ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა

ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა

ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისიის ევროპის საზღვაო უსაფრთხოებისა და გემებიდან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების კომიტეტზე (Committee on Safe Seas and the Prevention of Pollution from Ships (COSS)) მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მიეცათ უფლება და შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე", _ განმარტავენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, 2010 წლის ნოემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შეჩერების თაობაზე, რისი საფუძველიც საზღვაო სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა იყო (არასათანადო სწავლის დონე, არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, მეზღვაურთა სერტიფიკატების ფალსიფიკაციისაგან დამცავი ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა, ყალბი დიპლომების დამზადება და ა.შ.).

"2010 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილება შეეხო დახლოებით 3700 ქართველ მეზღვაურს (მართვის და ექსპლუატაციის დონეები), რომელთა ყოველთვიური ხელფასები გემზე მუშაობისას მერყეობდა 1 500 დოლარიდან 15 000 დოლარამდე. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, აღნიშნულმა პირებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების მიერ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა", _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების, სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მონიტორინგის შედეგად საქართველომ მეზღვაურთა სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემა გააუმჯობესა. "2012 წლის 16-25 ოქტომბერს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების (EMSA) სააგენტომ ქ. ბათუმში სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებების აუდიტი ჩაატარა. მ.წ. 22 ნოემბრის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, სწორედ ზემოხსენებული აუდიტის შედეგების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული. ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან", _ განაცხადეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, საქართველოში ამჟამად 18 000-ამდე მეზღვაურია რეგისტრირებული, რომელთა უდიდესი ნაწილი აჭარის რეგიონში ცხოვრობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აჭარაში დასაქმების მნიშვნელოვნად ზრდას ხელს შეუწყობს. ამასთან, გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე.

"მეზღვაურის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება და შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოში არსებულ საზღვაო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს გლობალურ საზღვაო ბაზარზე, როგორც კვალიფიციური მუშახელის მიმწოდებელი ქვეყანა. აქვე, უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განსაკუთრებული წვლილი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში გატარებულ რეფორმებში", _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ