რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის

რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის

დღეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის, - ამის შესახებ სააქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა წეროვანში განაცხადა, სადაც ამერიკული კუთხე გახსნა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს. დღეს არ არის ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო, რაც სამწუხაროდ ამ დღეებში ისევ ხდება. ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. მოგეხსენებათ, ჟენევაში მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ მოლაპარაკებების მიუხედავად ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაამუშაონ თავიანთი მიწები, მოინახულონ მეგობრები, წინაპართა საფლავები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომელიც ამ რეგიონში ხელოვნური ბარიერების აღმართვას გაამართლებს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა მობილური ბიბლიოთეკის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან მჭიდრო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დღემდე ეტყობათ ომის კვალი. ამ პროექტით გვსურს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ ახალ გარემოსთან შეგუება, მოვუტანოთ ამერიკული ბიბლიოთეკა, რათა მათ ამისთვის საკუთარი დასახლებიდან თბილისში გამგზავრება და საელჩოში ან თბილისის ამერიკულ კუთხეში მისვლა არ დასჭირდეთ. მობილური ბიბლიოთეკა საშუალებას გვაძლევს, ამ ადამიანებთან მივიტანოთ ამერიკული კულტურის ცენტრი, რომელიც მათ სთავაზობს ამერიკულ ფილმებს, წიგნებს, ინგლისური ენის გაკვეთილებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკული კუთხეები შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი პროექტია. როგორც აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, პროექტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას შეერთებული შტატების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელების გზით. ამერიკული კუთხეები საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის ღიაა, ხოლო კოლექციებით სარგებლობა უფასოა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა