"მიშიზმი" დაავადება და საგანგაშო ფსიქიკური მდგომარეობაა!"

"მიშიზმი" დაავადება და საგანგაშო ფსიქიკური მდგომარეობაა!"

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას, მისი მომხრეები დიდი გლოვითა და ურვით შეხვდნენ. მიშას წასვლისთანავე, "მიშისტებმა" სოციალურ ქსელებში ისეთი ამბავი ატეხეს, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ. ზოგიერთები ქვეყნის დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ, მიშას წასვლა აპოკალიფსის ნიშანიაო. ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მიშას წასვლით სიცოცხლე გაუუფერულდათ და მათთვის "9-წლიანი ბრწყინვალე ეპოქის შემდეგ, მზე გახუნდა და გაფერმკრთალდა". ჰო, ეს ერთ-ერთი "მიშისტის" პოსტია "ფეისბუკიდან" და ეს კიდევ არაფერი, უარესებსაც წააწყდებით სააკაშვილის ფანატიკურად შეყვარებული ადამიანების საფეისბუკო სტატუსებსა და კომენტარებში. მეგონა, ამ ხალხს ეს დეპრესიული განწყობა მალე გაუვლის, მიშას მიივიწყებენ და მერე, ჩვეულებრივად, მიშას გარეშე გააგრძელებენ ცხოვრებას-მეთქი. თუმცა, არც ისე მარტივად ყოფილა საქმე, მე რომ მეგონა. რაც დრო გადის, "მიშისტები" უფრო და უფრო დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებიან და მათი მდგომარეობა მით უფრო უარესდება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ "მიშიზმი" დაავადება და საგანგაშო ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული და ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში. საბედნიეროდ, გადამდები არ არის, თორემ საერთოდ წასული იქნებოდა ჩვენი საქმე.

"მიშიზმის", როგორც ახალი დაავადების შესახებ, "ქრონიკას" ფსიქოლოგი, პროფესორი გივი მერაბიშვილი ესაუბრება.

- ბატონო გივი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების დიდი ნაწილი ლამისაა ვენებს იჭრის მისი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის გამო, აშკარად მძიმე დღეში არიან. მათი მდგომარეობა და ქცევები, მგონი, მართლა არ შეეფერება ადამიანის ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მართლა ასეა თუ მე მეჩვენება რამე?

- ნამდვილად არ ცდებით და არც არაფერი გეჩვენებათ. ფეტიშიზმის შესახებ გაგონილი გექნებათ, ადამიანთა რაღაც ჯგუფები ამოიჩემებენ ხოლმე კონკრეტულ ადამიანს, საგანს, შესაძლოა, ცხოველსაც და აღმერთებენ მას, ეთაყვანებიან, ფეხქვეშ ეგებიან. გავიხსენოთ ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ირის ფანატიზმამდე მისული საზოგადოება. როცა კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა, ადამიანები კედლებს თავებს ახლიდნენ, მთელი ქვეყანა ჩადრით იყო მოსილი და ვიდრე დაკრძალეს, ამ ქვეყანაში გაღიმებული ადამიანი არ დადიოდა. ამ ყველაფრის ამსახველი კადრები ჩვენც ვიხილეთ ინტერნეტის მეშვეობით. შეიძლება გავიხსენოთ "სტალინისტები", რომლებიც დღესაც არ იშლიან სტალინისადმი უსაზღვრო და აუხსნელ "სიყვარულს". სტალინზე ერთი აუგი სიტყვა რომ თქვა მათთან, მზად არიან, საპასუხოდ მკაცრად გაგისწორდნენ მათი კერპის შეურაცხყოფისთვის. თუნდაც "ზვიადისტები" გავიხსენოთ. ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დიდი ნაწილი უკიდურესობაშია გადავარდნილი, რეალობას არიან მოწყვეტილნი. ზოგს სჯერა, რომ გამსახურდია ცოცხალია, საზღვარგარეთ იმალება და ჩამოვა. ზოგი კიდევ იძახის, - კი, გარდაიცვალა, მაგრამ გაცოცხლდება და ისევ პრეზიდენტი იქნებაო. აი, დაახლოებით ამ დღეში არიან ახლა "მიშისტები". სააკაშვილის წასვლის შემდეგ მათ უმწეობის განცდა დაეუფლათ, საბოლოოდ დეპრესიაში ჩავარდნენ ეს ადამიანები და ახლა, სხვადასხვა არანორმალური ქცევით გამოხატავენ თავიანთ ამ მდგომარეობას.

- ანუ ეს ხალხი მისტირის მიშას და არა იმ იდეებს, რასაც სააკაშვილი ქადაგებდა - საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, ქვეყნის აყვავებას, სამოთხეში ცხოვრებას, ქვეყანაში ევროპული ცხოვრების წესისა და სტანდარტების დამკვიდრებას...

- "მიშისტები" მიშას მისტირიან, მისი იდეები საერთოდ არ აინტერესებთ. მეტიც, ბევრმა ისიც არ იცის, რას ქადაგებდა მიშა და რას ჰპირდებოდა ხალხს. უბრალოდ, აიჩემეს მიშა და გაიფეტიშეს. ასეთ ადამიანებს ფეტიშის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ, მიშა არ იქნებოდა და სხვას ამოიჩემებდნენ.

- ჯერჯერობით, ასე თუ ისე, "მიშისტები" საშიშები არ უნდა იყვნენ საზოგადოებისთვის, თავისთვის არიან და მისტირიან მამა-მარჩენალს. თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეიძლება გართულდეს მათი მდგომარეობა და რამდენად სახიფათონი შეიძლება გახდნენ საზოგადოებისთვის. შესაძლოა, რომ მომავალში რაიმე მანიაკალური სახის გადახრები აღენიშნოთ? თუნდაც, უფრო აგრესიულები გახდნენ სხვების მიმართ?

- ეს ისეთი დაავადებაა, სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხატოს. კი, შესაძლოა, აგრესიულები გახდნენ და არა მხოლოდ უცხოთა მიმართ. თუ აღგზნებულ მდგომარეობაში იქნებიან, აგრესიას, უპირველესად, ახლობელთა მიმართ გამოხატავენ, ოჯახის წევრებსაც კი არ დაინდობენ. ისევ ჩვენი უახლოესი წარსული გავიხსენოთ. იგივე "ზვიადისტები" ავიღოთ. მათი ამ ფეტიშიზმისა და არა პოლიტიკური შეხედულების გამო, რამდენი ოჯახი დაინგრა საქართველოში? ხომ გსმენიათ, რომ ზვიადის გამო, ქმარმა ცოლს სცემა ან დაჭრა და პირიქითაც მომხდარა? აი, ასეთი მოვლენები, შესაძლოა იმ ოჯახებში მოხდეს, სადაც "მიშისტები" არიან, ოჯახის სხვა წევრებს კი სააკაშვილი გულზე არ ეხატებათ, ანდა მათთვის სულ ერთია ეს ადამიანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური აგრესიით "მიშისტები" მხოლოდ ოჯახის წევრებს ავნებენ და სხვას დაინდობენ. მსგავსი საფრთხე ნებისმიერ ადამიანს მოელის, რომლებიც აღგზნებადობის პერიოდში მათთან სიახლოვეს იქნებიან.

- ვიზუალურად, გარეგნული ნიშნებით, შესაძლებელია ამ ავადმყოფობის ამოცნობა?

- ეგ ცოტა რთული იქნება, მაგრამ საკმარისია პოლიტიკაზე ჩამოუგდოთ სიტყვა, მიშა ახსენოთ და მაშინვე მიხვდებით, "მიშისტთან" გაქვთ თუ არა საქმე – თუ მიშას ხსენებისას დაიძაბა, ნევროზული გახდა, მაშინ, სავარაუდოდ, "მიშისტია". თუმცა, ეს არის მხოლოდ ფორმა და შინაარსობრივად, შეიძლება სხვაგვარად გამოიყურებოდეს.

- რას ურჩევთ საზოგადოებას, როგორ უნდა მოექცნენ "მიშისტებს", რომ რამე შარში არ გაეხვნენ?

- უპირველესად, პოლიტიკაზე არ უნდა დაუწყონ ლაპარაკი, ცხადა, აუგად არ უნდა მოიხსენიონ სააკაშვილი, მისი მომხრე პოლიტიკოსები, ის 9-წლიანი პერიოდი, როცა ის მართავდა ქვეყანას... ეს, სავარაუდოდ, აგრესიულს გახდის მათ და...

- და შეიძლება ვეღარ გამოვასწრო, არა?

- კი, მართლა გასწრებაზე მიგიდგებათ საქმე... ამიტომ, თუ სადმე გადაეყარეთ ამგვარ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფებს, მიშა საერთოდ არ ახსენოთ. უბრალოდ, გაერიდეთ, წადით. თუ ეს ვერ მოახერხეთ და მათთან ერთად იძულებით მოგიწიათ ყოფნა, მაშინ საერთოდ არ ახსენოთ მიშა და მას რომ უკავშირდება, ის ადამიანები და მოვლენები. იმისთვისაც მზად იყავით, რომ, თუ მათ მიშას ქება-დიდება დაიწყეს, მის ხოტბაში აჰყვეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, რაც დაგაზარალებთ.

- მცემენ?

- ნამდვილად არ დაგინდობენ, თუ მიშაზე რაიმე აუგი წამოგცდათ.

- დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, ბატონო გივი. საკუთარ თავს რა შეიძლება დაუშავონ ამ დეპრესიულმა ადამიანებმა?

- ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული, გააჩნია, ვინ რა სიტუაციაში აღმოჩნდება, ვინ როგორ მდგომარეობაში იქნება. არა მგონია, მომავალში "მიშიზმის" ნიადაგზე სუიციდის შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა, "მიშისტებმა" საკუთარ თავს, შესაძლოა, რაიმე დაუშავონ. ღრმა დეპრესიის შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, ყველაფერი, რასაც, თუნდაც, თქვენი ფანტაზია შეიძლება შესწვდეს. თუმცა, ის კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ "მიშიზმის" ნიადაგზე გამოწვეული დეპრესია, თავის მხრივ, გამოიწვევს მუდმივ უხასიათობას, შიშებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას და სხვა მოვლენებს.

- შესაძლოა, საზოგადოებაში თვითდაზიანების ფაქტები გახშირდეს "მიშიზმის" გამო?

- კი, სავსებით დასაშვებია. ხომ გითხარით, "მიშიზმი" იწვევს ღრმა დეპრესიას და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის საქციელის პროგნოზირება შეუძლებელია.

- საწყლები, ეს რა დღეში ჩაუყრია ამდენი ხალხი მიშას! ბატონო გივი, უფრო ყოჩაღი "მიშისტები", ალბათ, მიშას ყოველ დაბადების დღეს აღნიშნავენ, არც სანდრასა და მათი შვილების დაბადების დღეები დაავიწყდებათ და ზარ-ზეიმების მოსაწყობად ამგვარი თარიღები არ დაელევათ. შეიძლება, მიშას მშობლებისა და სიდედრ-სიმამრის დაბადების დღეებსაც გადასწვდნენ. სტალინის დაბადების დღეს ხომ ბევრი დღესაც აღნიშნავს აქაც და პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებშიც?

- ამგვარი ახირებები ასეთ ადამიანებს ახასიათებთ. შეიძლება, ყოველწლიურად აღნიშნონ ეგ და სხვა თარიღები და "ვარდების რევოლუციის" წლისთავის გადახდა არ დაავიწყდებათ ყოველ 23 ნოემბერს. ყველა იმ თარიღს აღნიშნავენ, რომელთაც, მათი აზრით, სააკაშვილიც იზეიმებდა, ანდა მას გაახარებდა მათი საზეიმოდ აღნიშვნა. სახლებში მიშას სურათებს დაიკიდებენ. თუ ერთად აქვთ გადაღებული, ცხადია, იმ სურათებს ყველაზე გამოსაჩენ ადგილს მიუჩენენ.

- წესით, "ნაცმოძრაობის" გულებიანი დროშა და დიდი ხუთიანებიც არ უნდა დაავიწყდეთ.

- რამდენადაც, "ნაცმოძრაობის" დროშაც და ხუთიანიც მიშასთან ასოცირდება, მიშას გაახსენებს მათ, ცხადია, ამ ატრიბუტიკასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებათ, სახლებშიც დაიკიდებენ და, ზოგიერთები, ალბათ, ოფისებშიც.

- კი, ეგრე იქნება უეჭველად. გარეთ ნუ გამოკიდებენ, ხალხი მთლად რომ არ გადარიონ და სახლში რაც უნდათ, ის უქნიათ. ბატონო გივი, "მიშისტები" მკურნალობას ექვემდებარებიან?

- კი, მათ ფსიქოთერაპიის კურსი სჭირდებათ, მკურნალობის გარეშე ავადმყოფი არ განიკურნება და ეს აქსიომაა. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. ამ დაავადებით შეპყრობილმა ადამიანებმა თუ საკუთარ თავს არ აიძულეს მკურნალობა, თუ თავად არ ირწმუნეს, რომ ავად არიან და მედიცინის ჩარევაა საჭირო, ვერანაირი მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს.

- ანუ, უნდა აღიარონ, რომ კონკრეტული დაავადებით, ანუ "მიშიზმით" არიან შეპყრობილნი და ფსიქოთერაპევტს თავად მიმართონ?

- კი, ასე უნდა მოიქცნენ, თუ არადა, დარჩებიან "მიშიზმით" დაავადებულნი.

- მიხვდებიან კი, რომ "მიშიზმით" არიან დაავადებულნი და მკურნალობა სჭირდებათ?

- დროთა განმავლობაში, ეგ ფსიქოლოგიური განწყობა გაუვლით, რეალობის აღქმას დაიწყებენ და იმასაც მიხვდებიან, რომ, არც საკუთარი პოლიტიკური შეხედულება ჰგონიათ, ეს მათი გამოგონილი, ირეალური სამყაროა, ეს, სინამდვილეში, გადახრაა და მკურნალობა სჭირდებათ.

- ბატონო გივი, ახლო მომავალში, ვატყობ, პაციენტთა რიგები დაგიდგებათ.

- ეგ ნამდვილად მოსალოდნელია. მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, კვალიფიციური დახმარება აღმოვუჩვინოთ "მიშიზმით" დაავადებულებს და განვკურნოთ.

- მკურნალობის რამდენი კურსი დასჭირდებათ "მიშისტებს" და რა ეღირება ამ დაავადების განკურნება?

- ყველაფერი ინდივიდუალურია, გააჩნია, დეპრესია რამდენად ღრმაა, მკურნალობის კურსი და შესაბამისად, ფასიც იმაზე იქნება დამოკიდებული. თუ პაციენტი არ გავსინჯე და ზუსტი დიაგნოზი არ დავუსვი, ისე ვერ გეტყვით მაგ დეტალებს.

- წესით, "მიშისტების" მკურნალობა სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ეგენი სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მსხვერპლნი არიან.

- ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით. მე პირადად დავაყენებ მაგ საკითხს, რომ "მიშისტების" მკურნალობა სახელმწიფომ დააფინანსოს, რადგან მართლა სისტემის მსხვერპლნი არიან. ბოლოს და ბოლოს, უფასო თუ არა, მინიმუმ, შეღავათიანი მკურნალობა მაინც ეკუთვნით.

- ბატონო გივი, "მიშიზმით" ბევრი ქართველი პოლიტიკოსია დაავადებული, "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო და მის გარეთ დარჩენილ ლიდერებს ვგულისხმობ. მაგალითად, გოგა ხაჩიძე, გიორგი ვაშაძე, კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, მიშა თავხელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ქეთა გაბიანი, მაია ორჯონიკიძე... მოკლედ, მგონი, მალე ელიტარული კლიენტებიც ბლომად გეყოლებიან.

- კი, მეც ეგრე ვატყობ, ბევრი კლიენტი გვეყოლება "ნაციონალთა" პოლიტიკური ბომონდიდან მე და ჩემს კოლეგებს... მაგრამ ვინც ჩამოთვალეთ, ესენი იქნებიან თუ სხვები, ეგ მომავალში გამოჩნდება.

- "მიშისტებს" შორის უიმედო ავადმყოფებიც შეიძლება იყვნენ, ისეთები, რომლებიც არ განიკურნებიან? აი, ეკა ხერხეულიძე და ქეთა გაბიანი, მე მგონი, მაგ კატეგორიის ავადმყოფები არიან. ნამეტანი შეპყრობილნი არიან "მიშიზმით".

- რასაკვირველია, ასეთებიც იქნებიან. მათი განკურნების ყველაზე უებარი საშუალება მიშა სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის რანგში დაბრუნებაა. რამდენადაც, ეს გამორიცხულია, ამდენად, ბევრი "მიშისტი" დეპრესიიდან, ალბათ, ვერ გამოვა და მათი განკურნება ვერ მოხერხდება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მათ ასეთი ცუდი პერსპექტივა ელით.

- მოკლედ, მთელი ცხოვრება ერთ პოზაში უნდა იდგნენ და ელოდნონ მიშას გაპრეზიდენტებას?

- კი, სამწუხაროდ, უნდა ელოდონ იმას, რაც არასოდეს აღარ მოხდება, თუმცა, საკუთარ თავს დააიმედებენ, რომ მიშა აუცილებლად მოვა და გაპრეზიდენტდება. ამ უსაფუძვლო მოლოდინში იცხოვრებენ.

- საწყლები! ძალიან შემეცოდნენ ახლა ეკა ხერხეულიძე და ქეთა გაბიანი. ხერხეულიძე ორმაგად შემეცოდა, ეგ ზვიად გამსახურდიას დაბრუნებასა და გაპრეზიდენტებას კარგა ხანს ელოდა და ახლა მიშაც ზედ დაემატა. ზვიად გამსახურდიას გახსენებაზე მომაგონდა. მისი მომხრეები, დღესაც მიტინგებს აწყობენ ედუარდ შევარდნაძის სახლთან, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციასთან. რამდენიმე წელიწადში, ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ გოგა ხაჩიძე, კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, ქეთი გაბიანი და სააკაშვილის სხვა ფანატიკოსი მომხრეები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს გამართავენ მიტინგს, ბოლოს მოაწყობენ სკანდირებას: ბი-ძი-ნა სა-ტა-ნა! ბი-ძი-ნა სა-ტა-ნა! მერე დაიშლებიან და წავლენ სახლებში.

- ნამდვილად მოსალოდნელია, რომ "მიშისტები" ასე მოიქცნენ. ხომ გითხარით, ეს დაავადება ფეტიშიზმის ნიშნებით ხასიათდება და შესაბამისად, იგივე გამოვლინებები აქვს, რაც "ზვიადიზმსა" თუ "სტალინიზმს". ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი პოლიტიკოსები შეიკრიბებიან მომავალში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაგრამ "მიშისტების" მის სახლთან სისტემატურ თავმოყრასა და საპროტესტო აქციებს უნდა ველოდოთ.

- წარმატებას გისურვებთ, ბატონო გივი, "მიშისტების" განკურნების საქმეში!

- დიდი მადლობა! მეც წარმატებას გისურვებთ და უფრო მეტად იფრთხილეთ – თქვენი პროფესიის ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება "მიშისტებთან" ურთიერთობაში, რაიმე შარში არ გაეხვეთ.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა