დახურული ლაბორატორია, რომელიც უამრავ საიდუმლოს ახდის ფარდას

დახურული ლაბორატორია, რომელიც უამრავ საიდუმლოს ახდის ფარდას

ახალი რუბრიკით - "შესვლა აკრძალულია!" - ამჯერად დახურული დაწესებულების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კარი შევაღეთ...

ამ ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ სახელმწიფო უწყებები, კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. აქ ტარდება როგორც სამედიცინო, ასევე დოკუმენტების, ხელწერის, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ნარკოლოგიური და ბევრი სხვა სახის ექსპერტიზა, რომელსაც სასამართლო პროცესებზე დასკვნის სახით წარადგენენ. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაწესებულება, სადაც თვალით უხილავი ნაწილაკიც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება აღმოჩნდეს.

ექსპერტიზის ბიუროს დათვალიერებას ნავთობპროდუქტების ლაბორატორიიდან ვიწყებთ, რადგან ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ახლახან აღიჭურვა. აქ ფაქტობრივად, ყველა ნავთობპროდუქტის კვლევაა შესაძლებელი, როგორც ხარისხზე, ისე მის შემადგენლობაზე. ასეთი მომსახურება შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს სიმართლის დასადგენად ან უფლების დასაცავად დასჭირდეს. ლაბორატორიაში ამბობენ, რომ მათ ხშირად მიმართავენ მძღოლები, ეჭვობენ, რომ ავტოგასამართ სადგურზე უხარისხო დიზელი ჩაუსხეს და ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ სიმართლეს ვერ ამტკიცებენ.

ექსპერტიზის ბიუროში ყველა ლაბორატორიის კარს აქვს ელექტრონული საკეტი, სადაც შესვლა მხოლოდ ავტორიზებულ თანამშრომლებს შეუძლიათ. ყველა დერეფანში განთავსებულია ვიდეოკამერა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის შემდეგ ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში ჩავდივართ, სადაც მუდმივად ზომავენ ტემპერატურას, ტენიანობას და შესაბამისი ჩანაწერები აღრიცხვის ჟურნალში კეთდება. უამრავ ლაბორატორიულ კვლევასთან ერთად, რომლითაც, მაგალითად, შეიძლება დადგინდეს ყურძნის წარმომავლობა, რომლისგანაც ღვინო არის დამზადებული, ამოწმებენ ქსოვილებსაც წყალ და ჰაერგაუმტარობაზე. ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გახშირდა ქსოვილების ხარისხის შემოწმება როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო პირების მხრიდან. თანამედროვე აპარატურა, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც კი იშვიათად გვხვდება, რამდენიმე წამში ადგენს ნივთიერების ქიმიურ და ბიოლოგიურ შემადგენლობას 99,99% სიზუსტით. აქვე ხდება გამოკვლევა, რომელი პიგმენტური საღებავით არის შეღებილი სამოსი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კრიმინალისტიკური გამოკვლევების დროს. მაგალითად, შესაბამისი მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია იმის გარჩევა, თუ რამდენი საღებავის ფენა აქვს ავტომობილს. ამბობენ, რომ ჰქონდათ შემთხვევა, როცა ერთ ავტომობილზე 17 ფენა საღებავიც აღმოუჩენიათ.

"ავტომობილის ადამიანთან შეჯახებისას მის სამოსზე შუშის ძალიან მცირე, თვალით უხილავი ნაწილაკები რჩება. სწორედ ამ მიკროსკოპების საშუალებით არის შესაძლებელი, დადგინდეს, თუ რომელ ავტომობილს ეკუთვნის შუშის ნაწილაკები და შესაბამისად, რა მარკის ავტომობილი შეეჯახა ადამიანს",

- გვიხსნის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი.

ამის შემდეგ გადავდივართ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკების, მომწამვლელი ნივთიერებების, ალკოჰოლის შემადგენლობას ამოწმებენ და ადგენენ, რომელმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ განაპირობა ადამიანის გარდაცვალება. აქვე, გვამების ლაბორატორიაში, არასასიამოვნო სუნი დგას, რადგან აქ ადამიანის შინაგან ორგანოებს სხვადასხვა ხსნარით ამუშავებენ, პაკეტებში ათავსებენ, ნივთმტკიცების სახით ლუქავენ და სპეციალურ მაცივრებში ინახავენ.

აქვეა ლაბორატორია, სადაც ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზა ტარდება. "ჩვენი ბიურო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ბიოპლანის მოხმარება გამოავლინა. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საზღვარზე დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში დანაყილი ასპირინი ჰქონდა. სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება იყო, მაგრამ ჩვენს ლაბორატორიაში დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ასპირინის ფხვნილი იყო", - გვიხსნის გიორგი ხიზანიშვილი და ამბობს, რომ მათთან ექსპერტიზაზე შესული საქმეების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს კი, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ 100 000-მდე სხვადასხვა სახის საექსპერტო დასკვნა გასცა.

ექსპერტიზის ბიუროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში თითის ანაბეჭდებითა და დნმ-ის ნაწილაკებით ადამიანის იდენტიფიცირება ხდება. "რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი მკვლელობა მოხდა, შეყვარებულები გარდაცვლილები იპოვეს. არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი, მაგრამ სწორედ ჩვენი აპარატურის წყალობით დადგინდა ჭეშმარიტება. თითის ანაბეჭდები არ იყო საკმარისი საქმის გასახსნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი იარაღზე გოგონას დნმ-ის ნაწილაკები აღმოვაჩინეთ. დადგინდა, რომ ბიჭმა ახალშეძენილი იარაღი შეყვარებულს აჩვენა, იარაღი გადატენილი იყო და როცა გოგონამ აიღო ხელში, შემთხვევითი გასროლა მოხდა და ის ბიჭი დაიღუპა. ეს რომ დაინახა გოგონამ, თავი მოიკლა", - მითხრა გიორგი ხიზანიშვილმა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია