"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ

"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრძალება ცივი იარაღის ტარება. კერძოდ, ცვლილებები ეხება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს"და ცვლილების თანახმად, პირი 200 ლარით დაჯარიმდება, თუ მას თან ექნება ცივი იარაღი, ხოლო განმეორებით მსგავსი ქმედების ჩადენის დროს პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ან მას 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ინიცირებულ კანონპროექტში მითითებულია ის გარემოებებიც, რომლის თანახმადაც პირს ცივი იარაღის ტარების დროს სანქცია არ დაეკისრება. ერთ-ერთი ასეთი გარემოება ნაციონალური სამოსის ტარებაა, როდესაც ცივი იარაღი ამ სამოსის ნაწილია.

თუმცა, შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს შეკითხვები გააჩნიათ. მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს აინტერესებს, რა შეიძლება ითქვას ისეთი სიტუაციების დროს, როგორიც რამდენიმე დღის წინ პუშკინის სკვერთან მოხდა, სადაც ტრადიციულ ჩოხებში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა შელაპარაკებისას ხანჯლებით ძმები დაჭრა.

ეს ინციდენტი 24 ნოემბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩოხოსნები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ერთ ძმას ჭრილობა თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორე ძმას ცხვირის მარჯვენა ნესტო აქვს მოკვეთილი.

ტრადიციული ეროვნული სამოსის ნაწილის, ხანჯლის ტარების აკრძალვის იდეის წამოყენებას პარლამენტში კამათი მოჰყვა. ვახტანგ ხმალაძეს უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია შეეკამათა. იგი მიიჩნევს, რომ ამ ლოგიკით სუფრაზე სასმელის მინის ბოთლებით მიტანაც უნდა აიკრძალოს, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქორწილში ადამიანისთვის თავში ბოთლი ჩაურტყამთ. ბუკიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს მიმართა და უთხრა, რომ შეუძლია აჩვენოს იმ ადამიანთა საფლავები, რომლებიც თოხის თავში ჩარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

კანონპროექტის ინიციატორის, შს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას განმარტებით, ერთადერთი, რის გამოც აღნიშნული გამონაკლისის დაშვება მოხდა ინიცირებულ კანონპროექტში, არის ქართული ტრადიციისა და ეროვნული სამოსის ატრიბუტიკის გათვალისწინება.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ჩოხოსანთა ინციდენტის შესახებ სასაუბროდ, "რეზონანსი" "ჩოხოსან რაინდთა დასის"თავმჯდომარე გოგი დოლიძეს დაუკავშირდა.

იგი მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ნაციონალური ტანისამოსის შემადგენელი ნაწილის აკრძალვა.

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სანქციის დაწესება ხანჯლის ტარებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია უკვე რვა წელია, რაც იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და ამ ხნის განმავლობაში არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია ჩვენი ორგანიზაციის არცერთ წევრს.

"გამორიცხულია, ხანჯლის ტარება აგვიკრძალონ, მსგავს კანონს არ მიიღებენ. ქართველ კაცს ჩოხის ჩაცმას ვერ აუკრძალავენ", - აცხადებს "რეზონანსთან"საუბრისას გოგი დოლიძე.

"რეზონანსთან" საუბარში იგი პუშკინის სკვერთან მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მისი თქმით, ეს არ ჩაუდენიათ "ჩოხოსან რაინდთა დასის" წარმომადგენლებს.

"ამ ინციდენტიდან მეოთხე დღე გადის და მე არავინ დამკავშირებია. ჩემი ჩოხოსნები რომ ყოფილიყვნენ, აქამდე შემატყობინებდნენ. პოლიციელი და ჯარისკაციც სჩადიან დანაშაულს სამსახურებრივი იარაღით, მაგრამ შემდგომ ვინმე ართმევს მათ ამ იარაღს?!

"ინციდენტისგან დაზღვეული არავინაა, შეიძლება ქუჩაში გავიდეთ და კრამიტი დაგვეცეს. ყველამ "თავისი ჩოხოსანი" უნდა გააფრთხილოს და თავიდან ავირიდოთ მსგავსი ფაქტები. გარდა ამისა, რამდენი ვინმე გაივლის ჩოხით, ყველა "ჩოხოსანი" ვერ იქნება. დღემდე არ იძახიან იმათ სახელებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა - რა ვიცით, იქნებ ჩვენი სახელის შესაბღალად გაკეთდა ეს...

"ასე რომ, ამ ინციდენტიდან გამომდინარე, ხანჯლის ტარების აკრძალვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სისულელეა და მეტი არაფერი", - აცხადებს გოგი დოლიძე.

ბესო კუნელაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია