თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ. 33 წლის ავსტრალიის მოქალაქეს ფიზიკურად ქართველი გაუსწორდა. შემთხვევა ორი-სამი დღის წინ ფონიჭალაში მოხდა. საქართველოს მოქალაქემ პოლ ვილინგი დაახლოებით პირველ საათზე სცემა.

მომხდარის დეტალებზე "ამბები.გე"-სთან თავად დაზარალებულის მეუღლემ თეო ბექაურმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პოლ ვილინგი ეზოში სიგარეტის საყიდლად ჩავიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ახლოს მდებარე მაღაზია დაკეტილი დახვდა, სიგარეტი ერთ-ერთ გამვლელს სთხოვა. სიგარეტის თხოვნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ პოლს არაფერი უპასუხა, მივარდა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

"დარტყმის შემდეგ პოლმა გონება დაკარგა და თავი ასფალტს დაარტყა. ამის შემდეგ ეს ადამიანი თურმე მის ცემას მაინც განაგრძობდა. თავდამსხმელი როგორც ჩანს ამის შემდეგ გაიქცა. პოლი ერთ-ერთი ჯიხურის გამყიდველმა შენიშნა. ამ დროს თურმე ჩემს მეუღლეს პირიდან სისხლი მოსდიოდა. ამ ქალბატონს პოლი მკვდარი ეგონა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს, პატრულიც მოსულა. მე ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე, როცა პოლს შემთხვევით დავურეკე, უნდა მეთქვა სადილი გავამზადე და სახლში მალე მოდი მეთქი", - იხსენებს დაზარალებულის მეუღლე.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა ისინი დასაკითხად პოლიციაში წაიყვანეს. საქმეც აღიძრა.

როგორც თეო ბექაური აცხადებს, ინციდენტის ადგილზე "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრია და იქ დამონტაჟებული კამერებიც თავდამსხმელს სავარაუდოდ აუცილებლად დააფიქსირებდა.

პოლ ვილინგს დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ექიმებმა ტვინის შერყევაც დაუდგინეს. ამჟამად მკურნალობის კურსს სახლში გადის.

დაზარალებულს ამ დრომდე უჭირს ვარაუდი, თუ რატომ შეიძლებოდა მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, მისი მეუღლე კი არ გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევა ბოლო პერიოდში უცხოელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი იყოს.

"მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. დღემდე ვერ მოვდივართ აზრზე, რა შეიძლება გამხდარიყო იმ ადამიანის აგრესიის მიზეზი. თუ მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ პოლს საყურე უკეთია, არ ვიცი", - აცხადებს დაზარალებულის მეუღლე.

ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები ბოლო დროს არც ისე იშვიათია. შემთხვევები რეგიონებშიც ხდება. რამდენიმე კვირის წინ მედიისთვის ცნობილიც გახდა, რომ ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტი სცემეს.

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია