პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს

პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს

წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ქადაგებისას წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რა არის ჩვენთვის ფასეული და შევინარჩუნოთ იგი.

"უნდა გადავხედოთ რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგვაჩნია, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა.

ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველია, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრებისაგან. მისივე თქმით, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველო გაბრწყინდება.

"ტყუილად არ ამბობს იოანე ზოსიმე "ამას ენასა შინა დამარხულ არს", ლაზარე აღდგა მკვდრეთით, ასევე აღსდგება საქართველო, ჩვენი კულტურა და მეორედ მოსვლის ჟამს, როგორც იოანე ზოსიმე ამბობს - ერები განიკითხებიან ქართულითა ენითა. რით დაიმსახურა საქართველომ ეს? დაიმსახურა იმით, რომ მთელს მსოფლიოში დაკნინდება ჭეშმარიტი სარწმუნოება, საქართველო გაბრწყინდება და ეს იქნება ჯილდო ღვთისაგან", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დღევანდელი დღე მიულოცა ყველა გიორგის. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ასევე ედუარდ გიორგი შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს და სრულიად საქართველოს.

პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული მიულოცა ორი წლის გიორგი ბაგრატიონს. უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა და სიკეთე უსურვა სრულიად საქართველოს. კათოლიკოს-პატრიარქმა კი ნიშნად პატივისცემისა, საქართველოს პრემიერს გულზე დასაკიდებელი მინანქრის წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

ქადაგების ბოლოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეპისკოპოსად კურთხევა და ანგელოზის დღე მიულოცა დღეს ახლად ნაკურთხ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსს გიორგი ჯამდელიანს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი იქნება არა მარტო იქ მცხოვრები ქართველების, არამედ მთელი იქაური მოსახლეობის, აზერბაიჯანელებისა და სხვების სულიერი მამა. ნიშნად ამისა, მას გადასცა სამღვდელთმთავრო კვერთხი, რომელიც პატრიარქის თქმით, არის უფლებამოსილების სიმბოლო. უწმინდესმა აღნიშნა, რომ მღვდელთმთავრობა დიდი პატივი და უმძიმესი ჯვარია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია