სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს

სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს

გეგუთის კოლონიაში სადისტურად მოკლული 24 წლის ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს ე.წ. ციხის მაყურებლებს. მისი თქმით, ლევანის ცემა-წამებაში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის და მათ დასჯას ითხოვს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. უცნობია, საქმე როდის გადაეცემა სასამართლოს. შეგახსენებთ: სამართალდამცავებმა ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პატიმარი მისცეს პასუხისგებაში. ასევე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ციხის 5 თანამშრომლის: - შანშიაშვილის, კოხოძის, ბაბუნაშვილის, სინაურიძის (მან ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო. - ავტ.) და ნასარაიას წინააღმდეგ. მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს: სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სიყალბის ჩადენა. კორტავების უფლებებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე და ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის იურისტები იცავენ.

ხათუნა კორტავა:

- როგორც შევიტყვე, კონფლიქტში ტარიელ ონიანის პატიმარი ბიძაშვილებიც მონაწილეობდნენ. ეყოს ვაჟკაცობა ვასო ონიანს და სიმართლე თქვას. ლევანს არც ქურდობა უნდოდა და არც მაყურებლობა. თავისუფლებაზე ოცნებობდა, ნორმალური ქართული ოჯახის შექმნა სურდა. მითხრან, რატომ მომიკლეს სიმწრით გაზრდილი შვილი. ციხის თანამშრომელ შანშიაშვილს უთქვამს, - ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ პატიმრები "დაშტირვით" და ბუნტის მოწყობით დაგვემუქრნენ. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში, მან კი მითხრა, - არა უშავს, წაარტყამენ ცოტას და დაწყნარდებიანო.

- რატომ უნდა ეცემათ ლევანი?

- მოულოდნელად, რუსთავიდან გეგუთში გადმოიყვანეს. 12 მაისს შე­უყვანიათ, ლევანი ცუდად გამხდარა, თურმე ცივმა ოფლმა დაასხა და წამალი სთხოვა ციხის თანამშრომელს. გოგიბერიძისთვის უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ და ჩამოვჯდებიო. მან არ უპასუხა და ლევანი ნებართვის გარეშე ჩამოჯდა. - ფეხზე დადექი და ხელები უკან დაილაგეო, - უთქვამთ. - რატომ მეუხეშები, ცუდად ვარ, ხედავ, ერთ ხელში ჯამი მიჭირავს, მეორეში - ჟაკეტი, რომ შემეძლოს, წესები ვიცი და გავაკეთებდი, გთხოვ, წამალი მომეციო. ამ დროს მისულა მასთან ციხის თანამშრომელი, ილია შანშიაშვილი, ლევანის გვარი და სახელი ამოუკითხავს, - შენ ახლავე მოგხედავენო. ამ დროს გამოვიდა პატიმარი, შოთა სინაურიძე, მეტსახელად "ბულდოგა" და "რიჟა". "ბულდოგას" ლევანისთვის ხელი დაურტყამს, ამანაც შეუბრუნა. მის გვერდით მყოფ ფოთელ ბიჭს ლევანისთვის უთქვამს, - ეს რა ქენი, ხელი რატომ დაარტყი, ის ციხის მაყურებელიაო. მაშინ გაიგო, ვის დაარტყა ხელი. ლევანიც გაბრაზებულა, - თუ მაყურებელია, რატომ არ არკვევს დეტალებს და რატომ მირტყამსო? ამ ფაქტის შემდეგ თითქოს განიმუხტა სიტუაცია, მაგრამ მომენტალურად გამოცვივდნენA პატიმრები. 222-ე საკანში იყო ლევანი განაწილებული, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია. კვანტალიანი, შემაზაშვილი, ვოლსკი, დაშნიანი, ე.წ რიჟა, იგივე ნუგზარ გუჩუაძე, - ყველანი ლევანს ურტყამდნენ. პატიმარი ბიწაძე, რომელიც ცოლის გვარზეა, ცოტა მოშორებით იდგა. ლევანი 338-ე საკანში შეიყვანეს, ერთად ურტყამდნენ და პასუხს სთხოვდნენ, - როგორ დაარტყი ხელი მაყურებელსო?! ის 5 პატიმარი თურმე მოიგერია, ფიზიკურად ძლიერი იყო, ამის მერე წასულა გინება, კიდევ შეუერთდნენ სხვა პატიმრები და ლევანი სხვა, 336-ე საკანში გადაიყვანეს, სადაც საშინელი სივიწროვე იყო. იქ იმდენნი იყვნენ, მას ხელის განძრევის საშუალება არ ჰქონდა და ცემაში მოკლეს. ახლა მათ გასაგონად ვამბობ: ქურდობაზე და ე.წ. კარგ ბიჭობაზე რომ აქვთ პრეტენზია, იმის ვაჟკაცობაც ეყოთ, რომ ჩადენილი დანაშაული აღიარონ. რატომ არიან ახლა ჩუმად?

- ქალბატონო ხათუნა, ლევანი სიკ­ვდილამდე საავადმყოფოში იწვა. რაიმეს თქმა თუ მოასწრო?

- 12 მაისს, 8-ის ნახევარზე შევიდა გეგუთში და 12 საათსა და 15 წუთზე გადაიყვანეს ქუთაისში, ცხაკაიას სახე­ლობის დიაგნოსტიკურ ცენტრში. 12 დღე კომაში, აპარატზე შეერთებული იყო. უკანასკნელ წუთებშიც არ მომეცა საშუალება, რომ ჩემი სიმწრით გაზრდილი ბავშვი მენახა. მომხდარიც შემთხვევით გავიგე. ახლობელი იყო საავადმყოფოში და შემთხვევით შეიტყო, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, ლევან კორტავა იყო შემოყვანილი. მან შეგვატყობინა. ციხის თანამშრომლები - კუჭავა და სინაურიძე ბადრაგს აფრთხილებდნენ, რომ არ შევეშვით. ვიხვეწებოდი, ყველა გზას მივმართე. ძალით შესვლა რომ დავაპირე, ბადრაგმა მითხრა, - ბრძანებაა, როგორც კი შესვლას დააპირებთ, უნდა დაგაკავოთო. ტყუილი თქვეს თავიდან, - თითქოს კიბიდან დაგორდა და დაშავდა, მაგრამ მალე ეს ტყუილი გაიშიფრა. პატიმრები რეკავდნენ სხვადასხვა ციხიდან და სიმართლე მალევე გავიგეთ. არ მოვისვენებ, სანამ ყველას არ ვნახავ ციხეში. დაკრძალვის დილას ჩემი ხელით დავათვალიერე ლევანის მთელი სხეული. ადგილი არ ჰქონდა დაზიანების გარეშე. ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა გადატეხილი. უამრავი ჭრილობა, სისხლჩაქცევა და დაზიანება ჰქონდა. თავში სისხლჩაქცევა გახდა ლევანის სიკვდილის მიზეზი. გაგიგიათ ასეთი სისასტიკე? ადამიანი ცემაში მოკლა? აქვე მინდა მივმართო სასამართლოს: მართალია, ლევანის სიცოცხლეში ვერ მივაღწიე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ ახლა მაინც საკადრისად დასაჯონ დამნაშავეები და ხელს ნუ დააფარებენ მათ.

- რისთვის იხდიდა იგი სასჯელს?

- ლევანი 2007 წლის 7 იანვარს დააკავეს, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. პოლიციას გეგმა ჰქონდა შესასრულებელი. შობის ღამეს ქუჩაში მიმავალს, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა დედა შეაგინა. - დედა გარდაცვლილი მყავს და უმიზეზოდ რატომ მაგინებო? - უკითხავს ლევანს. - მაშინ სიგარეტი გადააგდეო, - უთქვამს. - თქვენ ვინ ხართ? - ისევ უკითხავს. კიდევ შეაგინეს. გამოიწვიეს საჩხუბრად, მერე განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ, მანქანაში ჩააგდეს და სამმართველოში წაიყვანეს. 18 წლის ბიჭს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ადმინისტრაციულ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ლევანის დაკავება ჩემთვის სრული შოკი იყო. როცა ვკითხე გამომძიებელ თარხნიშვილს მიზეზი, მითხრა: - რა ვქნა, ქალბატონო, გეგმა მაქვს შესასრულებელიო... მერე გირაოს გადახდა შემოგვთავაზეს, - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, გაუსაძლის მდგომა­რეობაში ვცხოვრობთ და ამ ფულს საიდან გადავიხდიდი? ეს ბავშვი იყო ერთადერთი იმედი ჩვენი ოჯახის, მაგრამ მისი დახმარება ვერ შევძელით. სასამართლომ ორი წელი მიუსაჯა. არადა, ლევანი პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა. სპორტსმენი იყო, ჭიდაობდა. არასდროს პოლიციასთან შეხება არ ჰქონია, მთელი ფოთი დაადასტურებს ამას. 3 თვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის დასრულებამდე, როცა ხონის ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს და იქ ახალ შარში გაეხვია. 2008 წლის 8 აგვისტოს, ომის დროს, ხონის ციხის პატიმრებს კარი გაუღო ადმინისტრაციამ, იმ 150 კაცს შორის, რომლებსაც გაქცევის საშუალება მისცეს, ლევანიც იყო.

- ადმინისტრაციამ გააქცია ისინი?

- ეს ყველამ იცის. ლევანი ციხის შენობი­დან გარეთ გამოვიდა, მაგრამ არსად წასულა, იქვე, ღობესთან დააკავეს. მაშინ ლოგინებიდან აყარეს პატიმრები და ადმინისტრაციამ კარი გაუღო. ნაცნობობით პროკურორთან შევაღწიე და მითხრა, - ითანამშრომ­ლოს, ჩემს დაწერილზე ხელი მომიწეროს და არ დაისჯება, თუ არა და, საბოლოოდ გავწირავ. ახლა შედი და დაელაპარაკე, რომ წამოვიდეს თანამშრომლობაზეო. ლევანს შევხვდი, ვუთხარი, - მამიდა, თუ დამნაშავე არ ხარ, ან გაქცევის ორგანიზატორი, ტყუილს ნუ იტყვი და ხელს ნურავის დაადებ, რახან გაგწირეს, კაცურად, სუფთა სახელით იყავი-მეთქი. არ მინდოდა სხვისი ცოდვა დაედო და ამიტომ ვუთხარი. არც ითანამშრომლა, არც აღიარა. რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი და შეკრებითობით სასჯელი 16 წლამდე ავიდა. მას მერე 6 წელი ციხიდან - ციხეში, ინსტანციიდან - ინსტანციაში საჩივრით ხელში დავდიოდი და სიმართლის დადგენაში დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ უშედეგოდ.

- აცხადებთ, რომ სრულიად უმიზეზოდ ამდენი წლები მიუსაჯეს. რატომ გაწირეს? თუ გაქვთ ამაზე პასუხი?

- როგორც ბევრი სხვისი შვილი, ისე გაწირეს "ნაციონალებმა" ჩემი ლევანიც. ახალი მთავრობა რომ მოვიდა და შეკრებითობა გაუქმდა, იმედი გამიჩნდა, რომ სიმართლეს მივაღწევდი. ეკა ბესელიასთან განცხადებაც შევიტანე. ამნისტიამ სასჯელი მოუკლო, ამას შეკრებითობის გაუქმება დაემატებოდა და ერთ თვეში გარეთ გამოვიდოდა. ძალიან დიდ უსამართლობას შეეჭიდა ეს პატარა ბიჭი. არადა, ქრისტიანი, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა. როგორც მთელი ციხე, ლევანიც საძილე აბებზე დასვეს, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

- რა დაავადება აწუხებდა?

- ც ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მერე სხვა პრობლემებიც დაემატა Eდა ექი­მებს გამუდმებით ვეხვეწებოდი, მისთვის წამალი მიეწოდებინათ. სააკაშვილი აცხადებს, ციხეში ჩემს დროს კორუფცია არ იყოო. ეს ტყუილია. როცა ლევანი გეგუთში იჯდა, იქაურ ექიმებთან ასეთ გაჭირვებულ ქალს ფოთიდან კარგი თევზი და ფული მიმქონდა, ოღონდ მიეხედათ მისთვის.

- ქრთამს გართმევდნენ?

- ექიმს და ექთანს ვეხვეწებოდი, დახმარებოდნენ ლევანს. ექიმებთან - ირმასთან და მამუკასთან, ექთანთან - დარეჯანთან დამქონდა კარგი თევზი. ფულს რომ მივცემდი მათ, ვიცოდი, ყველა წამალი შედიოდა ლევანთან. ეს ხდებოდა გეგუთში და სხვა პატიმრების ოჯახებიც ასე იქცეოდნენ. ამას ვერ ვიტყვი ქუთაისის ციხეზე, იქ არაფერი მიმიტანია. როცა ხონში იყო, იქაურ ექიმს დახმარება ვთხოვე, - ცუდად არის, წამლები მოტანილი მაქვს და გადასხმა გაუკეთეთ-მეთქი. ნასვამი იყო ექიმი და იმის ნაცვლად, დავემშვიდებინე, შემომხედა და მითხრა, - დიდი საქმე ქალბატონო, ერთი პატიმარი თუ მოკვდა. ნეტა ყველა ამოწყდებოდეს, დავიღალეო და ამ სიტყვებით გამომაგდო კაბინეტიდან. მერე კაცი მოვძებნე, ფული მივეცი და ამის შემდეგ მიმიხედა იმ ექიმმა ლევანს და გადასხმა გაუკეთა. ხონში 150 ლარი იყო საჭირო. გეგუთში ექთანი დარეჯანი შენობიდან მოშორებით მხვდებოდა და მას 50 ლარს ვაძლევდი, დამატებით - თევზს. რუსთავში რომ გადაიყვანეს, რამდენ ხანს ვიხვეწებოდი ანალიზები გაეკეთებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ეკა ბესელიასთანაც დავწერე განცხადება და მხოლოდ აპრილის ბოლოს მოხერხდა ანალიზების გაკეთება.

- ფსიქოტროპულ წამლებს იქ აძლევდნენ?

- ამას ყველა პატიმარს აძლევდნენ, ადმინისტრაცია მათი ტკივილისგან რომ არ შეწუხებულიყო. მკურნალობას ვერ იტარებდა, წამლებზე დამოკიდებული გახდა. მეზობლები მიგროვებდნენ ფულს და მისი სიკვდილის შემდეგაც პროკურატურაში რომ დავდივარ, ისევ მეზობლები მეხმარებიან. დღემდე ვეძებ სამართალს. მინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ვისაც ჩემი შვილის მკვლელობასთან შეხება ჰქონდა, ვინც ერთხელ მაინც დაარტყა. ყველას თავისი შვილი უყვარს, მაგრამ ის მართლა უდანაშაულო იყო.

- ლევანს მშობლები არ ზრდიდნენ?

- მე და დედაჩემმა გავზარდეთ და-ძმა. დედა გარდაცვლილი ჰყავთ, მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია. ძალიან გვიჭირდა მატერიალურად. შეშასა და საჭმელს მერია გვაძლევდა. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ერთ ნაჭერ პურს და-ძმას გავუყოფდი და მე მშიერს რომ დამეძინა, წამალს ვსვამდი. რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე, ოღონდ ბავშვები თბილად მყოლოდა. 82 წლის დედაჩემის პენსიით ვიყავით. ჩვენს სახლში იატაკზე ფეხს რომ დაადგამდი, წყალი ამოდიოდა. ბაყაყებთან ერთად ვცხოვრობდით. ლევანის მკვლელობის შემდეგ იატაკი მეზობლებმა გაგვიკეთეს. სიდუხჭირის მიუხედავად, ღირსება არ დაგვიკარგავს. მთელი სამეზობლო მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში. ლევანიც კეთილი ბავშვი იყო. შეშის დაპობაში იქით ეხმარებოდა მეზობლებს. მისი დაჭერის შემდეგ ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა რომ მქონდა, დამლაგებლად ვმუშაობდი და ვაკოწიწებდი ყოველ თეთრს. ბოლოს 29 აპრილს ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, - მამიდა, ბებია დამახვედრე ცოცხალი და ჩემი და არ გამითხოვო და გეფიცები უფალს, აქედან რომ გამოვალ, შენ დაჯდები სახლში, მე ამოგიდგები მხარში, ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიყოთო. მისი სიტყვების მჯეროდა, მაგრამ დამღუპეს "ნაციონალებმა".

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაიაც ადასტურებს, რომ კორტავას საქმე ყველაზე მძიმეა. მიიჩნევს, რომ შეძლეს სიმართლის დადგენა რამდენიმე საათში: "კორტავას სიცოცხლე შეიწირა პატიმრებს შორის დაპირისპირებამ. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ამ ადამიანის სიცოცხლის დაცვა, გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს. თავიდან იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობა. აქტიურ ფაზაში, მაქსიმალური ძალისხმევით დავეხმარეთ გამოძიებას, რომ დაფარული არაფერი ყოფილიყო და სიმართლე გამოაშკარავებულიყო. რაც შეეხება თავიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. ითქვა სიცრუე, მაგრამ რამდენიმე საათში გავიგეთ რეალობა და სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას. ჩემი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე პირი მიეცემა პასუხისგებაში".

კორტავების ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, დაკავებული ციხის თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ:

- აბსურდულ ვერსიას, რომ იგი კიბეზე დაგორდა, ბევრი ადამიანი ადასტურებდა და ჩვენებებიც ჰქონდათ მიცემული. ასე ცდილობდნენ საქმის მიჩქმალვას. ოჯახი პრინციპულად ითხოვდა სიმართლის გარკვევას და ეს მართლა პირველი შემთხვევა იყო, როცა ეფექტიანად გაიხსნა ციხეში მომხდარი საქმე. რეალური სურათი დაიდო, მაგრამ დღემდე მაქვს კითხვები. კიდევ ბევრი პირი უნდა დაისაჯოს. როცა უდანაშაულო ადამიანს ცემით კლავ, ეს დანაშაული მარტო სისხლის სამართლის კანონით კი არ არის დას­ჯადი, არამედ მორალურადაც. აქვე მინდა გითხრათ: დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი თანახმა იყო, უსასყიდლოდ ჩაეტარებინა ექსპერტიზა მოკლულის­თვის. პათანატომი მაგული ჩხობაძეც დაგვთანხმდა ამაზე, მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო იყო მორგი დაეთმო საავადმყოფოს. ცხაკაიას სა­ხელობის ინტერვენციის ცენტრს, სადაც გარდაიცვალა ლევანი, ვთხოვეთ, ექსპერტიზის ჩატარების უფლება მი­ეცა ექსპერტებისთვის, მაგრამ კლინიკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანჟელამ, ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და შემოგვითვალა - თუ 400 ლარს გადავიხდიდით, დაგვითმობდა ადგილს ექსპერტიზისთვის. ადამიანურად არ დაგვიდგა გვერდით, ოჯახმა ვერ გადაიხადა ეს თანხა და ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა მოკლულს. პროკურატურამ კომისიური ექსპერტიზაც ჩაატარა და ახლა ამ დასკვნას ველოდებით. იმედია, რეალურ სურათს მივიღებთ და საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ