თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მალე კიდევ ერთი - ტრიო "სიმის" ვარსკვლავი გაიხსნება. დაახლოებით 25-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ანსამბლს უამრავი სიმღერა აქვს შესრულებული და თითქმის ყველა მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის შემსრულებლებში: "წუხელ თოვდა", "კესანები", "თბილისური გაზაფხული", "შეხედე ცაა", "მე დღეს წვიმამ", "თუთა" და ა.შ. ტრიოს წევრები - რევაზ გელაშვილი, ზაზა ვეფხვაძე, ზურა ცქიტიშვილი თავიანთ მეგობრობასა და ანსამბლის მიერ განვლილ გზაზე გვესაუბრებიან.
რეზო:
- იმ საოცრებას, რომელსაც ქართული ფოლკლორი ჰქვია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვეზიარეთ. ასაკობრივი სხვაობის გამო, ჩვენ ვაჟთა სახალხო კაპელის წევრები სხვადასხვა დროს ვიყავით. ჩვენი ხელმძღვანელი იუზა კუპრეიშვილი იყო. მოგვიანებით, ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში გადავინაცვლეთ და შემდეგ, სიმღერის სიყვარულმა ერთმანეთს ტრიოს ფორმით შეგვახვედრა. ზურა ცქიტიშვილი საესტრადო ორკესტრში აქტიურად მოღვაწეობდა, შემდეგ თავის მეგობრებთან - გიგა ნასიძესთან და დათო ადეიშვილთან ერთად მღეროდა (ჩანაწერებიც არსებობს), ზაზა - ვასიკო დოლიძესთან და გია ხაფავასთან, მე კი ნუგზარ აფხაიძესთან და თამაზ ორჯონიკიძესთან ერთად. მოკლედ, ამ ტრიოებიდან ჩვენი ტრიო შევქმენით. თავიდან მე და ზაზამ მოვძებნეთ ერთმანეთი, მერე ბანი დაგვჭირდა და ზურას მივადექით, კასეტა მივუტანეთ, რომელზეც ოცზე მეტი სიმღერა იყო ჩაწერილი და შევთავაზეთ, - თუ ჩვენთან სიმღერის სურვილი გაქვს, იქნებ 1-2 თვეში შენი ხმა ისწავლო-თქო. ზურამ მეორე დღესვე დაგვირეკა: მოდით, მზად ვარო. ასე მოვდივართ უკვე 25 წელია. 1988 წლის დეკემბერი იყო, როცა ჩვენი ტრიო შეიქმნა.
- როდის გამოუშვით პირველი ალბომი?
- 1991 წელს "მელოდიაში" ჩავწერეთ, სულ რეტრო, ძველი და პოპულარული სიმღერები იყო ფილმებიდან; სცენაზე ახალი გამოსულები ვიყავით და ახალი სიმღერები არ გვქონდა. ახლა რამდენიც გინდა, იმდენია. ამის შემდეგ, კიდევ ხუთი ალბომი გამოვუშვით, ამჟამად კი, საიუბილეოდ, ორდისკიან "სიდი" ალბომს ვაკეთებთ "ბრავო რეკორდსთან" ერთად, სადაც ჩვენი პოპულარული სიმღერები შევა.
ზაზა:
- ჰიტები იქნება, ახლებურად გაჟღერებული. ერთ ალბომში მთელი ისტორიაა - ჩვენ მიერ შესრულებული სიმღერების არქივი, ნარჩევი, მეორეში კი ახალი სიმღერებიცაა და ძველიც, რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გავაჟღერეთ. საკონცერტო პროგრამაში ორკესტრიანი და სიმებიანი საკრავებით "გაარანჟირებული" სიმღერებია. ავთო შარვაძის ბოლო სიმღერა აღმოვაჩინეთ - "სიყვარულის ნაღველი" და ალბომში ისიც იქნება. სიმბოლურია, რომ მისი პირველი სიმღერა რეზომ შეასრულა და - ბოლოც. მერაბ ანდრონიკაშვილის, ოთარ რამიშვილის გაუჟღერებელი სიმღერები გვაქვს და ა.შ.
ზურა:
- ოთარ რამიშვილის ბევრი სიმღერა გვაქვს შესრულებული, ასევე, მარიკო კვალიაშვილის, მაცაცო სებისკვერაძის, მიშიკო ზაქარეიშვილის, ეკა თევზაძის, ქეთი გაბისიანის და ა.შ. თითქმის ყველასთან გვაქვს კავშირი, ახალგაზრდებთანაც ინტენსიურად ვთანამშრომლობდით.
- 1990-იანებში კონცერტებს სად ატარებდით?
ზურა:
- "გულანშაროში" ვიკრიბებოდით ხოლმე. პირველი კონცერტი სწორედ იქ გვქონდა. ნახევარსარდაფი იყო, პატარა კინოდარბაზი და ა.შ. თბილი საღამოები იმართებოდა, მეომრების ომში გაცილება, გამოფენები ეწყობოდა და ა.შ. ყველა ცნობილი ადამიანი იქ იყრიდა თავს.
ზაზა:
- სულ რაღაც, 50 კაცი მოდიოდა, ვინც შემოქმედებითად აზროვნებდა. იმ პერიოდში ფილარმონიასაც ბოქლომი ედო, ყველაფერი ჩამკვდარი იყო. ვისაც სიმღერა უნდოდა, საზღვარგარეთ გაიქცა. ჩვენ კი გენერატორს ვრთავდით და კონცერტებს ისე ვატარებდით. გაგვიჭირდა, მაგრამ გადავლახეთ, სიმღერის სიყვარულით. ნატო გელაშვილი ჩვენ თვალწინ დაიბადა, მის ყველა სიმღერას ჯერ ჩვენ ვმღეროდით და მერე გადიოდა ხალხში.
რეზო:
- ხალხის წინაშე პირველად რომ უნდა წარვმდგარიყავით, ფორმა ხომ გვჭირდებოდა, ჰოდა, ჩვენი მეგობარი - მამუკა ხაზარაძე ბიზნესსაქმიანობას მაშინ იწყებდა და კოსტიუმებისთვის თანხა გამოგვიყო - ბორდოსფერი პიჯაკები და შავი შარვლები შევიკერეთ, რომლითაც 10 წლის იუბილეზეც გამოვედით. ჩვენი ასევე უახლოესი მეგობარი და ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი - გოჩა ჩოგოვაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩად რომ დაინიშნა, მასთან ურთიერთობა აქაც გვქონდა და საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მიგვიწვიეს. არ დამავიწყდება, ფრანგები და ამერიკელები იყვნენ და ჩვენც მათთან ერთად გამოვედით.
ზაზა:
- განსაკუთრებით გვეამაყება, რომ სორბონის უნივერსიტეტში, სორბონის იუბილეზე, რიშელიეს დარბაზში კონცერტი-საღამო გვქონდა, სადაც არავის უმღერია არც მანამდე, არც - მერე, რადგან სიმღერისთვის არ იყენებენ, სიმპოზიუმებისა და დიდი დაჯილდოებების ცერემონიებისთვისაა... ერთადერთი შემთხვევა იყო და გვეამაყება, რომ გრანდ-ამფითეატრში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ნამღერი. ჩვენთან ერთად პარიზის ასკაციანი სიმფონიური ორკესტრი გამოვიდა: ერთ განყოფილებაში ჩვენ ვიყავით, მეორეში - ისინი.
რეზო:
- საოცარი მსმენელი იყო. არანაკლები ტაში დავიმსახურეთ, ვიდრე ორკესტრმა. ჩვენ ხუთნი ვიყავით, მაშინ ჩვენი ორი მეგობარიც წავიყვანეთ - თემურ თათარაშვილი და თემურ სიყმაშვილი, ხალხური საკრავებით გავახალისეთ პროგრამა. მაყურებლის აღფრთოვანება ქართული ფოლკლორის, იმ ზღვა მასალის დამსახურება იყო. შემდეგ გამოჩნდა ფრანგი პროდიუსერი, რომელმაც ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება ისურვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით და იმ პერიოდში ძალიან ბევრი ადგილი მოვიარეთ, მათ შორის, - საფრანგეთის მთელი პროვინციები და წლების განმავლობაში იქ ხუთასზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ. "ექსპო 96"-ზე დიჟონში, მსოფლიოს გასტრონომიულ გამოფენაზე ორ კვირაში 56 კონცერტი გავმართეთ და მილიონზე მეტმა ადამიანმა გვნახა. დილიდან საღამომდე ჩოხა და აზიურები გვეცვა. ბოლოს წნევამ ამიწია. ექიმი გადარეული იყო, - სცენაზე არ გახვიდეო, - და გაოცებული იქნევდა ხელებს, მაინც იქ რომ დამინახა.
- რატომ შეარჩიეთ სახელწოდება "სიმი"?
- როცა სიმღერა დავიწყეთ, ჩვენი მეგობარი - გია ჩეჩელაშვილი შეგვპირდა, - თქვენ გვერდით ვიდგები, რაც გჭირდებათ, დაგასპონსორებთო. გიტარებიც გვიყიდა და ა.შ. გიას ჰქონდა კომპანია, რომელსაც "სიმი" ერქვა და როცა ჯერი სახელზე მიდგა, - ბარემ "სიმი" დავარქვით, ინსტრუმენტთანაა დაკავშირებული, აკაკის ლექსი - "ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო", - მოკლედ, მოგვეწონა. სამწუხაროდ, გია გარდაიცვალა და თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდა, მაგრამ სახელი დაგვრჩა.
- სიმღერის წყალობით ალბათ ბევრი მეგობარი შეიძინეთ, არა?
რეზო:
- უამრავი. ისეთი ადამიანები შევიძინეთ, რომელთათვისაც გათენება ღირს და საღამოს ელოდები, რომ ნახო და ჩაეხუტო, "იმედის" კაცები და ჩვენი ოჯახები, ვინც ჩვენ გვერდით არიან ყოველთვის.
- პოლიტიკოსებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? როგორც ვიცი, დავით საგანელიძის შვილის ნათლია ბრძანდებით.
- რამდენიმე მეგობარი გვყავს, მაგრამ მათთან პოლიტიკოსობის გამო არ ვმეგობრობთ; როგორც ადამიანებთან, ისე გვაქვს ურთიერთობა, ნათელ-მირონობა, თითქმის სისხლის ნათესაობა და ა.შ. დათოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის ჩვენი ძმაა. პოლიტიკას რომ თავი დაანებოს, შეიძლება, სიმღერა დაიწყოს (იცინის). მე მისი პატარა ქალიშვილის - ელენიკოს ნათლია ვარ. ამ ზაფხულს ონში სამივე ვიყავით, კარგი დრო გავატარეთ. ელენიკო იქ მოვნათლეთ და ქართულად აღვნიშნეთ. ზაზაც და ზურაც ამ დროს ზღვაზე ისვენებდნენ, მაგრამ ოჯახები დატოვეს და იქ ჩამოვიდნეთ. სხვათა შორის, ზაზას ბიჭის ნათლიაც ვარ.
- როგორ გაიცანით ბატონი დათო?
- მამუკა ხაზარაძემ გაგვაცნო. ისინი ნათესავებიც კი არიან. სუფრასთან ორივე მშვენივრად მღერის, მამუკასაც "სტუ"-დან ვიცნობდით. დათოს რამდენჯერმე სუფრასთან რომ შევხვდით, დავმეგობრდით. როგორ შეიძლება, ნახო და არ მოგეწონოს ასეთი მართალი და დასაყრდენი ადამიანი, რომელიც ქართულ ტრადიციებზე გიჟდება?! იმ ტვირთის აწევა, რასაც მეგობრობა ჰქვია, თავისუფლად შეუძლია.
ზაზა:
- დათო ნამდვილი ქართველია, გულანთებული. მას უყვარს ქვეყანა, ოჯახი, სიმღერა და ა.შ. ის ჩვენი მეგობარი და ფანტასტიკური პიროვნებაა.
- წლების განმავლობაში ბევრი სახალისო ამბავიც გადაგხდებოდათ თავს. გვიამბეთ რამე.
ზურა:
- მოკლედ, ახალი "აკრეფილი" გვაქვს ეს ჩვენი სიმღერები და აჭარაში წავედით. მოგეხსენებათ, მაშინ ჩოლოქზე აჩერებდნენ და შემოწმება უნდა გაგვევლო. ღამე იყო, საბუთები მოგვთხოვეს, - ვინ ხართ, სად მიდიხართო? მთლად წესრიგში არ გვქონდა ყველაფერი და ამ "გაგვატარე-არგაგიშვებთ" სიტუაციაში ვიყავით, რომ გავიხედე და პატარა ტელევიზორი ედგათ, სადაც საესტრადო კონცერტი მიდიოდა და ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ჩვენ ვმღეროდით. ჩვენი ახლობელი ეუბნება, - წესიერი ხალხი ვართ, აგერ, ტელევიზორს შეხედე, ესენი მღერიანო. მილიციელმა შემოგვხედა, მერე ტელევიზორს შეხედა და გვკითხა, - ოთხი გია ხართო? "ოთხი გია" ისეთი პოპულარული იყო აჭარაში, მგონი, "ბითლზი" არ იყო ეგრე ინგლისში (იცინის).
ზაზა:
- გია მაჭარაშვილი "პროფილაქტიკაში" შევიდა და ერთი მუშაკი ეკითხება მეორეს, - იცანიო? - კიო. - ვინააო? - გენოა, ნადირაშვილიო. ასეთი ვარიანტია, რა... ერთხელ, ერთმა მეგობარმა გვკითხა, "ოთხ გიაში" რომ ღარიშვილია, რა ჰქვია სახელიო? უცებ ვერ გაიხსენა (იცინის). თემურ სიყმაშვილი კახელია და კომუნისტების დროს, როგორც იცოდნენ, გასტროლზე რომ მივდიოდით, ღვინო, არაყი, საჭმელ-სასმელი მიგვქონდა, არადა, იქ ხომ ყველაფერი იყო. მოკლედ, საფრანგეთში ყოფნისას, ყველაფერი რომ ამოალაგა, სიჩქარეში ჭაჭა თავღია დაუტოვებია და მთლიანად ნოხზე დაქცეულა. საღამოს რომ მოვედით, სასტუმროზე ლენტი იყო შემოკრული, არავის უშვებდნენ. მაშინ ალჟირელები ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ მეტროებში და ეგონათ, რაიმე ქიმიური ნივთიერება იყო გაშვებული. მერე რომ შევედით, არყის სუნზე მივხვდით, რაშიც იყო საქმე (იცინის).
- სიმღერის გარდა, რას საქმიანობთ?
რეზო:
- სიმღერის გარდა, ვცდილობდით, ჩვენი სპეციალობებითაც გვემუშავა. ზაზა დროებით უმუშევარია, მე "თბოელექტროცენტრალში" ვმუშაობ, ზურა კი - ბანკში, სამეურნეო განყოფილებაში.
ზაზა:
- "თელასში" ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, მაგრამ გამომიშვეს, სხვათა შორის - ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, მაგრამ არ არის პრობლემა, ყველაფერი კარგად იქნება.
- რას ნიშნავს თქვენთვის ტრიო "სიმის" "ვარსკვლავის" გახსნა?
ზაზა:
- მთელი ამ წლების დაფასებაა. როცა შენს ჭაპანს ეწევი და დაგაფასებენ, შემოგთავაზებენ, - სურვილი გვაქვს, თქვენი ვარსკვლავი გაიხსნასო, ეს მიღწევაა, ყველაზე მაღალი საფეხურია. ეტყობა, ცუდად არ გვიცხოვრია.
ზურა:
- "ვარსკვლავი" სიმბოლური რამ არის, ჩვენთვის მთავარი ჯილდო - ხალხის სიყვარულია, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. სიამოვნება რამდენიმე კაცსაც რომ მივანიჭოთ, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია.
რეზო:
- ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ თქვან - ეს ის არ არის, "ვარსკვლავი" რომ გაუხსნეს, რაებს აკეთებს, როგორ იქცევაო?!. "ვარსკვლავის" გახსნა საპასუხისმგებლოა და რა თქმა უნდა, სასიხარულო. დიდი მადლობა ამისათვის!
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)