მეტეოდამოკიდებულება - როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს?

მეტეოდამოკიდებულება - როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს?

დღემდე ვერავინ შეძლო ადამიანებზე ამინდის ზემოქმედების მექანიზმის ახსნა, მაგრამ ერთ რამ უდავოა - რაც უფრო მეტი პრობლემა აქვს ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ, მით უფრო ადრე იწყებს ამინდის "პროგნოზირებას". "მშფოთვარე" გეომაგნიტურ ფონს (მაგნიტურ ქარიშხლებს) დღეს მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა შეიგრძნობს. მაგნიტურ ქარიშხლებზე შედარებით ჯანმრთელი ადამიანები რეაგირებენ მსუბუქი თავის ტკივილით, სისუსტით ან გაღიზიანებადობით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონეთა რეაქცია გაცილებით სერიოზული შეიძლება იყოს. მაგნიტური ქარიშხლების დროს თითქმის ორჯერ იმატებს ინფარქტებისა და ინსულტების რიცხვი. ამიტომ გულით ავადმყოფებს ასეთ დღეებში მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

ჰაერის ტენიანობის გაზრდას ძნელად იტანენ სახსრების დაავადების მქონე ადამიანები. არის შემთხვევები, როცა თითების, იდაყვების, მუხლების სახსრები რამდენიმე დღით ადრე "გრძნობენ" ნალექის მოახლოებას და ეხმაურებიან მას ტკივილითა და მოძრაობის დროს შებოჭილობით. მაღალი ტენიანობა და ჟანგბადის დეფიციტი ასევე ნეგატიურად მოქმედებს გულით დაავადებულ ადამიანებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეტეოდამოკიდებულება არ იკურნება, მისი სიმპტომების შემცირება მაინც შესაძლებელია. ორგანიზმი ისე მძაფრად არ გამოეხმაურება ამინდის მეტამორფოზებს, თუ შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა ამინდის ცვალებადობა უფრო ხშირია, მივიღებთ ადაპტოგენებს. მაგალითად - ჟენშენი, ლევზეია, ჩინური ლიმონიკა. სასარგებლოა ასევე ვიტამინები, განსაკუთრებით - C,E და B ჯგუფის. თუ ამინდის ცვალებადობა იწვევს თქვენში ძლიერ თავის ტკივილსა და რეაქციების დაქვეითებას, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, მაგრამ მათი დალევა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. რადგან მეტეომგრძნობელობის სიმპტომები იმატებს დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია იმუნიტეტის დაქვეითების გამომწვევი დაავადების მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში მეტეოდამოკიდებულობის შანსი გაიზრდება. ჯანმრთელი ადამიანები ხომ თითქმის ვერ გრძნობენ ამინდის ცვალებადობას.

მნიშვნელოვანია კვებაც. მენიუში უნდა შედიოდეს ზღვის კომბოსტო, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, წვენები, ახალი მწვანილი, ნიგოზი, ნიორი, ხახვი, თაფლი. ხოლო უსიამოვნო დღეებში შეეცადეთ, ჭამოთ ნაკლებად ცხიმიანი და ცხარე. მიიღეთ გემრიელი და ჯანსაღი საკვები.

ყველა მეტეომგრძნობიარე ადამიანმა, ამინდის ცვალებადობის მძიმე დღეებში უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

შეძლებისდაგვარად უარი თქვას მძიმე ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომაზე;

შეეცადოს, თავი აარიდოს კონფლიქტურ სიტუაციებს;

დღის განმავლობაში გამონახოს დასვენების დრო;

დიდხანს იყოს სუფთა ჰაერზე, მაგრამ მზის ქვეშ - არა;

ექიმის მიერ დანიშნული წამლები მუდამ თან ატაროს და დროულად მიიღოს.

სამკურნალო ფიზკულტურა თავის ტკივილის დროს

თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, მაშინ გამონახეთ რამდენიმე თავისუფალი წუთი, განმარტოვდით და შეასრულეთ ვარჯიშების მცირე კომპლექსი.

დაჯექით სკამზე გამართულად (ზურგი უნდა გქონდეთ გასწორებული, თავი კი თავისუფლად, დაძაბვის გარეშე). სიმძიმის ძალის მოქმედებით დახარეთ თავი მკერდისკენ. ამ მდგომარეობაში 12 წამი გაჩერდით. შემდეგ შეისვენეთ ნახევარი წუთი და ხელახლა დახარეთ თავი, 20 წამით. გაიმეორეთ ვარჯიში 15-16-ჯერ.

სურვილისამებრ, დაჯექით სკამზე ან ფეხზე დადექით და ხელის მტევნები მიიტანეთ თავთან. ცერა თითები მიაჭირეთ ყვრიმალების მორჩს, დანარჩენი თითებით მოეჭიდეთ კეფას. აიხედეთ ზემოთ. ჩასუნთქვაზე 10 წამის განმავლობაში შეეცადეთ, გადასწიოთ თავი უკან, მაგრამ კეფაზე მოჭიდული თითებით ამ მოძრაობას წინააღმდეგობა გაუწიეთ. ამოსუნთქვაზე კი 6-8 წამის განმავლობაში დაიხედეთ ქვემოთ. მაქსიმალურად დახარეთ თავი მკერდთან და გაჭიმეთ, მაგრამ არ დაძაბოთ კისრის კუნთები. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

ხერხემლის კისრის ნაწილის პრობლემებიდან მომდინარე, თავის ტკივილის მოსახსნელად შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: დაჯექით სკამზე, ერთი ხელით მოეჭიდეთ თავს ზემოდან იმ მხრიდან, საიდანაც ტკივილი მოდის. საჩვენებელი თითი უნდა გქონდეთ დაახლოებით ყურის დონეზე. მცირე ძალით შეეცადეთ, მოატრიალოთ თავი ჯანმრთელ მხარეს. თავისუფალი ხელისგული ამოიდეთ ნიკაპსა და ლოყაზე. ჩასუნთქვაზე 10 წამის განმავლობაში იყურეთ ქვემოთ და თან მიაჭირეთ ხელისგულს ნიკაპი (ანუ წინააღმდეგობა გაუწიეთ ნიკაპს, ქვემოთ რომ არ დაიწიოს). ამოსუნთქვაზე, 6-8 წამის განმავლობაში მოდუნდით და იყურეთ ზემოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-6 ჯერ.

ექიმი ნინო ჩარგეიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია