"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?

"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?

მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა, არაერთი მოქალაქე თუ მძღოლი მანქანების ხმამაღალი სირენის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, "სასწრაფოს" მანქანები არა მარტო საჭიროების შემთხვევაში იყენებენ გამაფრთხილებელ სიგნალს, არამედ მაშინაც, როცა თუნდაც, შუქნიშანზე დგანან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, შალვა ბრაჭულმა დაგვიდასტურა, რომ თავდაპირველად, უკმაყოფილების გამომხატველი ზარების რაოდენობა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ნელ-ნელა შემცირდა. სად გადის ზღვარი მოქალაქეების შეწუხებასა და ავადმყოფის სიცოცხლის საფრთხეზე ზრუნვას შორის? რა არის ხშირი ავარიული სიტუაციისა და მძღოლების ფიზიკური ურთიერთდაპირისპირების მიზეზი? შევეცადეთ, მკითხველამდე ორი მხარის - "სასწრაფოსა" და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პოზიციებში გავრკვეულიყავით. კვალი ხსენებულ ორ მხარეს გასცდა

- "დამნაშავე", საბოლოოდ, გაუმართავი კანონი აღმოჩნდა - "საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"...

შალვა ბრაჭული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი:

- ბატონო შალვა, რატომ გახდა შესამჩნევი მოსახლეობის სირენებთან დაკავშირებული გაღიზიანება ბოლო პერიოდში?

- სანამ ავტოპარკი განახლდებოდა, მანქანების 90% არ მუშაობდა. ამიტომაც იყო მათი მოძრაობა შეუმჩნეველი. ჩვენი დირექტივის თანახმად, ციმციმასა და ხმოვან სიგნალს მხოლოდ გამოძახებაზე გასული მანქანები რთავენ, ისიც, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციისას - როცა პაციენტი ჰყავთ მანქანაში. თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არც ღამის 12 საათიდან რთავენ სიგნალს, - შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს. ავტოპარკის განახლების პირველ ხანებში მართლაც, ძალიან ბევრი ზარი ფიქსირდებოდა მოსახლეობის მხრიდან, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას სირენის ხმისა და ხანგრძლივობის გამო. ახლა ზარები შემცირდა. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური ხმის მქონე სიგნალები. მოგეხსენებათ, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. რეალურად არსებული სურათის ფონზე, როცა მოძრაობა ასე გადატვირთულია და მანქანები "სასწრაფოს" მანქანას გზას არ უთმობენ, სიგნალის გარეშე ხომ საერთოდ უგულებელყოფენ?!

- გამოდის, თბილისის ქუჩებში შექმნილი მდგომარეობა ხმოვანი სიგნალების ხანგრძლივად ჩართვის აუცილებლობას ქმნის?

- რა თქმა უნდა. ზოგადად, მძღოლები გზას არ უთმობენ "სასწრაფო დახმარების" მანქანებს, რომლებსაც ციმციმაც და ხმოვანი სიგნალიც ჩართული აქვთ. რამდენიმე ასეთი შემთხვევა მძღოლების შეხლა-შემოხლით დასრულდა. სანამ ახალი მანქანები შემოვიდოდა, ბავშვი გადაჰყავდათ ისანი-სამგორის ტერიტორიიდან დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში. სიგნალების მიუხედავად, წინ მიმავალმა მანქანამ მძღოლს გზა არ დაუთმო, მერე კი მანქანა გააჩერებინა და მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მონაცემები პატრულს გადავეცით და ის მძღოლი დაისაჯა.

- ავარიის შემთხვევა ხშირია?

- საკმაოდ. კანონმდებლობაც დასახვეწია იმ მხრივ, რომ ციმციმაჩართულ მანქანას უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს. მინდა, მძღოლებს მივმართო - იყვნენ მეტად გულისხმიერნი, შესაძლებელია, კონკრეტული "სასწრაფოს" ბრიგადა მოცემულ მომენტში მათი ახლობლის დასახმარებლად მიდიოდეს...

ახლახან, "ახმეტელის" მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე "სასწრაფოს" მანქანისა და ავტომანქანის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი კვლავ გზის განზრახ გადაკეტვა გახდა.

"სასწრაფო დახმარების" მანქანის მძღოლი, ჯიმშერ ტაბატაძე:

- ჩემ წინ მიმავალ მანქანას ჩართული ციმციმითა და ხმოვანი სიგნალით, დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე უკან მივყვებოდი. დამატებითი შუქებიც ავანთე და ხმოვანი სიგნალიც დავამატე, მაგრამ მძღოლს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, განზრახ არ მატარებდა. მერე, როგორც ჩანს, სიგნალებმა გააღიზიანა, მანქანიდან გადმოხტა და გინება დამიწყო. "სასწრაფოს" მანქანის კარიც გამოაღო და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებაც მოასწრო.

- ხშირია ასეთი შემთხვევა?

- ნელ-ნელა სწავლობს ხალხი იმას, რომ "სასწრაფო" აუცილებლად უნდა გაატაროს, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, ვისაც სირენების გამო პროტესტი უჩნდება. უფრო ეფექტიანი, ჩვენი, "სასწრაფოს" მძღოლების აზრით, წინა სიგნალები იყო, რომელიც ამავე მანქანებს ეყენა, მაგრამ მოგვიანებით მოგვიხსნეს. პრობლემას გვიქმნის შუქნიშანზე დგომაც. როცა წინ ერთი მანქანა დგას და მინდა, გამატაროს, ხაზს ვერ კვეთს, - დაჯარიმდება. ამ დროს ვერ დაავალდებულებ, გაგატაროს. პირადად მე, როცა ჩემი მსუბუქი ავტომობილის მართვისას "სასწრაფოს" მანქანა გამიტარებია, 20-ლარიანი ჯარიმა მომსვლია. ამ მოძრაობისთვის მძღოლი არ უნდა ჯარიმდებოდეს, რადგან ხშირად პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას წამები წყვეტს, ჩვენ კი ამ დროს შუქნიშანზე ვდგავართ...

ვალერი ნაჭყებია, მძღოლი:

- გასაგებია, რომ სოლიდარობის კულტურა ჩვენთან რატომღაც, დაბალია. ბევრ ქვეყანაში მინახავს, როგორი სოლიდარულები არიან სხვა მძღოლები "სასწრაფოს" მანქანების მიმართ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ "სასწრაფოს" მანქანებს ხშირად დანიშნულების გარეშე აქვთ სირენები ჩართული. გამაღიზიანებელია, როცა შუქნიშანზე დგახარ და გვერდით ეს გამკივანი ხმა ისმის. რაც შეეხება დათმობას, ხშირად, როცა "სასწრაფოს" უთმობ გზას, წინ გასულ "სასწრაფოს" უკან ავტომანქანების მთელი კოლონა მიჰყვება... "სასწრაფოს" ბევრი უპირატესობა აქვს, ჩვეულებრივ მძღოლს კი ისედაც უამრავი "აზრიანი" თუ "უაზრო" ჯარიმა მისდის და გამიზნულად ჯარიმებს ვერ "აიკიდებს".

მურთაზ ხომერიკი, ავტოინსტრუქ­ტორი:

- როცა მძღოლი შუქნიშანზე დგას, ვერაფრით გაატარებს "სასწრაფოს", - რა თქმა უნდა, ამისთვის დაჯარიმდება. ეს თავად "სასწრაფოს" მძღოლმა უნდა მოახერხოს, რადგან უპირატესობა მას აქვს: წინ მდგომ მანქანას შემოუაროს და სიფრთხილის მაქსიმალური დაცვით უნდა გაიაროს. მოძრაობისას კი დათმობა შეიძლება, მაგრამ გაჩერებული მანქანა ვერაფერს მოახერხებს.

- კი, მაგრამ, როგორ გაივლის მაშინ, როცა წინ მანქანა უდგას და გვერდით გასასვლელი ადგილი არ არის?

- "სასწრაფოს" მძღოლმა ყოველთვის უკიდურეს მარცხენა ზოლში უნდა იმოძრაოს და ამ ზოლშივე გააჩეროს, რომ საჭირო შემთხვევაში გასვლა შეძლოს.

ილია მეკოკიშვილი, საავტომობილო სკოლის ფედერაციის დირექტორი:

- დღევანდელი კანონი ძალიან ზოგადი ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება. პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტიც - ძველის გადამღერებაა. ისე მომზადდა, სპეციალისტებს არ გამოგვიგზავნეს. ათეული წლებია, ამ საქმეს ვემსახურები, კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს შემუშავებული, მაგრამ ვინ ითვალისწინებს?! მეტი დაკონკრეტებაა საჭირო. კანონი ბუნდოვანი და "უსუსურია". სწორედ ეს იწვევს დავას მძღოლებს შორის. ოპერატიულ მანქანას კანონი ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს, მაგრამ ხშირად ისეა დაბლოკილი გზის სავალი ნაწილი, მისი გატარების საშუალება ფიზიკურად არ არსებობს. დიახ, ხშირად საჭიროა, წითელზე მდგარმა მანქანამ ხაზი გადაკვეთოს. 112-ში რომ სხედან და მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრობენ, კამერის მიხედვით ხომ უნდა შეაფასონ მძღოლის მოქმედების მიზეზი?! მაგრამ ზოგადად ასეა - მოხდება ავარია და არავის აინტერესებს მისი გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია, "სასწრაფოს" ყველა მანქანაზე უმაღლესი კლასის მძღოლი იჯდეს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში თავადვე მოახერხოს შექმნილი მდგომარეობის მართვა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია