"კარნეგის ცენტრი" - რა ელით საქართველოსა და მოლდოვას ვილნიუსის სამიტზე

"კარნეგის ცენტრი" - რა ელით საქართველოსა და მოლდოვას ვილნიუსის სამიტზე

"რა ელით საქართველოსა და მოლდოვას ვილნიუსის სამიტზე", - ამ სათურით აქვეყნებს ჯუდი დემფსის სტატიას "კარნეგის ცენტრი". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტამდე ევროპელ დიპლომატებს რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე ილუზიები აღარ უნდა ჰქონდეთ.

"ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მიღწეულ წარმატებაზე შეჩერებას არ აპირებს. მას მერე, რაც უკრაინელი კოლეგა, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აიძულა უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რუსეთის პრეზიდენტი ყურადღებას საქართველოსა და მოლდოვასკენ მიმართავს", - წერს ჯუდი დემფსი.

როგორც ავტორი წერს, აღმოსავლეთ პარტნიორიობის ექვსი ქვეყნიდან ვილნიუსში სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის ერთგული მხოლოდ ორი ქვეყანაღა რჩება. უკრაინის გარდა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელორუსმა უკვე აქციეს ზურგი ამ გარიგებას.

"საქართველო და მოლდოვა რთული არჩევანის წინაშე დგანან: ან ევროპასთან დაახლოების ერთგული უნდა დარჩნენ და რუსეთისგან მკაცრი ეკონომიკური და სავაჭრო რეაგირება მიიღონ, ან მათაც თქვან უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე", - აღნიშნავს ჯუდი დემფსი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ რუსი პოლიტიკოსი დიმიტრი რაგოზინი პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში მკაცრად დაიმუქრა. როგორც ჯუდი დემფსი აღნიშნავს, ორი კვირის წინ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის რეგიონალური ექსპერტები და დიპლომატები ესწრებოდნენ, რაგოზინი თავხედურად იმუქრებოდა.

ავტორის თქმით, რაგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი გადაუკეტავდა საზღვრებს ნებისმიერი ქვეყნის საქონელს, ვინც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებდა, ამ ქვეყნების შრომით მიგრანტებს კი რუსეთში დასაქმება აეკრძალებათ.

"ეს არ არის მხოლოდ მუქარა. ჩვენ უკვე გავხდით იმის მოწმენი, თუ როგორ შეაჩერა რუსეთმა, მეზობლების ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის მიყენების განაზრახვით, რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი უკრაინის საექსპორტო საქონლის 30 პროცენტზე მეტი. საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ენერგორესურსები და უზარმაზარი ბაზრები მათ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, რომ ისინიც აიძულოს მის მოთხოვნებს დაემორჩილონ. ამ ქვეყნების ეკონომიკა რუსეთისგან საკმარისად დამოუკიდებელი არ არის და არც მათი ენერგორესურსების მრავალფეროვნებია იმისთვის საკმარისი, რომ რუსეთის შანტაჟს გვერდი აუარონ", - წერს ჯუდი დემფსი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის მეორე ვარიანტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარია. ავტორის თქმით, მოლდოვამ და საქართველომ იციან, რომ ევროპულ კლუბში თავიანთი დიდი მეზობლის უკრაინის გარეშე, ერთობ რთული იქნება კრემლის მუქარის მოგერიება.

"პროცესი მოლდოვას დარად, არც საქართველოსთვის იქნება ადვილი. ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას არ სურს ევროპასთან დაახლოვების ეკონომიკურ და სტრატეგიულ ამბიციებზე უარის თქმა, მაგრამ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაც", - წერს ჯუდი დემფსი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, შედეგები, შესაძლოა სერიოზული გამოდგეს თავად ევროკავშირისთვისაც. თუ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც უკვე დაზარალდა უკრაინის გადაწყვეტილებით, ეს ფატალური დარტყმა იქნება.

"თუ მოლდოვა და საქართველო მაინც მოაწერენ ხელს შეთანხმებას, ევროკავშირს მოუწევს სწრაფად იმოქმედოს რუსეთის ნებისმიერი ნეგატიური რეგირების მოგერიებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ორივე მხარემ რაც შეიძლება მალე უნდა შეასრულოს შეთანხმების სავაჭრო ასპექტები. გარდა ამისა, ევროკავშირი შეიძლება დაეხმაროს მოლდოვას რუმინეთის გზით მიიღოს ენერგორესურსები", - წერს ჯუდი დემფსი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც უზარმაზარი ინტერესი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება ვილნიუსის სამიტზე. მისივე განმარტებით, ეს დაინტერესება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გასულ კვირას სტამბოლში გამართულ ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიურ ენერგო-ეკონომიკურ სამიტზე.

როგორც ჯუდი დემფსი წერს, სომხეთის დელეგაციის წევრები კვლავ ცდილობდნენ შეგუებოდნენ რუსეთის ზეწოლის შედეგად, თავიანთი ხელისუფლების გადაწყვეტილებას - არ მოეწერა ხელი შეთანხმებისთვის ვილნიუსში. თურქმა დიპლომატებმა კი აღიარეს, რომ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რადგან ანკარა მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრობაზე. თუმცა, თავის მხრივ, თურქეთი გაწბილებული დარჩა უკრაინის გადაწყვეტილებით, რადგან მოწადინებული იყო, რომ მის მეზობელ ქვეყნებსა და თურქეთს ესარგებლათ აღმოსავლეთ პარტნიორობით. ვაჭრობის უკეთესი ხელმისაწვდომობა და საზღვრების უფრო ეფექტურად გაკონტროლება მთელი რეგიონისთვის იქნებოდა სასარგებლო.

"და მაინც, სტამბოლში გამართულ დებატებზე ყველაზე ცხადი ასპექტი ის იყო, კვლავაც მიმზიდველია თუ არა ევროკავშირი მისი აღმოსავლელი და კავკასიელი მეზობლებისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო მიზეზებს, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებსაც, სადაც ფასეულობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოცემული პოლიტიკური ზღვარი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა უკვე აღარაა საკმარისი, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან ეკონომიკური რესურსებით მანიპულირებას. ვილნიუსის სამიტის შემდგომი პერიოდი მოითხოვს ხელახლა იქნას გააზრებული, თუ როგორც მოახერხებს ევროპა ამ ნეგატიური გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას", - წერს ჯუდი დემფსი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა