გენმოდიფიცირებული პროდუქტი - შიმშილისგან მხსნელი თუ დაავადებების წყარო

გენმოდიფიცირებული პროდუქტი - შიმშილისგან მხსნელი თუ დაავადებების წყარო

შეძლებს თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი, კაცობრიობა მოსალოდნელი შიმშილისგან ისე იხსნას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას? რატომ არ არსებობს დასკვნა, გმო-ს უვნებლობის შესახებ? რა დილემის წინაშე დგანან მეცნიერები და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას ქართულ ბაზარზე გმ პროდუქტის შემოტანასთან დაკავშირებით? - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ზურაბ ქუჩუკაშვილი "ვერსიას" გმ ორგანიზმების შექმნის მიზეზებზე, მეთოდებსა და უვნებლობა-მავნებლობაზე ესაუბრება.

- გენმოდიფიცირებულია ორგანიზმი, რომელშიც ხელოვნურადაა შეცვლილი ორგანიზმის გენოტიპი. შეიძლება, ერთი გენი იყოს ჩამატებული ან პირიქით, ამოღებული, შეიძლება შეცვლილი იყოს გენთა თანმიმდევრობა. ადრე ჯიშების გამოყვანა ხდებოდა კლასიკური სელექციის მეთოდით, თანამედროვე მეცნიერება კი იძლევა საშუალებას, ხელოვნურად გადავიტანოთ სასურველი გენი ორგანიზმში და შევცვალოთ მისი ნიშან-თვისება.

- გენმოდიფიცირებას, კლასიკურ სელექციასთან შედარებით, რა უპირატესობები აქვს?

- გენის გამყარებასა და ახალი ჯიშის მიღებას, ადრე 5, 10, 15 წელი სჭირდებოდა. გმო-ს მიღების ტექნოლოგია კი იძლევა საშუალებას, ერთ წელიწადში მივიღოთ სასურველი პროდუქტი. გარდა იმისა, რომ დროს ვიგებთ, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზმში ისეთი სახეობის გენის გადატანა, რომელიც აქამდე ბუნების კანონზომიერებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ანუ, ფაქტობრივად, ვაჯვარებთ ისეთ სახეობებს, რომელთა შეჯვარება კლასიკური სელექციის მეთოდით, ვერ მოხდებოდა. მაგალითად, ფარმაციაში გამოიყენება მეთოდი - ბაქტერიებში გადააქვთ ადამიანის ინსულინის წარმოების გენი და შესაბამისად, ბაქტერიებით ხდება ინსულინის წარმოება.

- ინსულინის შემთხვევაში, ადამიანის გენია გამოყენებული და მისი მიღება ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას ალბათ ამიტომ არ უქმნის. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამა თუ იმ გმ პროდუქტის მისაღებად ვირთხის, ვეშაპის ან დათვის გენს იყენებენ?

- ხშირად ამბობენ, თევზის გენი საზიანოაო, არადა, ზოგადად, "თევზის გენი" - ასეთი ცნება არ არსებობს. შეიძლება თევზიდან ავიღოთ ერთი გენი, რომელიც მაგალითად ცილას აკოდირებს და ის გამოვიყენოთ. გენის გადანერგვის შედეგად არ ხდება ცხოველის მთელი ნიშან-თვისებების წამოღება. ჩრდილოეთის წყლებში მობინადრე თევზებს აქვთ გენი, რომელიც ხელს უწყობს მათ ყინვაგამლძეობას. ამ გენს თუ ამოვიღებთ და რომელიმე პროდუქტში, მაგალითად პომიდორში გადავნერგავთ, მას შევძენთ ყინვაგამძლეობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს ფარფლიც გაეზრდება და თევზის სუნიც ექნება. ამ თვისებებს სხვა გენები აკოდირებს.

- ანუ გმ პროდუქტის მიღება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის?

- საკვები პროდუქტის უვნებლობის კუთხით, გარკვეული რისკები და კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას გმ პროდუქტის მიღება საფრთხეს. ზოგადად, ამგვარი პროდუქტი იმიტომ აწარმოეს, რომ სავარაუდოდ 2050 წლისთვის დედამიწას შიმშილის პერიოდი შეიძლება დაუდგეს. იზრდება ადამიანის პოპულაცია და რესურსი, რითაც ის შეიძლება გამოვკვებოთ, წლების შემდეგ არასაკმარისი იქნება, ამიტომ საჭიროა, რაიმე მეთოდით შევცვალოთ რესურსი - ავითვისოთ აქამდე აუთვისებელი ნიადაგი, გავაუმჯობესოთ პირუტყვის შობადობა, ჯიშების ნიშან-თვისებები, რომ უფრო მეტი საკვები პროდუქტი მივიღოთ.

- გასაგებია, მაგრამ თუკი გმო ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნის პრობლემას, როგორღა უნდა ჩავთვალოთ ის შიმშილისგან კაცობრიობის ხსნის რესურსად?

- ზოგადად, ყველა სიახლეს გარკვეული შიში მოსდევს. ამის მიზეზი ისაა, რომ არ ვიცით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. რისკები უნდა ავწონ-დავწონოთ. 60-იან წლებში იგივე რეაქცია მოჰყვა სოფლის მეურნეობაში "მწვანე რევოლუციას", პესტიციდების შემოღებას. სასუქის გამოყენებამ მაშინ მოსავლიანობა 20-25%-ით გაზარდა და გარკვეულწილად, იმ პერიოდში არსებული შიმშილი დაძლია მსოფლიომ. მაშინ არავინ ფიქრობდა შექმნიდა თუ არა ეს პრობლემას, მხოლოდ მოგვიანებით დარეგულირდა, რომელი სასუქის რა რაოდენობით გამოყენებაა შესაძლებელი. ისიც გამოჩნდა, რომ ზოგი პესტიციდი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა, სახიფათოა და აიკრძალა, ეს კი იმას არ ნიშნავს, ყველა პესტიციდის გამოყენება ავკრძალოთ. ეს მოსავლიანობას დაწევს და საკვები პროდუქტის უსაფრთხოებას (უვნებელი საკმარისი საკვები, რომლითაც პოპულაციას გამოვკვებავთ) შეუქმნის პრობლემას. გმო-სთან დაკავშირებით ჯერ არ არის მსგავსი რეგულაციები, რადგან არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მავნეა.

- მტკიცებულება არ არის მაგალითად, ფრანგების მიერ ვითრხებზე ჩატარებული ექსპერიმენტი – 3 წლის განმავლობაში, ვირთხების იმ ჯგუფში, რომელსაც გენმოდიფიცირებული სიმინდითა და ხორბლით კვებავდნენ ყველა მღრღნელი კიბოთი დაავადდა? მსგავსი კვლევები ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის გახდა საფუძველი, ქვეყანაში გმ პროდუქტის, ასევე გმ თესლისა და ნარგავების შეტანა აეკრძალათ.

- მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის მხოლოდ კორელაცია, ჩატარებული ცდები, მაგრამ არ აქვს მასობრივი ხასიათი. თან, პარალელურად, სხვა ჯგუფმა საპირისპიროც დაადგინა. არც ფრანგების მიერ ჩატარებული კვლევის შემთხვევაში გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომ იმ გმ პროდუქტში, რომელსაც ვითრხებს აძლევდნენ, გამოყვეს კარცეროგენი, რომელიც იწვევს სიმსივნეს. ნახეს, რომ ვირთხები კიბოთი დაავადდნენ, მაგრამ კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს, არაა დამტკიცებული. თავის დროზე ასე მოხდა თამბაქოსთან დაკავშირებითაც. თავიდან იყო კორელაციები - იწვევს თუ არა სიმსივნეს? მერე ნახეს, რომ თამბაქოში ნამდვილადაა კარცეროგენები, მაგრამ მაინც არ აკრძალეს. სამაგიეროდ, აკრძალეს დდტ-ს პესტიციდები, იგივე "დუსტი", რადგან დაადგინეს, რომ მასში ნამდვილადაა კარცეროგენი.

- მოკლედ, არაა დამტკიცებული, რომ გმო ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, მაგრამ ვერც იმას ვამტკიცებთ, რომ უვნებელია?

- დიახ, დილემის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება გმ თესლს, აქ უკვე დამტკიცებულია, რომ გმ სათესლე მასალა ნამდვილად უქმნის პრობლემებს ბიომრავალფეროვნებას. დამტვერვით, შესაძლოა ენდემური ჯიშების გადაგვარება მოხდეს. ასე რომ, სახელმწიფომ, გმ თესლის შემოტანა შეიძლება აკრძალოს. კარტახენას პროტოკოლის სპეციალური მოთხოვნაა, ქვეყანაში არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც ნებართვას გასცემს ან აკრძალავს გმო პროდუქციის შემოტანას. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო შეიძლება დაჯარიმდეს. მთავარი პრობლემა კი იცით რა არის? გმო-ს შესახებ ინფორმაცია მაქვს, ძირითადად, სამეცნიერო სტატიებიდან და თუ არ მექნა საშუალება, ჩავერთო გმო-ს მიღება-კვლევაში, ვერ ვისაუბრებ, უვნებელია თუ არა. მე უნდა გაგიზიაროთ უცხოეთის პრაქტიკა, არადა, ეს არასწორია - სტატიებში კვლევების საბოლოო ეტაპი იწერება. ძირითადად ის, რაც უნდათ, რომ გვანახონ. გმ. პროდუქტს რომ ამზადებენ, 100%-დან შეიძლება ერთმა გაამართლოს. დანარჩენი ორგანიზმი რატომ იხოცება, ეს არ ვიცით.

- კვლევაში ქართველი მეცნიერები როგორ უნდა ჩაერთონ?

- სამეცნიერო პროგრამები უნდა დაფინანსდეს. სამეცნიერო ფონდი აფინანსებს გარკვეულ პროექტს, მაგრამ კონკრეტულად, ამ მიმართულებით არა. ზოგადად, გმო-ზე მუშაობენ მლუტიმილიარდერი კომპანიები. აქვთ თანამედროვე აპარატურა და ჰყავთ ყველაზე ძლიერი მეცნიერები. მათ უნდა გავუწიოთ კონკურენცია. მათ მიერ გაკეთებულ დასკვნას, არგუმენტები უნდა დავახვედროთ. თუ საწყის ეტაპზე ქართველ მეცნიერს იგივე აპარატურა აქ არ ექნება, იმ კომპანიების ლაბორატორიებში ჩასვლის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეს. ისიც დაწვრილებით უნდა გავიგოთ, ზოგმა ქვეყანამ რატომ აკრძალა გმ პროდუქტის შეტანა ბაზარზე და ზოგი ქვეყანა რა არგუმენტით აწარმოებს იგივე პროდუქტებს წლების განმავლობაში. მერე ეს მეოთდი ჩვენს კლიმატს უნდა მოვარგოთ, ამასობაში, ყველა კითხვაზე პასუხი გამოჩნდება და ისიც გაირკვევა, ზოგადად გმო არის თუ არა სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან რომელი გმ პროდუქტია მავნე.

- ესე იგი, შეიძლება ითქვას, ერთ დიდ და ხანგრძლივ ცდაში ვმონაწილეობთ, რომელიც არ ვიცით, საბოლოოდ, რა შედეგით დასრულდება?

- ასე გამოდის... მარტო ჩვენ არ ვართ. პირიქით, საქართველოში არა მგონია ბაზარი ძალიან გაჯერებული იყოს გმ პროდუქტებით. უბრალოდ, ჩვენთან არის ისტერია – თუ რაიმე ცუდ პროდუქტს წავაწყდებით, აუცილებლად გენმოდიფიცირებული გვგონია.

- "ცუდში" რას გულისხმობთ? ცნობილია, რომ გენმოდიციფირებული პროდუქტი, ვიზუალურად ჯანსაღია.

- დიახ, მაგრამ პომიდორს, რომელიც ვიზუალურად კარგია, თუ გაჭრით და არ მოგეწონათ, იფიქრებთ, რომ გენმოდიფიცირებულია. არადა, შეიძლება ასე არ იყოს. ადრე პროდუქტი რომ მოჰყავდათ, ფიქრობდნენ, მას ჰქონოდა კარგი გემოვნური თვისებები, შესაბამისი კალორიულობა, დიდი რაოდენობით მოსავალი მიეღოთ... დღეს მიდგომა შეცვლილია - ფიქრობენ, მოსავალმა, მეტი სარგებელი მოიტანოს, შესაბამისად, გამძლე უნდა იყოს. ტრანსპორტირება მოხერხდეს, რასაც შეიძლება მიაღწიოთ ნიტრატების, ქიმიური ნივთიერებების დამატებით, რაც შეიძლება გენმოდიციფირებულ პროდუქტზე საშიში იყოს.

- ამ ფონზე, როგორც მეცნიერს, გაქვთ რაიმე მეთოდი, როგორ არჩევთ ბაზარზე პროდუქტს?

- განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. ვცდილობ, გარევაჭრობას გავერიდო. მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, სად ინახება პროდუქტი, რადგან შეიძლება შენახვის პირობების დარღვევამ უარესი პრობლემები შექმნას. საუკეთესო ვარიანტია, თუ გაქვს საშუალება პროდუქტი სოფლიდან, პირდაპირ იმ გლეხიდან წამოიღო, ვისაც ენდობი.

- დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი რომელია?

- სოიო, სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი, პომიდორი, კარტოფილი... ეს არაა დამალული. ოფიციალურად არის საიტებზე მითითებული, რომელ ქვეყანაში რომელი კომპანია რომელ გმ პროდუქტს აწარმოებს და სად გააქვს. არსებობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს, მოხდეს პროდუქციის კონტროლი, მაგრამ საქართველოში არ ფუნქციონირებს შესაბამისი ლაბორატორია და არც კანონი არეგულირებს ამ საკითხს. მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროუდქტისა და მისი ინგრედიენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია. შესაბამის ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რის ფუფუნებაც კომპანიებს არ აქვთ. მათ შეიძლება შეამოწმონ პროდუქტის ხარისხი, მაგრამ ყოველ პარტიაზე გმო-ს შემოწმება ძალიან რთულია, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ლაბორატორია ამუშავდება და მას დაუკავშირდებიან კომპანიები. რაც უფრო მეტი დაუკავშირდება, ანალიზის თვითღირებულებაც დაიწევს. საკანონმდებლო დონეზეც ბევრი რამაა დასახვეწი - მაგალითად, ეტიკეტირების წესში გვიწერია, რომ თუ სურსათში გმო 0,9%-ზე მეტია, აუცილებლად უნდა დაეწეროს შეფუთვაზე. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, სადაც წერია, რომ 0,9% გმო არ უნდა იყოს არა სურსათში, არამედ მის შემადგენელ ინგრედიენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ამ მხრივ, ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი და იმედია, ხელისუფლება ამ საკითხისადმი სათანადო ინტერესს გამოიჩენს.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია