საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მისი აღმატებულება "მრევლი!"

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მისი აღმატებულება "მრევლი!"

კულტურული პრობლემა! ტრადიციების შეურაცხყოფა, მათ შეუსრულებლობაზე მეტად, მათი ფორმალური დაცვაა... ტაძარში დაჯდომაზე ფიქრს მირჩევნია, სახლში ფანჯრებთან ვილოცო... სამწუხაროდ, ეს დღევანდელი დღეა...

ვდგავარ ადგილზე, რომელსაც ბავშვობიდან ვენდობი და ვეღარ გამიგია, ზეთისცხებაა თუ - პურის რიგი.

დღესასწაულები ჩვენში აღარ პასუხობენ სახელს, ამბიონიდან წივილ-კივილით აღებული წყალი გზაში კარგავს ღვთაებრიობას! "აბგონით" აღებული სეფისკვერიც ჩვეულებრივი პურია...

აღსარება - როგორც "პატაკი", გადასწრებით მიღებული ზიარება, ხმაურის გამო შეწყვეტილი სახარება და სხვ. ეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის "მრევლია", მთელი თავისი დეკადანსით... კვირის წირვაზე სიარული მასისთვის პერმანენტულობად ქცეულა და "მორწმუნეს" სახელიც ერთგვარი პრესტიჟია.

... მე ვიდექი შობის ღამეს და მრცხვენოდა, რომ ლიტურგიაზე უკეთ ხალხის საუბარი და ერთმანეთის მიმოკითხვები მესმოდა. წირვა ჰგავდა საპარლამენტო სხდომის ჩოჩქოლს და ზეთისცხების რიტუალი - 90-იანი წლების პურის რიგს! მწუხრს, მოძღვრის მიერ უფლის დიდების პარალელურად, "ამკობდა" რეპლიკები: "ჩუმად, წირვაა..." "ნუ საუბრობთ!" "მოუსმინეთ მამაოს" და სხვა...

მოგვიანებით ყველაზე პატარა ტაძრებშიც კი საჭირო გახდა გაძლიერებული დინამიკების დაყენება და "პეტლიჩკები" ანაფორაზე, მაგრამ მაინც ხშირად ისმოდა "სუ..."

ბევრჯერ შევსწრებივარ სეფისკვერის ასაღებად რამდენიმეჯერ გაწვდილ ერთსა და იმავე ხელს. პატარაობისას მეგონა, თუ ორ ლექსს ვიტყოდი, თოვლის ბაბუა ორ საჩუქარს მომცემდა... ...და ტაძარი ხალხით მართლაც ემსგავსება ერთ დიდ საბავშვო ბაღს, ჩვენ - უდიერ და ურჩ ბავშვებს, რომლებსაც ურთიერთსიყვარულზე ქადაგება სახლამდე ვეღარ მიჰყვებათ და გზაში ეკარგებათ ქრისტე.

ვიღაცა ჩამომართმევს სათქმელს განკითხვად; ვიღაც მიხვდება, რომ ეს პამფლეტი დეკადენტობა კი არა, დაღლილი მხილებაა, უკეთესობისაკენ შეცვლის მქრქალი იმედი და დაჭყეტილი თვალებიდან გამოჟონილი სიბრაზე. მოწიწება? ეს ის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც წარსულში დარჩა და ალბათ ამიტომ ხდება საჭირო, ჯვარზე მთხვევის რიგის სტიქაროსნებით გამაგრება.

ასე რომ, ხშირია სტიქარიანი "სექიურითის" გაოცებულ-განერვიულებული სახე.

გამარჯობა! მე მორწმუნე ვარ, ზიარების მერე სიგარეტს ვეწევი და სამარხვო ყველს ვჭამ!..

ერთხელ ჩემი უბნის ეკლესიაში ხატებს არიგებდნენ, მაგრამ ეს უფრო აქციას ჰგავდა ან გრანდიოზული ფასდაკლების პირველ დღეს. მასის მოწოლილმა ინერციამ გოგო წააქცია. მიშველება კი არა, ემპათიური გამომეტყველებით ლამის ზედ გადააბიჯეს.

კიდევ ორს გული შეუწუხდა. ხმაური სახლამდე აღწევდა. "მრევლს" დაავიწყდა მიზეზი, რისთვისაც იყო მისული. მაინტერესებს, სად და რატომ დაკიდებენ გაწევ-გამოწევაში, კოლონიალურად "წართმეულ" ხატებს. ამ დაბღვერილ სახეებს ერქვა "გიყვარდეს მოყვასი შენი"?..

ნუთუ ისე გეჩქარებათ "მადლის" აღება, რომ ფიზიკურ ზეწოლამდე ცოტა გაკლიათ? ნუთუ ისე "გიყვართ" ღმერთი, რომ ზიარებისას ბარძიმს ეტაკებით ლამის... ირგვლივ ვიყურები და მეშინია, ვინმე მავანმა ეს ყველაფერი არ გადაიღოს... ისედაც მიზანში ამოღებულ დედა ეკლესიას კიდევ ერთხელ არ დაარტყან "გარეშეებმა", თუმცა ვინ ვართ ჩვენ, "შიგნითურები"?

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია