ბაჩო ახალაია - ჩემი ციხეში გამოკეტვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი ვერ გავცე

ბაჩო ახალაია - ჩემი ციხეში გამოკეტვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი ვერ გავცე

ჩემი ციხეში გამოკეტვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი ვერ გავცე, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის საჩივრის განხილვისას საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

საქმე, რომელზეც ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენის გადახედვა მიმდინარეობს, დასრულებულია და გადაწყვეტილებას მოსამართლე 4 დეკემბერს გამოაცხადებს.

ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვისას მოსამართლეს მიმართა, რომ მასზე შესაძლოა ბევრი ცუდი რამ სმენიათ, თუმცა, ახალაიას თქმით, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალის ქმედებებიდან გამომდინარე ვრცელდებოდა.

"ამ ყველაფერს, რაც ხდება არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა. დაპატიმრებული ვარ ერთი წლის განმავლობაში ხუთჯერ. ჩემი მეგობრები იმიტომ აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, რომ ჩემთან ჰქონდათ კავშირი. აბსურდია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს ადგილი უბრალოდ არ აქვს. მთელი ქვეყნის მასშტაბით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრების კამპანია მიმდინარეობს. უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე მინისტრი. ჩემს საქმესაც ამ ჭრილში განვიხილავ. ჩემს მიმართ არსებული დაუსაბუთებელი, გაურკვეველი საუბრები რომ ისმოდა, ეს ერთ-ერთი პლიტიკური ძალის ქმედებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე არავის დავუჭერივარ, ჩემი ფეხით მოვედი ჩემს სამშობლოში. ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ჩემი ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი და საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. მათ შორის არსებობდა შემზარავი კითხვებიც. თუნდაც სასამართლოზე", - განაცხადა ბაჩო ახლაიამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში "კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება" წაუყენეს.

"ბოლო პერიოდში კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება წამიყენეს და ისევ დამაპატიმრეს. ამის ერთადერთი მიზანია, რომ არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გავცე. მე მაქვს ვიწრო საშუალება კითხვებზე პასუხის გაცემისა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რასაც ახორციელებს პროკურატურა. ვიცი, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მართლმსაჯულებას შეესაბამება, მაგრამ 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ვინც ჩემი მეგობრების ხელოვნურად ჩასმას ცდილობს ციხეში ამის გამო პასუხს აგებს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და სასამართლოს მიმართა, რომ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მის და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ე.წ. სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე პროკურატურის საჩივარზე სასამართლო პროცესები დასრულდა. ამოწურულია ყველა პროცედურა. გადაწყვეტილება კი 4 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ