საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში" მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს სამუშაო სადილზე სიტყვით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როგორი განწყობა აქვს, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა - "ბედნიერი ვარ".
"ჩემთვის, როგორც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში თქვენს გვერდით ყოფნა. საქართველო მადლობას უხდის ევროკავშირს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში.
ჩვენ, ქართველებმა ვიცით, რომ ვართ ევროპელები, მაგრამ ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, არ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მიგვეღო ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭრს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს.
"ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება.
ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებები ყველაზე მეტად ეფუძნება სწორედ საერთო ფასეულობებს:
• კანონის უზენაესობა;
• ადამიანის უფლებების დაცვა;
• პასუხისმგებლობის მქონე და გულისხმიერი მთავრობა;
• მდგრადი, საბაზრო მოთხოვნებზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია სოციალურად ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანების დაცვაზე.
ჩვენი ერთგულება ამ ფასეულობების მიმართ ცალსახაა. ეს დადასტურდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც მოხდა ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაბარება; ასევე თავისუფალი და სამართლიანი, ევროპული სტარნდარტების შესაბამისი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით, რომლის დროსაც ჩვენმა ამომრჩეველმა მმართველი ძალა მშვიდობიანი გზით შეცვალა.
ამ არჩევნებმა დაამტკიცა, რომ საქართველო გასცდა პოსტსაბჭოთა ეპოქას და ახლა პოლიტიკური სიმწიფისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში იმყოფება. ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ ველოდებით, რომ შესრულდება ამ სამიტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.
საგულისხმოა, რომ სამიტის შემდეგ ჩვენი ყველაზე დიდი მოლოდინია:
• ასოცირებული წევრობის ხელშერულების ხელმოწერა, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
• პროგრესის მიღწევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ სივრცეზე.
• ევროპული სამზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში, რეფორმებისა და განვითარების პროექტების თანაინვესტირება;
• სავიზო რეჟიმის გამარტივება და, საბოლოოდ, უვიზო რეჟიმზე გადასვლა;
• თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის მიმართულებით;
ო ხვალ ხელს მოვაწერთ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე;
• ენერგოტრანზიტული ქვეყნის რანგში - თანამშრომლობა ევროპის ენერგოუსაფრთხოების იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც გულისხმობს კასპიის რეგიონის დაკავშირებას ევროპასთან; ასევე გაერთიანება ევროპის ენერგოსაზოგადოებასთან.
ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი ცხადად დაუჭერს მხარს ჩვენს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გარე წნეხის პირობებში", - აღნიშნა ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
გუშინდელი ოფიციალური სადილით პრეზიდენტმა 28 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრები დაასრულა.
დღეს გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლენარულ სესიაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის მიმართვა დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდება.