Ambebi.ge-ს სტატიას, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ფულის და ძვირადღირებული ნივთების გამოძალვას ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოყვა. ათობით ადამიანმა საკუთარი პოზიცია სტატიის კომენტარებში გამოხატა. კომენტარების ავტორები ადასტურებენ, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია და რამდენიმე სკოლას ასახელებენ. მათ შორის, ძირითადად ფიგურირებს მე-18, 51-ე, 53-ე და 55-ე სკოლები. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს..
"ძალიან ბევრი შემთხვევაა, ზუსტად ვიცი რომელ სკოლებსაც ეხებათ! 53-ე, 55-ე, 51-ე, ყოფილი მეექვსე სკოლა პეტრიაშვილზე, ახლანდელი 21-ე საჯარო სკოლა. სწორედ უფროსკლასელები, არის შემთხვევები შედარებით დაბალ კლასებშიც. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე. ვითომ კარგი ტიპები არიან, აჩმორებენ პატარებს და მერე ამაყობენ. პირადად მე ვყოფილვარ უამრავჯერ ასეთი ფაქტის მოწმე. მეცხრე კლასელი მეექვსე კლასელს ეუბნებოდა ფული მომეციო, ბავშვი ეუბნებოდა მართლა არ მაქვს, სულ დავხარჯე, სხვა დროს მოგცემო და მეცხრე კლასელს, რომ არ სჯეროდა ახტუნებდა (თუ ხურდის ხმას გაიგებდა ხტუნაობაში ე.ი ფული ქონდა) გავგიჟებულვარ და კბილებითაც დამიცვია, მაგრამ მხოლოდ ერთეულები თუ იქცევიან ასე... სამწუხარო რეალობა!",- წერს ერთ-ერთი ავტორი.
"ეს ყოველდღიური ჩვეულებრივი მოვლენაა მე- 18 სკოლაში, კაი ბიჭები აჩმორებენ პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც... სრული ქაოსი და განუკითხაობაა სკოლაში".
"მე პირადად ამაში პოლიციას ვადანაშაულებ, გუშინწინ ჩემ მეგობარს გამოძალეს ეგრე ფული "კაი ბიჭების" ჯგუფმა, უკან პოლიციის მანქანა ედგათ ამ დროს, ხმაც კი არ ამოუღიათ, უბრალოდ უთვალთვალებდნენ"…
Ambebi.ge-ს მკითხველი მანდატურების უმოქმედებაზეც საუბრობს. ის, რომ მანდატურის უფლებამოსილება მხოლოდ სკოლის შიდა პერიმეტრზე ვრცელდება, ამას მანდატურის სამსახურშიც ადასტურებენ. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი აღნიშნავს, მანდატურის ვალდებულება მხოლოდ სკოლის შიდა პერიმეტრის კონტროლია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მეიფარიანი აცხდებს, რომ კონკრეტულად 51-ე სკოლის პერიმეტრზე თანხის გამოძალვის ფაქტები არ ყოფილა.
"სკოლის გარე პერიმეტერს რაც შეეხება, აქ მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში გავდივართ, მაგალითად, მოსწავლის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში. მშობელმა თუ შენიშნა დარღვევა სკოლის პერიმეტრის გარეთ, უნდა მოგვმართოს და რეაგირება დირექტორსაც უნდა მოთხოვოს. შესაბამისად, მშობლებს მოვუწოდებთ თანამშრომლობისაკენ და ინფორმაციის გაზიარებისკენ.
მანდატურის სამსახური ორიენტირებულია მსგავსი პრობლემების მინიმუმდე დაყვანაზე, შესაბამისად, ვხედავთ საჭიროებას, რომ მანდატურს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შეეძლოს რეაგირება. ამ მიზნით, მომზადებულია მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც ითვალისწინებს მანდატურის გადამზადებას ბავშვთა დაცვის ოფიცრად. ბავშვთა დაცვის ოფიცერი იზრუნებს ბავშვის, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ უსაფრთხოებაზე. მან უნდა შეძლოს მცირე კონფლიქტების მოგვარება და მედიაცია. ამასთან, ბავშვის თხოვნით ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მანდატურს შეეძლება ბავშვი დაცვის მიზნით სახლამდე მიაცილოს", - აცხადებს მეიფარიანი.
ამ საკითხს 51-ე სკოლის ადმინისტრაცია Facebook-ის საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა. ადმინისტრაცია სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს მიმართავს და აცხადებს, რომ ყველა ბრალდებას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა.
"ბოლო დროს, მასმედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომელებიც სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სკოლის დისკრედიტაციას, ავტორიტეტის შელახვას და ემსახურება კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს.
გარწმუნებთ, რომ შინა განაწესის ყოველ დარღვევაზე სკოლას აქვს შესაბამისი რეაქცია.
რაც შეეხება ანონიმური თუ აშკარა რესპოდენტების ბრალდებებს, სკოლა აპირებს ამას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს.
ჩვენ გვესმის, რომ ამ ამბავმა შესაძლებელია გამოიწვიოს მშობელთა შეშფოთება. სკოლის ადმინისტრაცია ჩაატარებს მშობელთა კრებებს, შეხვედრებს და დაინტერესების შემთხვევაში, თქვენს ნებისმიერ კითხვას გავცემთ პასუხს", - აღნიშნულია მიმართვაში.
ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
"კაი ბიჭები" თბილისის პრესტიჟულ სკოლაში,
რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ფულს "აწერენ"
