"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები

"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები

ძველი, ამორტიზებული ლიფტები კარგა ხანია თბილისის მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეთა პრობლემად და თავის ტკივილად იქცა. ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე თვალსაზრისს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე გამოხატავენ.

არჩილ კაიკაციშვილი: - თბილისში ლიფტებით მომსახურება არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული: ამორტიზებული ლიფტები, გადახდის გაუმჭვირვალე და არაეფექტური, ძვირად ღირებული სისტემა - 4-სულიანი ოჯახი თვეში ლიფტით მომსახურებისთვის დაახლოებით 20-25 ლარს იხდის და ზუსტად არავინ იცის, სად მიდის ეს თანხა. მოსახლეობა ჩივის "ჩაყლაპულ" 5 და 10-თეთრიანებზე, ხშირია ლიფტების ავარიული გაჩერება, რაც საფრთხეს უქმნის მგზავრთა სიცოცხლეს. ხან ტროსი წყდება, ხან მგზავრი შახტაში ვარდება. უბედური შემთხვევისას ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება. ლიფტების მომსახურე კერძო კომპანიები თითზე ჩამოსათვლელია და კაბინაში გაჭედილს ხშირად რამდენიმე საათიც უწევს ცდა. ქალაქის მერია უპასუხისმგებლოდ აცხადებს, რომ სისტემის მართვა მისი საქმე არ არის და რომ ამაზე პასუხისმგებელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია, თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 674 100 ლარია დახარჯული ლიფტების ფუნქციონირებისთვის, თუკი მერია არ იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ ამხანაგობები რატომ ვერ უზრუნველყოფენ ასეთი სოლიდური თანხის გამოყოფის ფონზე, ლიფტების გამართულ მუშაობას? რატომ ვერ მოგვარდა ავარიული ლიფტების პრობლემა "სინათლის ქალაქად" წოდებულ თბილისში? ჩვენი აზრით, აუცილებელია საბარათე სისტემის შემოღება, ლიფტით მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანის ბარათებით უნდა მოხდეს, გამოცხადდეს ტენდერი და შეირჩეს კომპანიები, რომლებიც არა მარტო საბარათე სისტემის შემოღებას, არამედ კორპუსებში თანამედროვე მოდერნიზებული ლი­ფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფენ.

ნოდარ ჭუმბაძე: - მაშველებს გვიძახებენ, როცა დენი გაითიშება ან ტექნიკური ხარვეზის დროს ლიფტი "იჭედება". მათი ნაწილი ამორტიზებულია, ან შეიძლება იყვნენ უბნის პატარა ხულიგნები, რომლებიც ლიფტებით ერთობიან. კვირის განმავლობაში შეიძლება ათი გამოძახება გვქონდეს, ავარიულ შემთხვევებში მოსახლეობას ლიფტის შემკეთებელი კომპანიებიც უწევენ დახმარებას.

- გქონიათ შემთხვევა, როცა მგზავრს დიდხანს მოუხდა ლიფტში ყოფნა?

- ეს იყო ვაჟა-ფშაველაზე, ახალ კორპუსში... ხშირად მეპატრონეები პირველ-მეორე სართულებს მთლიანად ქოლავენ და როცა ლიფტი ამ სართულების სიმაღლეზე ჩერდება, კედლის გამონგრევა გვიწევს, ამ შემთხვევაშიც ასე იყო და თითქმის ერთ საათი მოუხდა მოქალაქეს ლიფტში ყოფნა, სანამ კედელს გამოვანგრევდით. სამწუხაროდ, მშენებლები ლიფტის მომსახურების წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების მხრივ მოსალოდნელ გართულებებს არ ითვალისწინებენ, რაც მიუღებელია.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია