"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."

"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."

ვილნიუსის სამიტამდე ორი დღე რჩება. ევროპის მდუმარების ფონზე, რუსეთი უკრაინისთვის ყველა საშუალებით იბრძვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო აცხადებს: "გაერთიანებულმა ევროპამ ბრძოლა წააგო, უკრაინა არ არის იდეალური, მაგრამ უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ორი ნაბიჯიღა დარჩა და უკრაინა საბაჟო კავშირში, ასევე ევრაზიული სივრცის უფსკრულშია. ჩვენ ადვილად გადავფრინდებით სინათლიდან სიბნელეში". უკრაინის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა, რუსი ოკუპანტები უკვე ქარელის სოფლებში გამოჩნდნენ და ტრაფარეტების დამონტაჟება დაიწყეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპანტები მავთულხლართების გავლებაზე გადავლენ, რამდენად ახლოა სინათლიდან სიბნელეში გადაფრენა? რა საფრთხეების წინაშე დგას ვილნიუსის სამიტის გამო საქართველო? ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში და ადვოკატი ვალერი გელბახიანი "ალიას" კითხვებს პასუხობს.

- საქართველოს ახალი ხელისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. რუსეთი არ თმობს უკრაინას, უკრაინამდე იყო სომხეთი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პუტინის ძლიერი ზეწოლის გამო დანებდა. ახლა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებას, თავისუფალ ბაზარს მხოლოდ საქართველო და მოლდოვა ითხოვს. რა იქნება ჩვენი ფასი ევროკავშირის სანაცვლოდ?

- პუტინმა გასაგებად და მკვეთრად განაცხადა, რომ 2015 წელს დასრულდება ევრაზიის სახელმწიფოების კავშირის შექმნა, ამისთვის კი ზუსტად ერთი წელი გვრჩება. ამიტომ, ან საქართველო გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ან მოუწევს რუსეთთან შებრძოლება და ყველანაირი დაძაბულობის საკუთარ თავზე აღება. ეს დაძაბულობა კი ძალიან მაღალი ხარისხის იქნება.

- უკრაინის პრემიერი აზაროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას გაზის კონტრაქტის გადახედვით ემუქრება, ევროკაშვირი კი, ამ საკითხის ეკონომიკურ კომპენსაციას არ აპირებს. ევროკავშირის იგნორი ნიშნავს თუ არა, რომ პოზიციებს თმობს და საქართველოს შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცევა?

- გარდა იმისა, რომ უკრაინის მთელი ბიზნესი რუსეთზეა მიბმული და ბიუჯეტს ეს ყველაფერი ცუდად დაარტყამს, არის პოლიტიკური საფრთხეებიც. ნუ გავიწყდებათ, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი არის ეთნიკურად რუსული წარმოშობის მოსახლეობა, ასევე, ნუ გავიწყდებათ, რომ ყირიმი სადავო საკითხად რჩება. რუსები დღემდე თვლიან, რომ ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია და უკრაინასთან საკითხის გამწვავება წამოსწევს ყირიმის საკითხს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი გამოყენებული იქნებოდა სეპარატისტული მოძრაობისთვის და მსოფლიო მიიღებდა შუაზე გაყოფილ უკრაინას. ვინაიდან რუსეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს უქმნის უკრაინას, მაშასადამე ეს უღირს, უკრაინა არ წარმოადგენს დერეფანს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევრაზიულ კავშირში რუსეთის შემდეგ უკრაინა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო. მაგრამ საქართველოს აქვს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია, ის არის ძვირადღირებული რუსეთისთვის, ვიდრე უკრაინა, რადგან საქართველოს გვერდით ჰყავს აზერბაიჯანი, თურქმენეთი და მთელი შუა აზია. თუ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ვერც აზერბაიჯანული, ვერც თურქმენეთისა და შუა აზიის ტვირთები საქართველოზე ვერ გაივლის, დერეფანი ჩაიკეტება, მათ ერთადერთ გასავლელად რჩებათ ირანი და მოგეხსენებათ, რომ ირანი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისწრაფვით დასავლეთისკენ, ეს რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სატრანზიტო დერეფანი და მისი მნიშვნელობა რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, არის სასიცოცხლო ინტერესების მატარებელი. ამიტომაც, უფრო მეტი ფასი აქვს საქართველოს, ვიდრე უკრაინას.

- გამოდის, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ გაცილებით მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს.

- რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი, რუსეთმა შეგნებულად გახსნა ბაზარი, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გააკეთა, სააკაშვილმა რუსეთის ბაზარზე ტვირთები არ გაუშვა, რუსეთი ამ ნაბიჯით შეეცადა ქართველი ხალხისთვის დაენახვებინა, რომ პირველ ნაბიჯებს ის დგამს. თუ ჩვენ ვიქნებით ძალიან კატეგორიული დასავლეთის მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ საფრთხეები საქართველოსაც შეექმნება, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში არსებობენ არაქართული რეგიონები და არ არის გამორიცხული, რომ სამცხე-ჯავახეთში რუსებმა სიტუაცია დაძაბონ და ესკალაციის ახალ კერად აქციონ. გაჩნდება სეპარატისტული ნიშნები, იქნება ახალი პროვოცირება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით და რუსები ყველაფერს ეცდებიან, საომარ ვითარებამდე მიიყვანონ საქართველო. რუსეთს ეს უღირს, რადგან აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ შევა ევრაზიულ კავშირში, თუ რუსეთი საქართველოს იძულებით არ შეათრევს. საქართველოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, აზერბაიჯანის ეკონომიკა მთლიანად პროდასავლურია და ის არავითარ შემთხვევაში არ შევა ევრაზიულ კავშირში, თუ პირველ ნაბიჯს საქართველო არ გადადგამს. თუმცა აქვე გეტყვით, - თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის იმდენად დაძაბულია ურთიერთობა, რომ აზერბაიჯანი მათ ნივთებს არ ატარებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საკითხსაც გამოიყენებს და აზერბაიჯანს შეუქმნის პრობლემას კასპიის ზღვის კონტროლზე და ნავთობის მოპოვებაზე. მოკლედ, ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, თუ სამხრეთ კავკასია უარს განაცხადებს ევრაზიულ კაშვირზე, რუსეთი აუცილებლად რეგიონში ყველგან ცეცხლს გააჩაღებს. მოკლედ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს ისეთი პრობლემები რომელსაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს და დაძაბავს ვითარებას კავკასიაში, თუ არ მოხდება რუსეთთან ევრაზიულ კავშირზე მოლაპარაკება. მოკლედ, რუსეთი ამას ძალის გამოყენებით მაინც გააკეთებს, თუ კავკასია არ დანებდება.

- ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ახალი ხელისუფლება, უნდა ელაპარაკოს თუ არა რუსეთს ულტიმატუმის ენით და უნდა ევაჭროს თუ არა დაკარგული ტერიტორიებით?

- მთავრობას საფიქრალი ის კი არა აქვს, როგორ გაუწიოს რუსეთს წინააღმდეგობა, წინააღმდეგობას ფიზიკურად ვერ გაუწევს, ჩვენ არ ვართ ევროკავშირისა და ნატოს წევრები, არანაირი უსაფრთხოების ზომებით არ ვართ დაცული. ევროკავშირთან პარაფირებისთვის ვერ მიგვიღწევია, რა დროს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზეა საუბარი. მინიმუმ 10 წელია პროცედურულად გასავლელი, ევროკავშირის წევრობაზე რომ ვიფიქროთ. რაც შეეხება იმას, რომ ასოცირების წევრი გავხდეთ, პარაფირება არ ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირებას. პარაფირებიდან ასოცირებამდე სამი წელი სჭირდება ქვეყანას, რომ რეფორმები განახორციელოს. ამიტომ, ეს არის ძალიან შორსმიმავალი გზა. მეორე, შეუძლია კი ევროპას, დღეს საქართველო რუსეთისგან დაიცვას?..

- ევროპამ უკვე დაგვანახვა, რომ მან ვერ დაიცვა უკრაინა... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე კიევის შემდეგ ოფიციალურმა ბაქომაც უარი განაცხადა...

- ომის დროს სად იყო ევროკავშირი? ევროპა არ იყო შუამავლად რომ მოგვევლინა? რუსეთს საქართველოს ტერიტორიები რომ გაუფორმა და ერთი-მეხუთედი რომ დაგვაკარგვინა, ზუსტად იმისთვის, რომ ომი არ გაგრძელებულიყო. იცით, რას გვეტყვით? ქართველებს გვერჩივნა, ომი გაგრძელებულიყო, ოღონდ ტერიტორიების გაფორმება არ მომხდარიყო. ტერიტორიების გაფორმებით ჩვენ მივიღეთ იურიდიული შედეგი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვცვლით. აი, საომარი ვითარებით კი შედეგს შევცვლიდით. ვიღაცა დაიღლებოდა სისხლისღვრით და ვიღაცას შუაგულ რუსეთში მეტი პრობლემები შეექმნებოდა. ასე იქნებოდა. ევროპამ კი არ დაგვიცვა, არამედ წაგვართვა ტერიტორიები. პროევროპელებს გინდ ეწყინოთ და გინდ არა, ეს არის სიმართლე. სარკოზიმ, რომელიც იმ დროს იყო ევროკავშირის ეგიდით მოვლენილი, შეძლო შუამავლობა პუტინსა და სააკაშვილს შორის, რომ ეს ტერიტორიები უირიდიულად გაფორმებულიყო რუსეთის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ევროპას დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და ჩამოშორდეს რუსეთის გავლენას, მაგრამ არანაირი ძალმოსილება და რესურსი არ გააჩნია იმის, რომ საქართველო რუსული საფრთხისგან დაიცვას.

თქვენ განაცხადეთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე კიევის შემდეგ ბაქოც უარს აბმობს, ეს იცით, რას ნიშნავს? რუსეთმა ყველა გზა ჩაგვიკეტა. ევროპასა და ამერიკას არანაირი რესურსი და უნარი არ შესწევს, რუსული საფრთხისგან დაგვიცვას. რუსეთს კი აქვს უნარი ბოლომდე დაგვანგრიოს. ამიტომ, ხომ არ არის საფიქრალი, რომ მოიძებნოს კონკრეტული გამოსავალი. მაგალითად, აი, რაში ვხედავ გამოსავალს, - საქართველოს ტერიტორიების პრობლემები აქვს, რომელც რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, თუმცა ჯერჯერობით მსოფლიო რუკაზე რჩება როგორც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის საზღვრებში შემავალი ორი სეპარატისტული დე ფაქტო ხელისუფლება. ვიდრე მსოფლიოს მოუხდენია დაკარგული ტერიტორიების პოლიტიკური და დიპლომატიური აღიარება, მანამდე გვაქვს ასეთი მოცემულობა. ამიტომ, საქართველოს აქვს შანსი, იქით წაუყენოს რუსეთს ულტიმატუმები, თუ შენ გინდა საქართველო გახდეს ევრაზიის წევრი, მაშინ რუსეთმა კეთილი ინებოს და ჩვენი ტერიტორიები დააბრუნოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება შესვლა ევრაზიის კავშირში, მაგრამ ეს საკითხი საქართველოს მოსახალეობის გადასაწყვეტია, რა უფრო უღირს სამომავლოდ საქართველოს სახელმწიფოს, ის, რომ სამუდამოდ დაკარგოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, თუ რუსეთის ხელითვე დაიბირუნოს დაკარგული ტერიტორიები. არაფერი დამღუპველი ევრაზიულ კავშირში არ იქნება, თუ რუსეთი დაიშლება, ავტომატურად ეს კავშირიც დაიშლება და გამთლიანებული საქართველო, ამ კავშირიდან გამოვა.

- და მაინც, ახალ ხელისუფლებას შესწევს უნარი, რომ გამოწვევებს გაუძლოს და უპასუხოს?

- ირაკლი ღარიბაშვილს უნდა თუ არ უნდა, 6 თვეში აუცილებლად გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს მთავრობა არის დროებითი, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა უნდა გაარკვიოს ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულება, ვინც დღეს კოალიციაში. მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ მე ვთვლი და ვფიქრობ, ღარიბაშვილიც ხომ აკეთებს პოლიტიკურ გათვლებს. აი, დადგა დრო და რუსეთმა დაგიყენა საკითხი ალტერნატივის გარეშე და საქართველოში შეიქმნა უკრაინაზე მწვავე ვითარება, საჭირო გახდა გადაწყვეტილება ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. წინასწარ ხომ ვიცით, რომ ეს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. უნდა ღარიბაშვილს ისეთი პარლამენტი, რომელიც მას თანამდებობას დაატოვებინებს? არ უნდა... ამიტომ, ის აქამდე არ მიიყვანს საქმეს, მას აუცილებლად ეყოლება თავისი უმრავლესობა პარლამენტში, ამიტომ ღარიბაშვილის ამოცანა არის, რომ მაქსიმუმ 8 თვეს ეს მთავრობა ამუშაოს ამ შემადგენლობით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საშუალებით მოახდინოს გაფილტვრა როგორც მისი პარტიის შიგნით, ასევე კოალიციის. ის ეტყვის, იყარეთ კენჭი, ვინც მოიგებთ, მოიგებთ. კოალიციიდან დამოუკიდებლად რომელი მოიგებს არჩევნებს?.. ვერც ერთი... გამორიცუხლია, "რესპუბლიკელებმა" დამოუკიდებლად მოიგონ არჩევნები, ასეთი ბედი ელის სხვა პარტიებსაც. დამიჯერეთ, თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა. ღარიბაშვილი ძლიერი ფიგურაა და კარგად აქვს გათვლილი, რა როგორ უნდა გააკეთოს.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა