საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები

საბჭოთა ფსიქიატრია და ქართველი დისიდენტები

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრუშჩოვმა განაცხადა:

- დანაშაული საყოველთაოდ აღიარებული ქცევის ნორმებიდან გადახვევაა, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანის ფსიქიკის მოშლით; რომ საბჭოთა კავშირში აღარ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან წყობით უკმაყოფილონი, ის ერთეულები კი, კომუნიზმის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულები არიან. შესაბამისად, უშიშროების ორგანოებმა დისიდენტებთან საბრძოლველად დავალება მიიღეს, ექიმებთან ერთად შემუშავდა ახალი კონცეფცია, რომელშიც მთავარი როლი შიზოფრენიის დიაგნოზს უნდა შეესრულებინა.

გამონაკლისს არც ქართველი დისიდენტები წარმოადგენდნენ. აღნიშნულ მეთოდს საბჭოთა ხელისუფლება და ფსიქიატრია XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართველ დისიდენტთა წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა.

დისიდენტური საქმიანობის გამო 1977 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას აპატიმრებენ. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში დღის წესრიგში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევის საკითხი დადგა.

ზვიად გამსახურდია მოსკოვში, სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გაიგზავნა გამოსაკვლევად, მერაბ კოსტავა კი - თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

აღსანიშნავია, რომ სერბსკის ინსტიტუტი ადამიანების გიჟად მონათვლის ყველაზე ცნობილი დაწესებულება გახლდათ.

ინსტიტუტის საიდუმლო განყოფილების თანამშრომლები ექსპერტიზას ატარებდნენ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის მხრივ, სახელმწიფოს უშიშროებასთან იყო კავშირში და შესაბამისად, საგამოძიებო საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ. ინსტიტუტში ფართოდ იყო გავრცელებული "კოფეინ-ბარბიტურატული განტვირთვა", რის შემდეგაც პაციენტები მედიკამენტური გაბრუების ფონზე იძლეოდნენ ჩვენებებს. ამ ჩვენებებს კი შემდგომში უკვე მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.

დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დიაგნოზით შესაძლებელი ხდებოდა ნებისმიერი გამვლელის "გამოსაკვლევად" წაყვანა, რასაც დიაგნოზის დასმა და იძულებითი "მკურნალობა" მოჰყვებოდა.

სერბსკის ინსტიტუტის ფსიქიატრები არასდროს უგდებდნენ ყურს იმას, რას ლაპარაკობდა "პაციენტი". ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ლაპარაკობდა ის... მაგალითად, თუ "პაციენტი" ღელავდა, ფსიქიატრი ავადმყოფობის ისტორიაში წერდა: "აღგზნებულია, ავადმყოფურად რეაგირებს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემებზე", მოწყენილობის შემთხვევაში - დეპრესიას უდგენდა, მოდუნებას კი შიზოფრენიის სიმპტომად უფორმებდა.

თუ პაციენტები დარწმუნებით ამტკიცებდნენ რამეს, ფსიქიატრები ასეთ დიაგნოზს სვამდნენ - "საკუთარი პიროვნების გადაჭარბებული შეფასება" ან "განდიდების მანია".

შს სამინისტროს არქივში ინახება დადგენილებები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მერაბ კოსტავას განცხადება, რომელიც მან უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურის სახელზე გაგზავნა (დოკუმენტების სტილი დაცულია).

(დოკუმენტი #1)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე

16 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

"კგბ"-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა გამსახურდიას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა ზ. გამსახურდია სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი?

1965-1968 წლებში ზ. გამსახურდია პასუხისგებაში გახლდათ მიცემული ხულიგნობისა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.

დეპრესიული მდგომარეობის გამო, მას დაენიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამოკვლევებისას ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ მისი საჭმელი მოწამლული იყო, რომ მას უთვალთვალებდნენ პროკურორის მიერ მიგზავნილი ადამიანები, გარშემომყოფებს ეჭვის თვალით უყურებდა. რეაქტიული დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ ცნეს შერაცხადად.

სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ზ. გამსახურდიას 1956 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ავლენდა უცნაურობებს და მკურნალობდა ფსიქიატრთან. 1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე გადიოდა სასამართლო ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც ექსპერტ-ფსიქიატრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და რომ წარსულში გადატანილი აქვს შიზოფრენია.

სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1977 წლის 30 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ის არის ფსიქოპათიური პიროვნება შეპყრობილი "განდიდების მანიით" და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა. მას არ უდასტურდება დროებითი ფსიქიკური აშლილობაც კი. ამ გარემოებების გათვალისწინებით დაადგინეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია.

მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიული კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ. ჟარიკოვი.

კომისიის წევრები - ექსპერტ-ფსიქიატრები: ტ. ეჩერნიკოვა, ი. ბობროვა, ია. ლანდაუ.

(დოკუმენტი #2)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე

28 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

"კგბ"-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა კოსტავას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა მერაბ კოსტავა სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი?

1977 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ექსპერტ-ფსიქოლოგების ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულ მერაბ კოსტავაზე (საქართველოს სსრ შსს შრომა-გასწორების რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება - კოსტავას მასალები გადაიგზავნა 29 სექტემბერს 1977 წ.).

დახასიათება - კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება.

ფსიქიატრთა დასკვნა - ფსიქიკურად არაა დაავადებული, კანონდარღვევის დროს ფსიქიკური აშლილობა არ შეინიშნებოდა, თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს შერაცხადად. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია წარდგეს სასამართლოსა და გამოძიების წინაშე.

(დოკუმენტი #3)

საქართველოს სსრ სახ. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალ. ინაურს

მ. კოსტავას

განცხადება

1977 წ. 29 სექტემბერს შევიტყვე, რომ სახუშიშროების კომიტეტი აპირებს ჩემს გაგზავნას გამოკვლევაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთი ჯანმრთელი დისიდენტი გაუგზავნიათ ამგვარ გამოკვლევაზე და შემდეგ ავადმყოფად შეურაცხიათ ისინი. მაგალითად, ლეონიდ პლიუმჩი, ა. გრიგორენკო, ვ. ფეინბერგი და ა.შ. პრიმიტიული ლოგიკაც კი საკმარისია მისახვედრად, სახელდობრ სხვაგვარად მოაზროვნეებს რად ხვდებათ ხოლმე ჩვენში ამგვარი ხვედრი. რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისათვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. ჩემთან მჯდომი უშ. კომიტეტის პატიმრებიდან ჯერ არავინ გაუგზავნიათ ამგვარ ექსპერიმენტზე. ასეთ გადაწყვეტილებას უშ. კომიტეტისას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ.

მერაბ კოსტავა

1977 წ. 29 სექტემბერი.

მომზადებულია შს სამინისტროს ჟურნალის, "საარქივო მოამბის" მიხედვით

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია