თუმცა თავად, ჟურნალისტთა და პოლიტოლოგთა "მიჯირყვნის" მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავდა და განმარტავდა, რომ საზოგადოებრივი კულტურის ამაღლება სურდა. ივანიშვილის აზრით, დაუსაბუთებელი ბრალდებები სწორედ დაბალი საზოგადოებრივი კულტურის მაჩვენებელია. პოლიტიკიდანაც ამ კულტურის ასამაღლებლად მიდის...

პოლიტიკიდან წასვლა პოლიტიკაში მოსვლამდე დაანონსა. ივანიშვილი ჯერ კიდევ მის გამოჩენამდე გავრცელებულ პირველ განცხადებაში წერდა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაც "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის შეცვლაში მდგომარეობდა, 2-3 წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც წავიდოდა... პირობა ქართულ საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში შეახსენა – პოლიტიკური მოღვაწეობის თითქმის 2 წლის თავზე...

პოლიტიკიდან მიდის, თუმცა საქმიანობას, რომელმაც სახელი, გავლენა და მილიარდები მოუტანა, არ უბრუნდება. ივანიშვილი საქართველოს წინაშე საკუთარი ამოცანის შესრულების მეორე და უფრო გრძელ გზას ადგება – პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში ინაცვლებს, დაბალი საზოგადოებრივი კულტურის ასამაღლებლად...

სამოქალაქო სექტორიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნულის ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს და პირობას დებს, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში "ქართული ოცნების" მიერ საზოგადოებისთვის მიცემული ყველა დაპირება მის გარეშე, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის მიერ დატოვებული მემკვიდრის ხელმძღვანელობით, გადაჭარბებით შესრულდება. თავად სამოქალაქო სექტორის განვითარების 20-წლიანი გეგმა აქვს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დასრულებაც სწორედ ამ დროისთვის წარმოუდგენია.

2 წელი, 1 თვე, 2 კვირა და 3 დღე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის კალენდარული ათვლა 778-ე დღეს, 24 ნოემბერს დასრულდება. ივანიშვილი პოლიტიკოსის სტატუსით საზოგადოებას "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაემშვიდობება, იქამდე კი ყოფილი ბიზნესმენი, 24 ნოემბრის შემდეგ ყოფილი პოლიტიკოსი და სამოქალაქო სექტორის მომავალი აქტიური წევრი პოლიტიკიდან მისი წასვლისადმი კრიტიკულად განწყობილებს შემდეგი სიტყვებით პასუხობს: "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ".

ბიძინა მოდის, მოემზადეთ, ვისაც მის წინააღმდეგ ბრალდებების გასამყარებელი არგუმენტები არ გაქვთ!

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა