ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი

ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი

შეუძლებელია, იუმორისტ ბესო ბერულაშვილს დაელაპარაკო და კარგ ხასიათზე არ დაგაყენოს. აქამდე ჩვენი ინტერვიუები სწორედ ასეთი ხასიათის იყო, ამჯერად კი პოლიტიკაზე სასაუბროდ დავუკავშირდი. ის ახალ გუნდს დიდი იმედით უყურებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ბატონმა ბესომ, ინტერვიუს ბოლოს ისეთი ანეკდოტი გვიამბო, რომ ჩვენი გამხიარულება ამჯერადაც შეძლო...

- საერთოდ ყველანაირ სიახლეს მივესალმები. მიხარია, რომ ქვეყანას სათავეში ახალგაზრდების გუნდი ჩაუდგა. მათ გაუმარჯოთ! ახლა ჭიდაობის დრო აღარ არის, პირიქით, ყველანი საერთო საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ.

- როცა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრების პოსტზე ახალგაზრდები დანიშნა, ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ამჯერად დანიშნული ახალგაზრდა მინისტრები საქმეს კარგად გააკეთებენ?

- მგონი, ახალგაზრდობის ასაკმა დაიკლო. ადრე თუ 30 წლის ადამიანი ახალგაზრდად ითვლებოდა, ახლა ასე აღარ არის. იმდენი რაღაც მოხდა, რომ ცხოვრებამ ყველა დაგვაბერა...

- ე.ი. ფიქრობთ, რომ 30 წლის მინისტრები საქმეს თავს კარგად გაართმევენ?

- ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს. ერთი მინისტრი რომ ყველაფერს კარგად გააკეთებს, ეს დანამდვილებით ვიცი.

- რომელი, ირაკლი ღარიბაშვილი?

- ალექსანდრე ჭიკაიძე. ღარიბაშვილს თქვენ ასე ნუ უყურებთ. ახალგაზრდა ასაკით არის, თორემ რამხელა გამოცდილება აქვს?! მხოლოდ ასაკზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას.

- პოლიტიკური გამოცდილება არცთუ ისე დიდი აქვს, სულ ერთი წელია, ამ სფეროში ჩაერთო.

- გასაგებია, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი მენეჯერია. ჩვენს ქვეყანას კი, სწორედ კარგი მენეჯერი სჭირდება. ახალგაზრდა კაცია, საუკეთესო მამის შვილი და შესაბამისად, თავს ყველაფერს კარგად გაართმევს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, რადგან კარგად ვიცნობ მის ოჯახს.

- ალექსანდრე ჭიკაიძის იმედი რატომღა გაქვთ, მასაც კარგად იცნობთ?

- ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ალექსანდრეს მამა გავიცანი, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ძალიან მიყვარდა და დიდ პატივსაც ვცემდი. ვიცი, რომ ალექსანდრე უკეთილშობილესი და უპატიოსნესი ბიჭია. ახლა მას ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ. როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სწორედ მაშინ დარჩა მამის გარეშე. თქვენ წაიკითხეთ მისი ბიოგრაფია და შეიტყობთ, რომ მამამისი საუკეთესო ქართველი იყო.

- გასაგებია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად შვილი დანიშნეს და არა - მამა.

- ტრადიციებსა და აღზრდასაც ხომ აქვს დიდი მნიშვნელობა? მინდა, რომ ალექსანდრე კარგი მინისტრი იყოს.

- ბატონო ბესო, ამ ერთი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" გაკეთებულ რომელ საქმეს გამოარჩევდით?

- დიდად პოლიტიზებული არასოდეს ვყოფილვარ, ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. მაინც ვფიქრობ, რომ თავისუფლება ყველაზე მთავარია. ღმერთმა ადამიანი შექმნა, რომელიც დაფასებული უნდა იყოს. კარგად გაკეთებულ და განათებულ გზაზე ღირსეულმა ადამიანმა უნდა იაროს და არა - პატივაყრილმა. ისეთ არჩევნებს ვიყავი მიჩვეული, რომ არც ველოდი, ასეთი თავისუფლება თუ გვექნებოდა. ყველა ჩვენგანი იმ დღეს ლაღად გრძნობდა თავს და თავისუფ­ლად გააკეთა არჩევანი. ეს პირველი წარმატებაა. ქვეყნის შენება თუ გვინდა, ჩხუბს უნდა მოვეშვათ. არაჩვეულებრივი ქართველები დგანან ორივე მხარეს. უნდა გაერთიანდნენ. თუ ხელოვანი ხალხი დასჭირდებათ, ჩვენ მათი ხიდი ვიქნებით.

- ე.ი. თქვენ მაინც კოაბიტაციის მომხრე ხართ.

- მინდა, რომ ქართველებმა ერთმანეთი შეიყვარონ. ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია და ამიტომ არაფერი გამოგვდის. ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ გაგიჟებით არ გვიყვარს. ამას რომ მოვახერხებთ, მერე აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და შეიძლება, ნიკოფსიასაც გადავწვდეთ... პატრიარქის სტიქაროსანი ვარ და ამიტომ ქართველი დასაძრახად არ მემეტება, თუმცა რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ, იქნებ ხალხი ჰპატიობს?

- ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?

- ყველაზე კარგი, რაც მათ გააკეთეს, ეს პატრულია. კიდევ არაერთი კარგი რამ გაუკეთებიათ, მაგრამ ეს ყველაფერი პიროვნების ღირსების შელახვის ხარჯზე არ უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანი შეურაცხყოფილი და ღირსებააყრილია, მას რაც არ უნდა გაუკეთო, არაფერი მოსწონს. ათი ეკ­ლესია რომ ააშენო და ერთი დაანგრიო, მაინც დამანგრევლად მოგიხსენიებს ხალხი. მოკლედ, არ მემეტება ჩემი ხალხი სალანძღავად. ვიღაცამ მკითხა, - ერთი გმირი და ერთიც ანტიგმირი დამისახელეო. გმირი ქართველი ერია. რასაც ჩვენი უწმინდესი გვეუბნება, ყველაფერი უნდა დავუჯეროთ. ქართველ ადამიანს კი ანტიგმირად ვერ დავასახელებ. ამისთვის არავინ მემეტება.

- საუბრის ბოლოს გავმხიარულდეთ და ერთი ანეკდოტი გვიამბეთ.

- ორმა პატრულმა სასულიერო პირი გააჩერა და უთხრეს: მამაო, ღერძულა ხაზი გადაკვეთეთო. კი, შვილო ჩემო, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ჯაკუზში წავიქეცი, ხელი ვიღრძე და საჭე ვეღარ დავიმორჩილეო. - კარგი, მამაო, მიბრძანდითო, - უთხრეს. ცოტა ხანში ერთმა პატრულმა მეორეს ჰკითხა: - ჯაკუზი რა არისო? - რა ვიცი, ისე მეკითხები, თითქოს ეკლესიური ვიყოო, - უპასუხა მეორე პატრულმა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია