როგორი ურთიერთობა ექნება მარგველაშვილს მედიასთან

 როგორი ურთიერთობა ექნება მარგველაშვილს მედიასთან

საქართველოს პრეზიდენტს ექნება აბსოლუტურად ღია ურთიერთობა ყველა მედიასაშუალებასთან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტმა სტატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის რესტუქტურიზაციის შემდეგ ყველა ნახავს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ურთიერთობა მედიასთან იქნება განსაკუთრებული, ღია და გამჭვირვალე. მისივე განმარტებით, პრეზიდენტისა და მედიის ურთიერთობის ფორმატი შემუშავების რეჟიმშია და შესაძლოა დიდი პრესკონფერენციების სიხშირე ისეთი არ იყოს, როგორც პრემიერ-მინისტრს ექნება, თუმცა გიორგი მარგველაშვილი მედიასთან შეხვედრებს, პრესკონფერენციებს და ინტერვიუებს გამართავს.

რაც შეეხება შეკითხვას, ვინ იქნება პრეზიდენტის პრესსპიკერი, შალვა რამიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციის ფორმირების დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს. მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის ფორმირება სავარაუდოდ, 20 დეკემბრამდე დასრულდება.

"ჩვენ არ დავიწყებთ მედიასაშუალებების გამოყოფას რაიმე ნიშნით, რადგან ეს დამღუპველი ტაქტიკაა, რომელსაც ახორციელებდა წინა ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი იქნება მაქსიმალურად ღია. ჩვენ გვაქვს ასეთი დავალება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მედიასთან ღიაობის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შევძლოთ", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში თანამშრომლების ნაწილი კვლავაც განაგრძობს მუშაობას, ხოლო მათ ვისაც არ ესახებოდა ახალ პრეზიდენტთან მუშაობა, დაწერეს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ასევე, შალვა რამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს პრეზიდენტის საიტის რეკონსტრუქცია და მოგვიანებით არქივის განყოფილებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ყველა დოკუმენტი განთავსდება.

ადმინისტრაციის კონსულტანტმა სტრატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნით საქართველოს პრეზიდენტმა ნათლად თქვა, თუ როგორი იქნება აღნიშნული კომისიის მუშაობის პრაქტიკა. რამიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს არაჯანსაღ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის, ახლახან გასამართლებულ ძებნაში მყოფ და მძიმე ბრალდებების მქონე პირებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთი ხელის მოსმით კომისიის გარეშე იწყალებდა, რაზეც შალვა რამიშვილის განცხადებით, კომისიის რამდენიმე წევრს ხანდახან ჰქონდა მოკრძალებული პროტესტი. შალვა რამიშვილმა ლაშა ბუღაძეს მადლობა გადაუხადა. მანვე, მადლობა გადაუხადა მეუფე თეოდორეს, გივი შახნაზარსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, რომლებიც შეწყალების კომისიის შემადგენლობაში დარჩნენ. შალვა რამიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ყაიდების შეწყალებების ტაქტიკა, რა თქმა უნდა, არ იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა