ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა

ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიზეზი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილის, 26 წლის მაია მიქაუტაძის სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მის გადასარჩენად ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება - ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. "კვირის პალიტრა" თამთა ლიპარტელიანის დედას, ლეილა ასათიანს დაუკავშირდა:

- ჩემი დისშვილი თამთას ტოლია. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მაიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და 26 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ კეთდება. თურქეთის კლინიკამ ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა, რამაც თავზარი დაგვცა - 160 ათასი დოლარი. სასწრაფოდ შევადგინეთ გასაყიდი ქონების ნუსხა, მაგრამ ცხადია, ეს ვერ გვიშველის...

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო 10 ათასი დოლარი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა დამატებითი თანხები მოსაძიებელია. თხოვნით მივმართავ კეთილ ადამიანებს: თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, თამთა უკვე დავკარგეთ და იქნებ მაიას სიცოცხლე მაინც შეგვინარჩუნოთ. მაიას ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა მძიმე დაავადება, აღარ გვეგონა, თუ უფრო რთული ფორმით გაუმეორდებოდა, მაგრამ... თამთას ამბავი ძალიან განიცადა, ერთი თვე თითქმის არაფერს ჭამდა, სულ ტიროდა. ყველას ვთხოვ: ნუ მივცემთ სიკვდილს სიცოცხლეზე გამარჯვების უფლებას!

- თამთას მკვლელზე არაფერი შეგიტყვიათ?

- წერილი მივწერე ნორვეგიის სასამართლოსა და ტერაქტში დაღუპული ახალგაზრდების მშობლების კომიტეტს, რომელიც "ბერგენტიდენტეს" (ქალაქ ბერგენში გამომავალი გაზეთია) რედაქციაში გავგზავნე, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ამ გაზეთის ჟურნალისტები ცოტა ხნის წინ საქართველოში იყვნენ, დაინტერესდნენ, რომ თამთას სახელზე ბავშვი ავიყვანეთ. გვეხვეწნენ, ინტერვიუ მიგვეცა. ახლა ჩვენ დაგვჭირდა ინფორმაციის გავრცელება და ელექტრონულ ფოსტაზე არც კი გვიპასუხეს.

- რა მისწერეთ?

- ის, რომ მკვლელი განცხრომაში არ უნდა ცხოვრობდეს. მან თუ გამუდმებით დანაშაულზე არ იფიქრა, ცოდვას ვერასოდეს შეინანებს. შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ბრეივიკს უდანაშაულო ახალგაზრდების განწირული ხმა სულ უნდა ჩაესმოდეს. ნორვეგიის მთავრობასა და სასამართლოს ბრეივიკის ამ უსაშინლეს დანაშაულზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. ბრეივიკმა 77 კაცი მოკლა, 90 წუთის განმავლობაში კუნძულ უტოიაზე 68 ახალგაზრდას წამებით ამოხადა სული. ნორვეგიის მთავრობის უნიათობაა ის, რომ იმ ავადსახსენებელ დღეს ბავშვების დაცვისთვის არაფერი გააკეთა. 90 წუთის განმავლობაში მკვლელს ბავშვების ხოცვა როგორ დაანებეს?! მთავრობას თავისი უნიათობის მისაჩქმალად კიდეც აწყობდა ბრეივიკის შეურაცხადად გამოცხადება. ეს პროკურატურისთვის გამოსავალიც კი იყო. ახლა თურმე უნდა დავიჯერო, რომ ბრეივიკი შეურაცხადია იმიტომ, რომ რამდენიმე წელი ემზადებოდა ამისთვის - წერდა მანიფესტს, ამზადებდა იარაღს, რისთვისაც უცხოეთიდან საჭირო მასალა შემოჰქონდა. სხვათა შორის, ბრეივიკმა არ გათქვა თავისი თანამზრახველების ვინაობა. არათუ შეურაცხადი, საკმაოდ ჭკვიანია და ყველაფერს აკეთებს, რომ მალე გამოუშვან.

- ეს როგორ უნდა მოახერხოს ბრეივიკმა, რომელსაც 21 წელი აქვს მისჯილი (სასჯელის 5 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით)?

- გაგვაღიზიანა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს პირსისხლიანი მკვლელი მისთვის სპეციალურად აშენებულ კეთილმოწყობილ კლინიკაში გადაიყვანონ. დარწმუნებული ვართ, ბრეივიკი ერთ-ორ წელიწადში სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს და კომისია ჩათვლის, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის და გაათავისუფლებენ. ალბათ, ამით დაგვირგვინდება მისთვის კეთილმოწყობილი აპარტამენტების გამოყოფა სასჯელაღსრულების ადგილზე, და სტუდენტობის უფლების მიცემა. გამოვხატე პროტესტი და სხვა შვილმკვდარი მშობლისგან ისეთი პასუხი მივიღე, გავოცდი - ერთ-ერთმა დედამ ასეთი წერილი მომწერა: "ალბათ, ჩვენ შორის კულტურული განსხვავების ბრალია, რომ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ. რატომ არ უნდა ისწავლოს ბრეივიკმა, დაე, განათლებული დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან დემოკრატიის დონით და ეს განაპირობებს, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ხედვა გვაქვს". ეს პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღე. ვფიქრობ, გავუგზავნო კიდევ ერთი წერილი.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია