ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი, რომელიც ალექსეევკის დასახლებაში მატარებლის ვაგონში ცხოვრობს, სახელმწიფომ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

მარიამ ყარმაზანაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში თავშესაფრის გარეშე ცხოვრობდა და ნათესავებმა მას მატარებლის დამპალი ვაგონი აჩუქეს.

"ვაგონს ძირი სულ გამომპალი ჰქონდა, მე და ჩემმა 22 წლის ბიჭმა ხისგან გავუკეთეთ იატაკი და ვცხოვრობთ ვაგონში, რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს. ზამთრის დადგომა განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, რადგან გათბობის საშუალება არ გვაქვს. ჩვენთან ახლოს მაღაზიაა, იქ მუყაოს ყუთებს გვინახავენ, იმას ვანთებთ და ცოტას ვთბებით. დახმარებისთვის მივმართე ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს, რომლებიც ვერ დამეხმარნენ", - აცხადებს ყარმაზანაშვილი.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი. რაც შეეხება მის 22 წლის ვაჟს, იგი მძიმედაა ავად და მუშაობა არ შეუძლია.

"დილას, როდესაც ვიღვიძებთ გაყინულები, სასმელ წყალში დამხრჩვალი თაგვები მხვდებიან. ჩვენი გაკეთებული ფიცრული იატაკიდან დიდი ობობები და ვირთხები ამოდიან. ფაქტობრივად ქუჩაში ვცხოვრობ, მაგრამ ვაგონში ცხოვრებას ერთი პლუსი აქვს, რომ თავზე არ გვაწვიმს", - განაცხადა მარიამ ყარმაზანაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მასთან მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, უნებართვოდ განთავსებული ფიცრული ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვეს და ათი ათასი ლარით დააჯარიმეს.

"მე ამ თანხის გადახდა არ შემიძლია, არ ვიცი რა უნდა ვქნა, თუ ჩემს თავშესაფარს დავანგრევ, ისევ ქუჩაში აღმოვჩნდები. ვთხოვ, სახელმწიფოს დამეხმაროს. ერთადერთი ჩემი საარსებო წყარო სოციალურად დაუცველის დახმარებაა. ამხელა თანხის გადახდას ვერ შევძლებ", - აღნიშნა ყარმაზანაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ყარმაზანაშვილების საცხოვრებელ ვაგონს, ან როგორ მოახერხებენ დაკისრებული ჯარიმის გადახდას. მარიამ ყარმაზანაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და იმედი აქვს, რომ ისევ ქუჩაში არ დარჩება.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია