სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი

სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი

ზურა ბალანჩივაძე ფართო საზოგადოებამ "ნიჭიერით" გაიცნო. მე კი მისი სტვენა ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ, თსუ-ს მეექვსე კორპუსში ლექციების დროს მესმოდა. ვხვდებოდი, რომ ეს ჩვეულებრივი სტვენა არ იყო, მაგრამ ასეთ პოპულარობას თუ მიაღწევდა, მაშინ ვერ ვიფიქრებდი. მახსოვს, ერთხელ ლექციის მსვლელობისას აუდიტორიის კარი შემოაღო და შემოგვსტვინა, მაშინ ყველას გვეუცნაურა, მაგრამ თანდათან მეექვსე კორპუსი და ზურას ლაღი სტვენა ყველასთვის ბუნებრივი გახდა. ზურა ჩემი დის მეგობარია, ერთად სწავლობნდენ თსუ-ში. ერთ დღეს სახლში მაგიდაზე თხელ, აქამდე უცნობ წიგნს წავაწყდი, მარიტასთვის უჩუქებია... და მაშინ უკვე სხვანაირი, მწერალი ზურა გავიცანი.

შემდეგ სოციალური ქსელი "ფეისბუქი" გახდა პოპულარული და ზურაზე დაკვირვება ინტერნეტით გავაგრძელე. ვხვდებოდი, არ ჰგავდა ყველას. ახალგაზრდა ბიჭი რომ ოპერას მოუსმენს, მარია კალასით იქნება შთაგონებული და თან დროდადრო თავისავე შესრულებულ საოპერო არიებს თამამად განათავსებს იუთუბზე, მიხვდები, რომ რაღაცისთვის ემზადება. და აი, ახლა უკვე "ნიჭიერის" ნახევარფინალისტია.

ორი დღის წინ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ზურას ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. მივდიოდი გამოფენაზე და სადღაც გულის კუნჭულში ეგოისტურად მიხაროდა, რომ მისი ნახატები უკვე ნანახი მქონდა.

სიმართლეს ვიტყვი, ძნელია იცნობდე ადამიანს და მასზე წერდე. ჩვენი ინტერვიუ თეატრის ფოიეში შედგა.

ბანალურ კითხვას ვუსვამ, რამდენად იოლი აღმოჩნდა საკუთარ ნახატებზე ფასი დაგედო და გასაყიდად გაგემეტებინა-მეთქი. ამბობს, რომ ბევრი იფიქრა, - " ყველაზე რთული საკუთარი ნაშრომის შეფასებაა, ერთგვარი დილემაა სუბიექტურობასა და ობიექტურობას შორის. მაგრამ ხელოვანს არ უნდა ეთაკილებოდეს თავისი ნიჭით ფულის შოვნა. ვიცნობ ასეთ ადამიანებს, მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, თუნდაც ახლა, ამ გამოფენის დროს."

ფიქრობს, რომ არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ძნელია იყო ხელოვანი და ერთგვაროვანი შეფასება ჰქონდეს შემოქმედებას. მაშინ, როცა ვიდეობლოგინგით იყო გატაცებული და თავის ნამღერს იუთუბის მეშვეობით ფართო საზოგადოებას აცნობდა, მოწონებასთან ერთად კრიტიკასაც იმსახურებდა, თუმცა კრიტიკისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს. საწყენია კრიტიკა კრიტიკისათვის, კრიტიკა რჩევის სახით - რამდენიც გენებოთ.

ვეკითხები, რატომ სტვენა, და არა სიმღერა-მეთქი.

"რატომაც არა, ადრე ვმღეროდი, ახლა დრო აღარ მრჩება. თანაც სიმღერას ვოკალის პედაგოგი სჭირდება. თუ სწორად არ მღერი, შეიძლება ხმა დაიზიანო. არის ოპერაში ისეთი პარტიები, რასაც კაცის ხმა ვერ შეასრულებს. ჩემთვის კი სტვენა ერთგვარი ინსტრუმენტია ვოკალსა და მუსიკას შორის. რადგან სამხატვრო განათლება არ მიმიღია, საყრდენი მუსიკაში ვიპოვე, მუსიკა ჩემი მეორე მხარეა. ახლა სხვა ჟანრზე ვარ გადართული, ალტერნატიული და კონცეპტუალური როკი მომწონს, რედიოჰედი, ფინქ ფლოიდი.

ოპერა მარია კალასის მეშვეობით გავიცანი. კალასი რომ არა, ალბათ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცები არ მოხდებოდა, ახლაც ქალღმერთია ჩემთვის. ყველაზე დიდი ბედნიერება მაშინ ვიგრძენი, როცა მუსიკაში სწორედ ეს კარი შევაღე."

გავა დრო, ზურას უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და დააფასებს, მე კიდევ ამაყად ვიტყვი, რომ მას პირველი კურსიდან ვიცნობ და ყოველთვის მემახსოვრება თავზე ცილინდრით, ყურებში ყურთსასმენითა და სტვენა-სტვენით თსუ-ს მიდამოებში მხიარულად და ენერგიულად მოსიარულე ზურა, იგივე ზურიუსი.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია