ბავშვებში სიმსივნის შემთხვევები გაათმაგდა - რა იწვევს საგანგაშო შედეგს საქართველოში

ბავშვებში სიმსივნის შემთხვევები გაათმაგდა - რა იწვევს საგანგაშო შედეგს საქართველოში

მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბავშვებში ალერგიულ დაავადებებს იწვევს, თუმცა ამ უსიამოვნო დასკვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა "გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ" კანონის მიღებას აჭიანურებს. ამასობაში კი, ალერგიას ვინღა დაეძებს, ბავშვებში ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი ათმაგდება. ბავშვთა ახალი კლინიკისა და, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის" დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ კიბოს გაახალგაზრდავების მიზეზი შესაძლოა, სწორედ გენმოდიფიცირებული პროდუქტი იყოს. როგორ დავიცვათ პატარები "პოტენციურად საშიში" პროდუქტისგან, როცა საქართველოს ბაზარი ამ მხრივ არ კონტროლდება და რა პათოლოგიური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს გმო-მ მოზარდებში? - "ვერსია" პედიატრ დავით რეხვიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო დავით, მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, ნაწილის აზრით კი, გმო მავნეა. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ გმ პროდუქტის მიმართ?

- ჩემი დამოკიდებულება ლოგიკაზეა დამყარებული: გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიღებიდან ძალიან ცოტა დროა გასული, რათა ვინმემ დაამტკიცოს, რომ საშიში არაა. ჩემთვის სწორედ ამის დამტკიცებაა მთავარი და არა საკითხის ამგვარად დასმა - საშიშია თუ არა გმო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ერთი ზუსტად ვიცი - გმო ბუნებრივად კი არა, ხელოვნურადაა მიღებული და შესაბამისად, შეიძლება, გვერდითი მოვლენები ჰქონდეს, თუმცა გვერდითი მოვლენების შესწავლას დიდი დრო და გამოცდილება სჭირდება. წლების განმავლობაში შეიძლება, დაგროვდეს მონაცემები, რომელთა ანალიზი მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, ეს პროდუქტი საშიშია თუ არა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

- მართალია, რომ გენმოდიციფირებული პროდუქტის მიღება ბავშვებში ალერგიულ დაავადებებს იწვევს?

- ალერგიული დაავადებები მართლაც გახშირებულია, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ იმდენად მოკლე პერიოდია გასული პირველი გმო-ს წარმოებიდან და იმდენად ნაკლებია მისი კვლევის ინტერესი, რომ მტკიცება - გმ პროდუქტი ალერგიას იწვევს, შეუძლებელია, თუმცა ლოგიკას გავყვეთ - ბავშვის ორგანიზმში ხვდება უცხო ნივთიერება, რომელსაც უარყოფს ორგანიზმი. გენი მუტაციას ყოველთვის განიცდის, მუდმივად გარდაიქმნება, როცა ეს ბუნებრივად ხდება, იფილტრება, მაგრამ როდესაც ხელოვნურად აშენებთ ორგანიზმში და აქტივატორებს ვაყოლებთ, რომლებიც ააქტიურებენ გენებს, არავინ იცის, რა შედეგს მივიღებთ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - გარკვეული გენების ჩაშენების შედეგად, გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული წყალმცენარე აკვარიუმისთვის, რომელიც ნებისმიერ გარემო პირობებს ეგუებოდა და მარადმწვანე იყო. ეს წყალმცენარე ოკეანეში მოხვდა და რადგან წყლის ბინადარნი არ ჭამენ, ისე გამრავლდა, ოკეანის ფლორა გაანადგურა, საფრთხე სხვადასხვა სახეობის თევზსაც შეუქმნა და ზოგადად, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა წარმოშვა. მეცნიერები ახლა იმაზე მსჯელობენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ძნელია, წინასწარ გათვალო ყველა ვარიანტი. ფაქტია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გარკვეული ნაღმია, რომელიც როდის ამოქმედდება და რა შედეგს გამოიღებს, არავინ იცის. ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი.

- თუმცა მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ გმო უვნებელია და ალერგია ისედაც 21-ე საუკუნის სენია - ბავშვს ალერგიის ნიშნები შეიძლება ნებისმიერი ახალი პროდუქტის მიღებისას გამოუვლინდეს.

- დიახ, ახლა ალერგიის საუკუნეა იმიტომ, რომ ორგანიზმისთვის არაბუნებრივი ნივთიერებები და პროდუქტი გაჩნდა. ორგანიზმი სამყაროსთან ერთად ვითარდება და ხელოვნურად მიღებული ნივთიერებების მოხვედრისას, თავდაცვას ცდილობს, რაც ალერგიის ფორმით ვლინდება. ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ გმ პროდუქტი საშიში არაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთა ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესში გმო-ს ჩართვა არავინ იცის, რა ცვლილებებს გამოიწვევს, ცვლილებები კი აუცილებლად იქნება - გენი მდებარეობს იქ, სადაც არ უნდა იყოს.

- გენმოდიფიცირებული პროდუქტის მისაღებად გარკვეული ორგანიზმის ერთ კონკრეტულ გენს იყენებენ, მაგალითად ისეთს, რომელიც მხოლოდ ცილის კოდირებას ახდენს. ამ მეთოდით, ორგანიზმის ყველა ნიშან-თვისება არ გადმოდის და ცვლილებები გარდაუვალი რატომაა?

- იმიტომ, რომ მხოლოდ გენი არ განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. მნიშვნელოვანია, ეს გენი როგორ "მოიქცევა" ახალ გარემოში... კაცობრიიობაზე, პრაქტიკულად, ერთი დიდი ექსპერიმენტი ტარდება, რომლის შედეგებსაც წლების შემდეგ გავარკვევთ!

- ბავშვებში ალერგიის გარდა კიდევ რა დაავადებებია გახშირებული?

- ვწუხვარ, რომ ძალიან მოიმატა ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა. იმის აღქმას, რომ ონკოლოგიური პრობლემები გაათმაგებულია, განსაკუთრებული სამედიცინო განათლება არც სჭირდება - სიმსივნე გაახალგაზრდავდა და ბავშვებში ძალიან გახშირდა.

- რისი სიმსივნე სჭარბობს?

- ბავშვებში გახშირებულია სისხლის, დიდებში - კუჭის, პანკრიასის, საჭმლის მომნელებელი სისტემის...

- და ეს გმ პროდუქტთან პირდაპირ კავშირშია?

- თეორუილად, დიდი შანსია, ასე იყოს - პროდუქტში ჩაშენებულ გენს აქტივაცია სჭირდება, რასაც სპეციალური მიკროორგანიზმები ახდენენ. ამ მიკროორგანიზმს სხვა გენის აქტივაციაც შეუძლია და თუ გენი სხვა ტიპის გენს გაააქტიურებს, რომელიც სიმსივნური უჯრედის გამრავლებას გამოიწვევს, მივიღებთ სიმსივნეს. ასე რომ, თეორიულად, დიდი შანსია, სიმსივნის რაოდენობის ზრდა გენმოდიფიცირებული საკვების მიღებას უკავშირდებოდეს.

- დაავადება რა სიმპტომებით იწყება?

- მთელი უბედურებაც ეგაა, რომ პროცესი ფარულია და შეიძლება თავი 10, 15 წლის შემდეგაც გამოავლინოს.

- ამ ფონზე, როგორ შევურჩიოთ ბავშვს რაციონი ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რა ვაჭამოთ?

- ეს ძალიან რთული საკითხია. შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ბავშვებს გენმოდიფიცირებული საკვები არ უნდა მივცეთ. ჩვილ და ზოგადად, ბავშვთა კვება ის სფეროა, რომელშიც გმ პროდუქტის გამოყენება მსოფლიოში კანონმდებლობით მაქსიმალურად შეზღუდულია. რაც შეეხება სხვა პროდუქტს, სიამოვნებით ვაჭმევდი ჩემს შვილებს არაგენმოდიფიცირებულს - ძვირიც რომ იყოს, მათთვის ვიყიდდი, რადგან ზრდის პროცესში ეს აუცილებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ ვიცით, პროდუქტი როგორია. სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ არ დაირღვეს მოქალაქის უფლება - იცოდეს, რას ჭამს და არჩევანი თავად გააკეთოს. გმ პროდუქტი პოტენციურად საშიშია და არ მინდა, ჩემმა შვილებმა, ჩემმა პაციენტებმა მიიღონ. ვიდრე ყველაფერს კანონმდებლობა არ დაარეგულირებს და საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ იმუშავებს, ვერაფერს გირჩევთ. ისე, პროდუქტს თუ დაეწერება გენმოდიფიცირებულია თუ არა, დარწმუნებული ვარ, შვილებს გმ პროდუქტს ის მეცნიერებიც არ უყიდიან, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ გმო უვნებელია.

- ვიდრე პარლამენტი შესაბამის კანონს მიიღებს, თუ გაქვთ შემუშავებული მეთოდი, რომლითაც სახლისთვის პროდუქტს არჩევთ?

- არა... ერთადერთი მეთოდი კვლევაა, რომელიც არ ხდება, რასაც ძალიან განვიცდი. რაჭველი ვარ და ვცდილობდი, რაჭული კარტოფილი მეყიდა ხოლმე, მაგრამ იქაც ამერიკული კარტოფილის მოყვანა დაიწყეს - კარგად მრავლდება, ბევრი მოდის, მახრა და მავნებელი არ ეკარებაო. ყველამ გადააჯიშა ძველი, ტრადიციული რაჭული კარტოფილი. სისუფთავეში, უსასუქოდ კი მოჰყავთ, მაგრამ რად გინდა - გენმოფიდიცირებულია. ამაზე რომ ვფიქრობ, თავი საცდელი თაგვი მგონია.

ონკოლოგიურ საავადმყოფოებში პაციენტების ტევა აღარაა და არავინ იკვლევს, ამის მიზეზი გმ პროდუქტია თუ არა. შეიძლება, გარკვეული მიზეზის გამო, არც აწყობთ კვლევა... ასე რომ, ვიდრე პრობლემა საკანონმდებლო დონეზე არ გადაწყდება, გაურკვევლობაში ვიქნებით.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია