როგორ იკარგებოდნენ საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ

როგორ იკარგებოდნენ საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს-ს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საქმის ძიებისას "საუბედუროდ, საპარლამენტო უმცირესობისათვის "სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება". მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე პიროვნებაზე მიმდინარეობს და ძალიან საგანგაშო შედეგი დაიდება.

"უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ", - ეს განცხადება ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას გააკეთა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ეჭვით თუ პოლიტიკური მიუღებლობის გამო ასეული ადამიანია ლიკვიდირებული.

მაისაიას ეჭვი არ ეპარება, რომ დაკარგული ადამიანების საქმეების ძიებისას დიდი ალბათობით ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი ამოტივტივდება და მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ყოფილი ჩინოვნიკი ვანო მერაბიშვილის ყოფილი პირველი მოადგილე ამირან მესხელი იქნება.

"ეს ყველაფერი კონკრეტული ბრძანებით ხორციელდებოდა. თუნდაც თედეევის დაკავების ბრძანება ვიღაც მაღალჩინოსანმა ხომ გასცა?! შემიძლია დავასახელო ამირან მესხელი, რომელიც ასეთი ტიპის გატაცებებში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა.

ის ახლა ძებნაშია, თუმცა, მგონია, რომ ის შეიძლება მოკლულიც იყოს და დღეს ამგვარი უკანონო ბრძანებების გამოცემით მოიშორეს. მესხელის მაღლა იდგა ვანო მერაბიშვილიც..." - ამბობს მაისაია.

მისი თქმით, 2008 წელს იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც დაკარგულია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ არის მოტაცებული და მათგან ვინც წამებას ვერ გაუძლო, ისინი დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია.

მაისაია აცხადებს, რომ "2007 წლიდან საქართველოში ზონდერბრიგადები და სიკვდილის ესკადრონები მოქმედებდნენ და რატომღაც ამაზე არავინ ხმას არ იღებს".

"ზონდერბრიგადები ტაქტიკურ ზონებზე მუშაობდნენ, ისინი მიტინგის დარბევას ახორციელებდნენ და ქუჩური ჯგუფი იყო. გაცილებით საშიში, გასამხედროებული და ნახევრად იატაკქვეშა ჯგუფები იყვნენ - სიკვდილის ესკადრონები, რომლებიც ადამიანების მოტაცებას და წამებას ახორციელებდნენ. ამის ფაქტები არსებობს, არის ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ სიკვდილის კოლონები მართლაც არსებობდა. ჯერჯრეობით მის ვინაობას ვერ გავახმაურებ. ის ჩართული იყო ამ საქმიანობაში და გარკვეულ დონეზე ცნობილი პიროვნებაცაა...

"ცრუ დაკარგვის ფაქტი საკმაოდ ბევრი იყო. 2008 წელს ადამიანთა დაპატიმრება მასობრივად ხდებოდა, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. კუდ-ის, სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლების მიერ ხდებოდა ადამიანების გატაცება ოფიციალური ბრალდებით, შემდეგ პოლიციაში მიჰყავდათ და მათ აწამებდნენ. ვინც წამებას ვერ უძლებდა, კვდებოდა და შესაბამისად, მათ გვამს ანადგურებდნენ", - ამბობს მაისაია და დასძენს, რომ მის ბრალდებაშიც არის ნახსენები ოსი ეროვნების სამი ადამიანის გვარი - ცხინვალში მცხოვრები ალექსანდრე ბიბილოვი, პეტია გაბარაევი და გიორგი დოგუზოვი და სად არიან ისინი, დღესაც არ იცის.

ვახტანგ მაისაია: "უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმის გამოძიებას გრიფით საიდუმლო ადევს და შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გრიფს ცოცხალი თავით არ ხსნის. პირადად ჩემ წინააღმდეგ არსებულ სს საქმეზე გეტყვით - საქმეში მიწერია სამი ოსის პირის გვარი და დღემდე არ არის დადგენილი, ვინ არიან და სად არიან ეს ადამიანები. მხოლოდ ერთი პიროვნების დადგენა მოვახდინე, ეს არის ალექსანდრე თედეევი, რომელიც დღესაც სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ჩემთვის ესეც დაუდგენელია, რატომ არ ათავისუფლებენ მას.

"ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს პირდაპირ შეუძლია ომის დროს ოსი ეროვნების დაკარგულ ადამიანებზე ილაპარაკოს. ის კოკოითის მიერ დევნილი იყო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ომის დროს, 6 აგვისტოს, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. შემდეგ "ჯაშუშობა" მოუხსნეს და საქმე ყაჩაღობასთან დაკავშირებით "შეუკერეს". სასტიკად აწამეს და სცემეს, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა.

"შემდეგ ის ჩემს საქმეს მიაბეს. უნდოდათ ისევ ჯაშუშობის ბრალდება დარჩენოდა. ჩემზე მიყურადება, რომელიც რატომღაც დღესაც გრძელდება და არ ვიცი რატომ, დაიწყო ვითომ იმის გამო, რომ მე სამხრეთ ოსეთის "კაგებეს" უფროსის - ვინმე იარავოის მრჩეველი ვიყავი. როგორ უნდა ვყოფილიყავი მისი მრჩეველი, ეს მეორე საკითხია და საქმეში ოთხი ოსის გვარი იყო დაფიქსირებული.

"შემდეგ გლდანის ციხეში ალექსანდრე თედეევი რომ გავიცანი, ამის შემდეგ ჩემს საქმეში მისი გვარი ამოხეული იყო, დანარჩენი სამის გვარი კი დატოვეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სამივე მათგანი დაკარგულია და იქნებ თქვენ მაინც მოიძიოთ, ვინ არიან. როგორც ჩანს, ეს ადამიანებიც თედეევის მსგავსად დააკავეს და აწამეს.

"თედეევი მოჭიდავე იყო და წამებას გაუძლო, მაგრამ რომ შემოკვდომოდათ, მის ცხედარს გადააგდებდნენ და ადამიანი დაკარგულად ჩაითვლებოდა. ასეთი ფაქტი ბევრი იყო. მთავარია დადგინდეს, რა ტექნოლოგიით მუშაობდა სპეცსამსახურები, მერე უფრო იოლია დაკარგული ადამიანების საქმეების ძიება და გვამების აღმოჩენა მაინც. ჩემი ვარაუდით ასეული ადამიანი იქნება სპეცსამსახურების მიერ ლიკვიდირებული".

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის დროს მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პრემიერობის კანდიდატს 2008 წლის ომის დროს რეინჯერი დავით ცინდელიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა.

"მე ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი თქვენ მიერ ნახსენებ ცინდელიანზე, მაგრამ, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანია გამქრალი უგზო-უკვლოდ", - უპასუხა ღარიბაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

"სამწუხაროდ და საუბედუროდ, საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში. ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე.

ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ. სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, ლიკვიდირებულია...

არ შეიძლება ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რამდენიმე ასეულ ადამიანზე და არა ერთი და ორ ადამიანზე..." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანის გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.

ცნობისათვის, 2008 წელს დაკარგული დავით ცინდელიანის საქმის გამოძიებას მისი ოჯახი დღემდე ითხოვს და ოჯახი ამ კონკრეტულ შემთხვევაში აფხაზეთის კუდის ყოფილ უფროსს, რომან შაფათავას ადანაშაულებს.

ოჯახის წევრების თქმით, დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიკარგა, მას შემდეგ კი გამოძიებამ 8 პროკურორი შეიცვალა, თუმცა არც დამნაშავეები დასჯილან და არც დავით ცინდელიანი გამოჩენილა.

როგორც ცინდელიანის დედა აცხადებს, მისი შვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც კუდ-ის თანამშრომლებს ზემო კოდორის დაკარგვის გამო უსაყვედურა და უთხრა, რომ ისინი ამ ბრძოლიდან თოფის გაუსროლელად, მოსახლეობაზე ადრე გამოიქცნენ. ოჯახის წევრების თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ ცინდელიანი ქუთაისში სატყეო დეპარტამენტში თათბირზე დაიბარეს, თუმცა გზაში ცინდელიანსა და მის მამას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები შეხვდნენ და ცინდელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც ცინდელიანის ბიძა ოთარ ვიბლიანი ამბობს, ის თბილისისკენ მიჰყავდათ, თუმცა მაშინდელი კუდ-ის უფროსის, დათა ახალაიას ბრძანებით ის თბილისში აღარ ჩაიყვანეს, წაიყვანეს ბათუმში და გადასცეს რომან შაფათავას, რის შემდეგაც რეინჯერის კვალი იკარგება.

საქართველოში ამ დრომდე 2 000 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, რომელთა ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორისაა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს დაკარგული პირები, ასევე 2008 წლის ომის დროს დაკარგული ადამიანები.

შს სამინისტრომ მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაკარგულთა სტატისტიკა მოგვაწოდა. საქართველოში 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათგან 194 პირი დაკარგულია 2010 წელს.

ყველაზე მეტი ადამიანი 2011 წელს არის დაკარგული - 198. მათგან მამაკაცია - 134, ქალი - 64; 18 პირი გარდაცვლილია ნაპოვნი; მოსაძებნი დარჩა - 57, დანარჩენებზე ძებნა შეწყდა, შეწყვეტის მიზეზზე შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერი წერია.

2012 წელს დაკარგულია 156 ადამიანი: მამაკაცი - 104, ქალი - 52; 2013 წლის არასრული მონაცემით, დაკარგულად ითვლება - სულ 83. მამაკაცი - 61, ქალი - 22.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 631 ადამიანიდან ცოცხლად ნაპოვნია 61, გარდაცვლილი კი - 69 ადამიანი. სახელმწიფო ჯერაც ეძებს 186 ადამიანს, ხოლო დანარჩენებზე - 315 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანზე ძებნა შეწყვეტილია.

შს სამინისტროს ცნობით, ყველაზე ხშირად საქართველოში 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. ბოლო ოთხ წელში ამ კატეგორიის 225 ადამიანია დაკარგული.

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ