ბათუმის ნავსადგურთან მდებარე ჭაჭის შადრევნის მომხმარებლები ადრე თუ ტურისტები იყვნენ, სეზონის შემდეგ სურათი შეიცვალა და "ჭაჭის გადმოსვლას" მხოლოდ ალკოჰოლის მოყვარულები ელოდებიან. "უფასო ჭაჭა ბათუმში", - პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან მილიონ 70 ათასი ლარი დაიხარჯა. "ამბები.გე" დაინტერესდა, რა გრაფიკით მუშაობს შადრევანი და რა რაოდენობის ჭაჭა იხარჯება.
შადრევნის მოპირდაპირედ მდებარე კაფეების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ზაფხულში შადრევანთან რიგები იდგა და არყის მოყვარულები ხშირად ბოთლების თხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი გრძელი რიგი აღარ შეუნიშნავთ.
ჭაჭის შადრევნის მიმდებარე კორპუსში მცხოვრები 19 წლის მარი აღნიშნავს, რომ ერთხელ თვითონაც მივიდა ჭაჭის დასაგემოვნებლად, თუმცა შადრევნის გარშემო შექმნილი სიტუაცია არ მოეწონა და ტერიტორია მალევე დატოვა: "ჩემი აზრით ლოთების თავშესაფარი უფრო არის, ვიდრე ტურისტების ინტერესის ობიექტი. მხოლოდ ერთხელ მივედი, მაინტერესებდა როგორი ჭაჭა იყო... ალკოჰოლის მოყვარულები ჩხუბობდნენ, ერთმანეთს რიგის დაუცველობაში ადანაშაულებდნენ", - ამბობს მარი.
შადრევანი ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაქსის მძღოლი, რომელიც შადრევნის მიმდებარედ ჩერდება, ამბობს, რომ თურქ ტურისტებს შენობა მეჩეთი ეგონათ: "გუმბათები და წვეროები აქვს ჭაჭის შადრევანს. თურქებმა ჩამოიარეს, მეჩეთი ეგონათ და შესვლა დააპირეს, თუმცა კარი ჩაკეტილი იყო. მიმიკებით ავუხსენი, რომ ალკოჰოლური სასმელის სახლი იყო, გაოცებული სახით მიყურებდნენ"....
ბათუმის ჭაჭის შადრევანი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში მდებარე კოშკის ანალოგია.
"ამბები.გე" არკვევდა, მაშინ, როცა ქალაქში ტურისტები არ იმყოფებიან, მუშაობს თუ არა ობიექტი. შადრევნის მიმდებარედ ქუჩის გამოკითხვის დროს 16 რესპონდენტიდან, ერთმა დაადასტურა, რომ კვირას 17:00 საათზე ჭაჭის შადრევანი 5 წუთით ჩაირთო, რა დროსაც ბოთლი ჭაჭით გაავსო და მეგობრებთან ერთად იქეიფა.
შადრევნის მუშაობას ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური სამსახურის უზრუნველყოფს. აღნიშნული უწყების მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გოჩა მჟავანაძე განმარტავს, რომ შადრევნის მუშაობა ტურისტული სეზონის შემდეგაც არ შეფერხებულა. მისივე განმარტებით, არყის მოყვარულებს ტურისტულ სეზონზე შაბათ-კვირას 19:00 საათზე 10 წუთის განმავლობაში შეეძლოთ ჭაჭის დაგემოვნება, ხოლო სეზონის შემდეგ მხოლოდ კვირა დღეს 17:00 საათზე ირთვება:
"ბოთლებს ლოთები ითხოვდნენ და შეძლებისდაგვარად, ისინი მივიყვანეთ იმ შეგნებამდე, რომ არ შეიძლება ბოთლით წაღება, რომ უნდა დაელიათ ადგილზე. ჭიქებით ჩვენ უზრუნველვყოფდით. ობიექტი ნამდვილად მუშაობს, 24 ნოემბერს ხალხის სიმრავლის გამო 8 წუთის განმავლობაში იყო ჩართული", - აღნიშნა გოჩა მჟავანაძემ.
ჭაჭის შადრევანი 2012 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა. ობიექტი 4 000 ლიტრი ჭაჭით მომარაგდა, ამ დროისთვის კი ბათუმის მერიის საწყობში 1 500 ლიტრამდე ჭაჭაა დარჩენილი. ჯერჯერობით, გაურკვეველია, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თუ არა ჭაჭის შადრევნის მომარაგებისთვის ფინანსები.
ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge